Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სტაროპრომენის” - უძველესი ჩეხური ლუდის - დღესასწაული პრაღაში


ჩვენი სიუჟეტი ლუდის მოყვარულებს განსაკუთრებით დააინტერესებთ. მით უფრო, რომ ბევრ ქვეყანაში ახლა გაგანია ლუდის სეზონია. თუმცა ლუდის სეზონი ჩეხეთში,

შეიძლება ითქვას, მთელი წლის განმავლობაში დგას, მაგრამ ცნობილი ლუდის, ”სტაროპრომენის”, ქარხნის მესვეურები სწორედ ზაფხულის დაწყებისას ატარებენ საჯარო ღონისძიებას, რომლის დროსაც უამრავ პრაღელს თუ ტურისტს საშუალება ეძლევა არა მხოლოდ ლუდი მიირთვას, არამედ მოუსმინოს ცოცხალ მუსიკას, შეიძინოს სუვენირები და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში. გასული კვირის ბოლოს ”სტაროპრომენის” ფესტივალს მეც დავესწარი.


”სტაროპრომენის” - 150 წლიანი ისტორიის მქონე ლუდსასხმელი ქარხნის - მიერ მოწყობილ ფესტივალზე სტუმრების მიღება შუადღის 2 საათიდან იყო დანიშნული. მეც, საინტერესო სანახაობის მოლოდინში, ზუსტად დათქმულ დროზე სპეციალური მოსაწვევით გამოვცხადდი ქარხნის შესასვლელთან და გავიარე აკრედიტაცია, რაც, ქარხნის ყველა ცეხის დათვალიერების გარდა, საშუალებას იძლეოდა მთელი დღის განმავლობაში უფასოდ დამელია იმდენი ლუდი, რამდენსაც ჩემი ჯანმრთელობა გასწვდებოდა. თუმცა მე და რამდენიმე ათეული ოფიციალური სტუმარი ამ მხრივ გამონაკლისი აღმოვჩნდით: ფესტივალზე მოხვედრის დანარჩენ მსურველებს უნდა 150 კრონად, დაახლოებით 12 ლარად, შეეძინათ ბილეთები, რაც მხოლოდ 5 კათხა ლუდის დალევის საშუალებას იძლეოდა. ყველაზე მეტად კი მაშინ გავოცდი, როდესაც ”სტაროპრომენის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მშვენიერმა მენეჯერმა მიქაელა ტრიჟნოვამ მითხრა, რომ ფესტივალი ყველაფერს ითვალისწინებდა, ლუდის სმაში შეჯიბრის გარდა. სამაგიეროდ, სტუმრებს შევთავაზებთ მუსიკას და გაუფილტრავ ლუდსო, განაცხადა მიქაელა ტრიჟნოვამ:

[მიქაელა ტრიჟნოვას ხმა] ”ჩვენ მოვაწყვეთ უზარმაზარი მუსიკალური ფესტივალი, 14-მდე ცნობილი ჩეხური ბენდის მონაწილეობით. პროგრამაში შეტანილია აგრეთვე ექსკურსია ქარხანაში. გაიღება კარები და ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ როგორც უძველესი ქარხანა, ისე უახლოესი შენობა. მუსიკალური ფესტივალისა და ექსკურსიის გარდა, ჩვენ მოტანილი გვაქვს დიდი რაოდენობით ძალიან კარგი ხარისხის ლუდი და ასევე გაუფილტრავი ლუდი, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვასხით.”

თუმცა მას შემდეგ, რაც საპატიო სტუმრებისათვის გამოყოფილი ოთახიდან ”სტაროპრომენის” ქარხნის ტერიტორიაზე აღმოვჩნდი, ჩემთვის ნათელი გახდა, თუ რატომ არ შეიტანეს ლუდის სმაში შეჯიბრი ქარხნის მესვეურებმა ფესტივალის პროგრამაში. ეს უფრო ზუსტად ამიხსნა ჩეხმა მარტინმა, რომელიც იმ დღეს იქ თავის მეგობრებთან ერთად მოვიდა. მარტინმა მითხრა, რომ ყოველგვარი შეჯიბრის გარეშეც მას შეუძლია 20 კათხამდე ლუდი დალიოს, მისი მეგობრის პერსონალური რეკორდი კი 22 კათხაა:

[მარტინის ხმა] ”დღის განმავლობაში 20-მდე ლუდის დალევა შემიძლია. ეს დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი გრადუსი აქვს ლუდს. ”სტაროპრომენის” ლუდს დაბალი გრადუსი აქვს, ამიტომ შემიძლია 20 კათხამდე დავლიო დღეში. ჩემი მეგობრის პერსონალური რეკორდი კი 22 კათხაა.”

ლუდის დალევაში მამაკაცებს არც ქალები ჩამორჩებიან. მარტინის მეგობარმა გოგონამ კლარამ მითხრა, რომ ლუდის სმაში მასაც აქვს საკუთარი რეკორდი:

[კლარას ხმა] ”არა, ძალიან ბევრს ნამდვილად არ ვსვამ, ხუთი კათხა საკმარისია.”




მაგრამ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს “სტაროპრომენის” ფესტივალზე ადამიანები მხოლოდ ლუდს სვამდნენ, ძეხვეულს და შემწვარ ხორცს შეექცეოდნენ და მუსიკას უსმენდნენ. ქარხნის ტერიტორიაზე აღმართული იყო ხუთმეტრიანი სავარჯიშო კედელი კლდეზე ცოცვის მოყვარულთთვის, ეწყობოდა შეჯიბრი რეზინის მსხვილი ბაგირის რაც შეიძლება მეტად გაწელვაში და ციბრუტით ტრიალში. კედელზე ცოცვის შეჯიბრში პირველად ღებულობდა მონაწილეობას სლოვაკი გოგონა გაბი, რომელსაც მხოლოდ ერთხელ დასჭირდა მაშველი თოკის გამოყენება.

[გაბის ხმა] ”არა, არ არის რთული. მაგრამ კედელზე ცოცვა ნამდვილად უფრო რთულია, ვიდრე ლუდის დალევა.”

ჩეხური ლუდის ჩამომსხმელი ქარხანა ”სტაროპრომენი” 1867 წელს დაარსდა და ჩეხეთის სამი უმსხვილესი ქარხნის სიაში შედის. ქარხანა დაახლოებით 10 სახელწოდების ლუდს ასხამს. ”სტაროპრომენს” ერთობლივი საწარმოები აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. და როგორც ქარხნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მიქაელა ტრიჟნოვამ მითხრა, ”სტაროპრომენის” ლუდის იმპორტიორთ შორის არის საქართველოც, სადაც ჩეხურ ლუდს ყოველთვის ჰყავდა დამფასებელი.

[მიქაელა ტრიჟნოვას ხმა] ”საქართველო ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია. ”სტაროპრომენის” ლუდი ექსპორტზე 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის და ერთ-ერთი მათგანია საქართველო.”


”სტაროპრომენის” მეექვსე ფესტივალი სულ 8 საათი გრძელდებოდა და ამჯერად იგი კიდევ უფრო გრანდიოზული გამოვიდა, ვიდრე წინა წლებში. როგორც ქარხნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მიქაელა ტრიჟნოვამ მითხრა, ფესტივალს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაესწო, რომლებიც უსმენდნენ მუსიკას, უხვად სვამდნენ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლუდს და სასიამოვნოდ, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურისა და აყალმაყალის გარეშე ატარებდნენ ზაფხულის ცხელ უქმე დღეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG