Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკადემიკოსის გატაცების წარუმატებელი მცდელობა თბილისში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შაბათს გავრცელებული ცნობებით, გამთენიისას ბოროტმოქმედებმა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან აკადემიკოსი დავით ტატიშვილი გაიტაცეს.

საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად, მძევალი გაათავისუფლეს, სამი გამტაცებელი კი დააკავეს. უნდა ითქვას, რომ ნოემბრის მოვლენების შემდეგ ეს ადამიანის გატაცების მცდელობის პირველი შემთხვევა იყო.

ულტრასონოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ტატიშვილის გატაცება შაბათ დილით ყიფშიძის ქუჩიდან შვიდის ნახევარზე სამმა პირმა სცადა. აკადემიკოსი ავტომანქანა „ნივაში“ ძალის გამოყენებით ჩასვეს. საბედნიეროდ, ეს სცენა ვიღაცამ დაინახა და საპატრულო პოლიციას შეატყობინა. საპატრულო პოლიციამ ყველა სავარაუდო მიმართულება გადაკეტა და შვიდ წუთში საეჭვო ავტომანქანა თამარაშვილის ქუჩაზე გააჩერა.
[საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ხმა] „ მოვთხოვეთ მათ პირადობის დამადასტურებელი საბუთები, მართვის მოწმობა. წარმოგვიდგინეს მართვის მოწმობა. ამ დროს მოგვესმა ხმა, მიშველეთო. ჩვენ დავაკავეთ ორი პიროვნება. და გადმოვიდა ბატონი დავით ტატიშვილი“ ( სტილი დაცულია)
დავით ტატიშვილის გატაცების მცდელობის დეტალებზე ჟურნალისტებს ცნობა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გრიგალაშვილმა მიაწოდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში თავად დავით ტატიშვილმა განაცხადა, რომ გამტაცებლების „აღჭურვილობა“ შთამბეჭდავი იყო - კერძოდ, შეიარაღებულნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით, ელექტროშოკით და ა.შ და ა.შ. გავრცელებული ცნობებით, გამტაცებელთა შორის ერთ-ერთი ტატიშვილის ნაცნობია, რაც ლოგიკურად გამოიყურება - წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარი იქნებოდა, თუ რატომ ჩაუსაფრდნენ პოტენციურ მსხვერპლს თბილისელებისთვის საკმაოდ უჩვეულო დროს - დილის შვიდის ნახევარზე. როგორც ირკვევა, აკადემიკოსი დილაობით ამ დროს სავარჯიშოდ კუს ტბაზე დადიოდა.
უნდა ითქვას, რომ დავით ტატიშვილს ნამდვილად გაუმართლა, რომ გამტაცებლებმა მისი გატაცება სახლთან გადაწყვიტეს. საეჭვოა, პოლიციას ასე ოპერატიულად გაეხსნა ეს დანაშაული, გატაცება იმავე კუს ტბაზე რომ მომხდარიყო: ჯერ ერთი, საეჭვოა, იქ აღმოჩენილიყო მოწმე, რომელიც მომხდარის შესახებ საპატრულო პოლიციას შეატყობინებდა და, მეორე, კუს ტბის მიდამოები, კრიმინალური თვალსაზრისით, საკმაოდ საშიშ ადგილად ითვლება. ჯერ კიდევ 23 ივნისს გაეროს უშიშროების სამსახურმა გააფრთხილა თბილისში მცხოვრები დიპლომატები, თავი შეიკავონ კუს ტბის მიდამოებში სეირნობისგან, რადგან ამ ტერიტორიაზე კრიმინალური ჯგუფი მოქმედებს.

ამერიკელთა მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კუს ტბის მიდამოებში 6 ძარცვის შემთხვევა მოხდა. ყველა ეს შემთხვევა, დავით ტატიშვილის გატაცების მცდელობისგან განსხვავებით, გაუხსნელია.
XS
SM
MD
LG