Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაფსანჯანისა და აჰამდინეჯადის პორტრეტები


24 ივნისს ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ დგანან აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი და მოჰამად აჰმადინეჯადი.



თავისი მეტიქისგან განსხავებით რაფსანჯანი ირანის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი ფიგურაა.

რაფსანჯანი, რომელიც შედარებით ზომიერი, საშუალო რანგის სასულიერო პირი გახლავთ, სათავეში უდგას ძლევამოსილ მიზანშეწონილობის საბჭოს, რომელიც შუამავლის როლს თამაშობს პარლამენტსა და არაარჩევით რელიგიურ ორგანოს, გუშაგთა საბჭოს შორის. ამავე დროს ის არის ე.წ. ექსპერტთა ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე. ეს ორგანო ირანის უზენაეს ლიდერს ირჩევს.

70 წლის რაფსანჯანიმ მიმდინარე კვირაში თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი რეფორმებს შეუწყობს ხელს.

[რაფსანჯანის ხმა] "თუკი მასმედია, დიქტორები, მწერლები და სტუდენტები კანონის ფარგლებში მოქმედებენ, ჩემის აზრით, მთავრობის - ნებისმიერი მთავრობის - ამოცანაა სცნოს სიტყვის თავისუფლების სფეროში უფლებები და არ ჩაახშოს მათი აზრი."

სტუდენტთა კომიტეტის სპიკერმა, ფარჰანგ ნადერიმ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ 1989-97 წლებში პრეზიდენტობის დროს რაფსანჯანიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეფორმების ინსტიტუციონალიზაციის საქმეში.

[ნადერის ხმა] "რაფსანჯანის რვაწლიანი პრეზიდენტობის მანძილზე ირანის მთელი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა გამოიცვალა. და ამ ეკონომიკურმა რეფორმებმა გზა გაუხსნა რეფორმისტული მთავრობის ჩამოყალიბებას ამჟამინდელი პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის მეთაურობით."

მაგრამ ზოგიერთ მიმომხილველს ეჭვი ეპარება იმაში, რომ რაფსანჯანი რეალური დემოკრატიული ცვლილებების გატარებას შეძლებს ირანში. ზოგნი იმასაც იხსენებენ, რომ რაფსანჯანი დისიდენტების მკვლელობებთან იყო დაკავშირებული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუკი იგი დემოკრატიის ერთგულია, ამის დამტკიცება მას აქამდეც შეეძლო.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, რაფსანჯანი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, ასევე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტას ჰპირდება ამომრჩევლებს.

ამჟამინდელი პრეზიდენტი ხათამი არ მალავს, რომ რაფსანჯანის უჭერს მხარს. პოლიტიკური ძალაუფლება იმათ ხელში უნდა აღმოჩნდეს, ვინც მშვიდობის დასაცავად იბრძვის და არა იმათ ხელში, ვინც საფრთხეს უქმნის დემოკრატიასო, თქვა ხათამიმ რამდენიმე დღის წინ.

ახლა რაც შეეხება პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს, თეირანის მერს, მეჰდი აჰმადინეჯადს. მისი მხარდამჭერების თქმით, აჰმადინეჯადი ხალხის ინტერესებს იცავს და კარგი ადმინისტრაციული უნარით გამოირჩევა.

მას უმწიკვლო რევოლუციური კარიერით შეუძლია დაიკვეხოს. იგი სტუდენტთა ისლამური საზოგადოების ერთ-ერთ დამაარსებლად ითვლება. ირან-ერაყის ომის დროს ირანის რევოლუციურ არმიაში იყო და, როგორც ამბობენ, გასაიდუმლოებულ ოპერაციებში მონაწილეობდა. მას დისერტაცია აქვს დაცული სამოქალაქო საინჟინრო სფეროში.

აჰმადინეჯადი პოლიტიკაში საკმაოდ უცნობი იყო და, ამდენად, შოკი გამოიწვია არჩევნების პირველ ტურში მისმა მეორე ადგილმა, თანაც რაფსანჯანიმ მცირე უპირატესობით აჯობა მას.

თვითონ აჰმადინეჯადი სხვა აზრისაა. [აჰმადინეჯადის ხმა] "ჩემთვის ეს არ ყოფილა სიურპრიზი. მე ვიცნობ ირანელების კულტურას. ვიცი რა დიადია ამ ქვეყნის ხალხი. და ვიცი, რომ კარგი ურთიერთობები მაქვს ხალხთან."

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ აჰმადინეჯადს მკაცრი კურსის ისლამისტები და მორწმუნეთა ღატაკი ფენები უჭერენ მხარს.

მას მერე, რაც თეირანის მერი გახდა 2003 წელს, აჰმადინეჯადმა მალე სამთავრობო შენობებში ქალებისა და კაცებისთვის ცალ-ცალკე ლიფტები შემოიღო. სწრაფი კვების პოპულარული ობიექტები დახურა და კულტურის მთელი რიგი ცენტრები სამლოცველო ადგილებად გადააქცია.

ადამიანის უფლებების დამცველები განგაშს ტეხენ და აცხადებენ, რომ აჰმადინეჯადის გამარჯვების შემთხვევაში ირანიში "სამხედრო-პოლიტიკური" მმართველობა დამყარდება და ისედაც შევიწროებული პოლიტიკური თავისუფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.

რას უნდა ელოდეს აჰმადინეჯადისგან მსოფლიო თანამეგობრობა, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთთან, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებთან დაახლოებას რომ იგი არ აპირებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ჯერ დავიცადოთ. არჩევნების შედეგებს მალე შევიტყობთ და ამის მერე შეგვეძლება უფრო მეტის თქმა იმაზე, თუ რა პოლიტიკური კურსით განაგრძობს ირანი სვლას მომავალი ოთხი წლის მანძილზე.
XS
SM
MD
LG