Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საქართველოსთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირებას განიხილავს


რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს წევრებს გადაწყვეტილი აქვთ დღევანდელ (6 ივლისის) პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ მიხეილ ფრადკოვისთვის

სპეციალური მიმართვის გაგზავნის საკითხი განიხილონ. ამ მიმართვით დეპუტატები მთავრობის მეთაურისგან მოითხოვენ, საქართველოს, მოლდავეთის, უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის რუსეთიდან მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური გაიზარდოს.

რუსეთის მთავრობისთვის სპეციალური მიმართვის პროექტი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ მოამზადა. პროექტში ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ზევით ჩამოთვლილ სახელმწიფოებში, რომელთა შორისაა საქართველოც, რუსეთის გაზის ექსპორტირება გაცილებით იაფად ხორციელდება, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.

საქართველო რუსეთისგან ბუნებრივ აირს, მართლაც, დაბალ ფასად, 1000 კუბმეტრს 60-65 აშშ დოლარად, ყიდულობს. ევროპის ქვეყნები რუსული გაზის შეძენაში გაცილებით მეტს იხდიან - დაახლოებით 160 დოლარს.

სწორედ ამ დიფერენცირებული ფასების ზედა ზღვართან გათანაბრების ინიციატივით გამოდის ჟირინოვსკის პარტია. მას მხარი დაუჭირა დუმის ფრაქცია ”ედინაია რასიამ”. ასეთი გადაწყვეტილება ამ ფრაქციის პრეზიდუმმა 4 ივლისს გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღო.

თუ რუსეთის მთავრობამ დუმის მიმართვა გაითვალისწინა, საქართველოში იმპორტირებული 1000 კუბმეტრი რუსული გაზი დაახლოებით 100 დოლარით გაძვირდება. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ფასების გაზრდასთან ერთად რუსეთის წინაშე არსებული დავალიანების სასწრაფოდ გასტუმრებას მოითხოვს.

რუსეთის მთავრობამ ერთხელ უკვე სცადა უკრაინაში ექსპორტირებული გაზის საფასური 50-დან 160 დოლარამდე გაეზარდა, თუმცა მცდელობა მცდელობად დარჩა, რადგან კიევი მოსკოვს უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანსპორტირების ტარიფის მომატებით დაემუქრა.

მსგავსი ბერკეტი აქვს საქართველოსაც, მაგისტრალური გაზსადენის სახით, რომლის მეშვეობითაც რუსეთის გაზი მის სტრატეგიულ მოკავშირეს, სომხეთს, მიეწოდება. შეძლებს თუ არა საქართველო ამ ბერკეტით ბუნებრივი აირის ფასის ზრდის შეჩერებას? ამ კითხვით საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტს დავით ინგოროყვას მივმართე:

[დავით ინგოროყვას ხმა] ”რამდენჯერმე იდგა ეს საკითხი და მერე არ მოხდა ფასის გაძვირება. მაგრამ თუ მაინცდამაინც მოხდა ფასის მომატება, ჩვენ არა მარტო ტრანზიტს, არამედ სხვა საკითხებსაც გადავხედავთ, ალბათ. მე არ მგონია, რომ საქართველოში გაზის ფასი გახდეს ოდესმე 120 და 130 დოლარი. რეალურად რუსებიც კარგად ხვდებიან, რომ ჩვენ თუ სხვა ალტერნატიული წყარო იაფი დაგვიჯდა, მაშინ რატომ უნდა ვიყიდოთ გაზი? მე, საერთოდ, ვთვლი, რომ ეს უფრო პოლიტიკური თემა არის - ევროპის ფასთან მიახლოებაზე ლაპარაკი.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG