Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია რეფერენდუმს ითხოვს


ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები: “რესპუბლიკელები“, „კონსერვატორები“, „სახალხო ფორუმი“ და 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის

მერის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ. პროცესის უკეთ ორგანიზების მიზნით, რეფერენდუმის მომხრეებმა ეგრეთ წოდებული „სარეფერენდუმო კომიტეტი“ დააფუძნეს. კომიტეტი პარტნიორი პარტიებისა და ორგანიზაციების 25 წარმომადგენელს აერთიანებს და მისი საქმიანობა, ძირითადად, რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო ხელმოწერების შეგროვებითა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით შემოიფარგლება. მიზნის მიღწევის რა შანსები აქვს ოპოზიციას და აპირებს თუ არა ხელისუფლება დათმობაზე წასვლას?

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა დედაქალაქის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, საზოგადოება ორ პირობით ბანაკად გაიხლიჩა. თბილისელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მერს უშუალოდ ხალხი უნდა ირჩევდეს, მაშინ როცა მეორე ნაწილის აზრით, უკეთესი იქნება, თუკი ქალაქის თავს ხალხის მიერ არჩეული საკრებულო საკუთარი რიგებიდან დაასახელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც ჩაატარა.

[მამაკაცის ხმა] „სანამ პრეზიდენტს პირველი ვადა დაუმთავრდება, მერს უნდა ნიშნავდეს პრეზიდენტი. მერე, კარგად რომ ვიცხოვრებთ, შეიძლება არჩევა. მე ასე ევფიქრობ.“

[მამაკაცის ხმა] „მეც ამ აზრის ვარ, ჩემო ბატონო...“

რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემებით, ამ ადამიანების პოზიციას გამოკითხულთა მხოლოდ 4 პროცენტი იზიარებს. გაცილებით მეტი - გამოკითხულთა 89 პროცენტი - დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა.

[მამაკაცის ხმა] „ვფიქრობ, ხალხმა უნდა აირჩიოს. საკრებულოში ისევ ისე თავის ხალხია შეყრილი. ამიტომ მერი უსათუოდ უნდა აირჩიოს ხალხმა და უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები.“(სტილი დაცულია)

ასევე ფიქრობენ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც 29 ივნისს ეგრეთ წოდებული „სარეფერენდუმო კომიტეტი“ დააფუძნეს. ირაკლი მელაშვილი, „სახალხო ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი და კომიტეტის წევრი, ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით 15 ივნისს მიმართა.

[ირაკლი მელაშვილის ხმა] „საინიციატივო ჯგუფმა რეფერენდუმზე შეიტანა განაცხადი 15 ივნისს და, ბუნებრივია, ჩვენ ვემზადებით ორგანიზაციულადაც იმისათვის, რომ როცა მოგვცემენ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების ნებართვას, მზად ვიყოთ, რათა სწრაფად შევაგროვოთ ეს ხელმოწერები. ჩვენ არ ვაპირებთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, ჩვენ შევაგროვებთ ბევრად მეტს, რათა ეჭვები არ დაებადოთ.“

კანონის თანახმად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება 30 დღეში, ანუ15 ივლისამდე, უნდა მიიღოს. თანხმობის შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფი მომხრეთა ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს და მის განკარგულებაში ზუსტად ორი თვე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის“ მესამე მუხლი კანონის მიღების ან გაუქმების მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებას კრძალავს, საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი კახა კუკავა, დარწმუნებულია, რომ ცესკოს რეფერენდუმის მოწყობაზე უარის თქმის საფუძველი არა აქვს:

[კახა კუკავას ხმა] „კანონში წერია, რომ რეფერენდუმზე უნდა დაყენდეს მხოლო პრინციპი, მაგალითად, ის, რომ მერი უნდა იყოს პირდაპირი გზით არჩეული, ხოლო კანონი ტექსტად უნდა აქციოს კანონმდებელმა. და ეს რომ ასე არის, განმარტეს არა მხოლოდ თეორეტიკოსმა იურისტებმა, არამედ ჩვენ გვქონდა უკვე ერთი რეფერენდუმი, როცა დაყენებული იქნა პრინციპი, შემცირებულიყო პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-მდე. ხალხმა მხარი დაუჭირა ამ მოთხოვნას, ხოლო ტექსტი კანონისა უკვე პარლამენტმა ჩამოაყალიბა.“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება საპარლამენტო უმრავლესობაც, რომლის ერთ-ერთი წევრი, ნიკა გვარამია, ამბობს, რომ ხელისუფლება დედაქალაქის მერის არჩევის წესთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლას არ აპირებს:

[ნიკა გვარამიას ხმა] „ჩვენ მერი-მოურავის მოდელი გვაქვს არჩეული. ძლიერი მერი - სუსტი საკრებულო. ამ მოდელზე ვერავისთან შევთანხმდებით, ვერავისთან, იმიტომ რომ მიგვაჩნია, პირველი მოდელი უფრო სჭირდება ქვეყანას განვითარების ამ ეტაპზე, როცა ქვეყანა უნდა აშენდეს რეალურად.“

რა გზას დაადგება ოპოზიცია, თუკი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფს რეფერენდუმის მოწყობაზე უარი უთხრა? მე ამ კითხვით „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს, მივმართე.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] „თუ უარყოფითი იქნება დასკვნა, უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ. პარალელურად ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას საკანონმდებლო ინიციატივისთვის, რასაც არ სჭირდება ცესკოს თანხმობა, და შევაგროვებთ არა 30 ათასს, რაც საკმარისია საკანონმდებლო ინიციატივისათვის, არამედ ასობით ათასს და გაცილებით მეტს, ანუ საზოგადოებრივი ზეწოლის მექანიზმები იქნება გაძლიერებული ხელისუფლებაზე.“

ერთი სიტყვით, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 15 ივლისს, ანუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, ელოდებიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG