Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრივატიზაციის ”ქართული სინდრომი”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული წლის ბოლოს საქართველოში დიდი პომპეზურობით გამოცხადებულ ”საპრივატიზებო მარათონს” გზადაგზა სერიოზული პრობლემები ექმნება. ერთმანეთის მიყოლებით

ჩაშლილი რამდენიმე გარიგების გამო მთავრობა უხერხულ სიტუაციაშია ჩავარდნილი, ოპოზიცია კი ნიშნის მოგებით აცხადებს, რომ ამგვარ პრობლემებს ისინი პრივატიზების საწყის ეტაპზე წინასწარმეტყველებდნენ. რით არის განპირობებული რეალურად ”საპრივატიზაციო უხერხულობები”?

”საოკეანო სანაოსნოს” და ”ჭიათურმანგანუმის” საპრივატიზაციო პრობლემებმა ოპოზიციას სერიოზული საბაბი მისცა საქართველოში სახელმწიფო ქონების განკერძოების პროცესში არსებულ დარღვევებზე ისაუბროს. გასული წლის ბოლოს დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადებული ”საპრივატიზებო მარათონი” და, უკვე შემდგომ, მთავრობასა და ახალ ინვესტორებს შორის შემდგარი, არანაკლები პომპეზურობით გაშუქებული, რეკორდული გარიგებები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანა ინვესტორებთან ურთიერთობის თვისებრივად ახალ პრიორიტეტებზე გადადის. ახალი ეტაპი მართლაც დაიწყო, თუმცა მან ახალი და მთავრობისათვის არცთუ სასურველი განვითარება პოვა.

საპრივატიზებო გარიგების პირობები ჯერ ”საოკეანო სანაოსნოს” ინვესტორმა დაარღვია და მთავრობას სხვა პრეტენდენტებთან მოუწია მოლაპარაკების განახლება, შემდეგ კი ”ჭიათურმანგანუმის” და ”ვარციხეჰესის” გარიგებაზე რუსულმა ”ევრაჰოლდინგმა” თქვა უარი. ყოველივე ამან კარგად რეკლამირებულ პრივატიზების პროცესს ერთგვარი ჩრდილი მიაყენა და ოპონენტებს პოლიტიკური ქულების დაწერის არცთუ უსაფუძვლო საბაბი მისცა. ამ თემაზე მთავრობასთან პაექრობს, ძირითადად, ”მემარჯვენე ოპოზიცია”, რომელიც ხელისუფლებას პრივატიზაციის არაგამჭვირვალედ ჩატარებასა და კერძო ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს.

პრივატიზების პროცესში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით არსებობს სხვა მოსაზრებებიც. ამ შემთხვევაში არც სუბიექტური, პიროვნული ფაქტორებია უმნიშვნელო. ”საპრივატიზებო მარათონის” სათავეებთან მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ექს-ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე იდგნენ. ეკონომიკური ექსპერტი ვაჟა სალამაძე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვარაუდობდა გარკვეულ კორექტივებს ინვესტორების შესაძლო ქცევაში:

[ვაჟა სალამაძის ხმა] “ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა უკანასკნელ წელს ფორმირებული იყო, როგორც, ძირითადად, საპრივატიზაციო პოლიტიკა და, ბუნებრივია, ჟვანიას ფაქტორი აქ საკმაოდ სერიოზული იყო. ჟვანია-ბენდუქიძის ტანდემი იყო გარკვეული გარანტი, აი, ამ საპრივატიზაციო პოლიტიკისა. ბუნებრივია, როდესაც ასეთი ფიგურა მიდის არენიდან და გვრჩება მხოლოდ ბენდუქიძის ფაქტორი, გარემო ხდება ზოგადად ინვესტორისთვის სარისკო. ”

სახელმწიფო ქონების განკერძოების პროცესში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ხელისუფლებას, პოლიტიკურ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ ექსპერტებს ხშირად დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და ისინი საკუთარი სიმართლის მტკიცებით არიან გართულნი, თუმცა ეს ვერც ამ გასაყიდი ობიექტების, ვერც იქ დასაქმებულთათვის და, რაც მთავარია, საბოლოო ჯამში, ვერც სახელმწიფოსათვის ვერანაირად ”შვების მომგვრელი” ვერ იქნება.
XS
SM
MD
LG