Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეები ბათუმში იკრიბებიან. 8 ივლისს ბათუმისკენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაიძრნენ,

რომლებმაც კონფერენციაზე მიწვევა წინა დღეს მიიღეს. როგორც იცით, კონფერენციის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს ოსური მხარე. როგორც სააგენტო „ინტერპრეს ნიუსს“ უთხრა ცხინვალის ხელისუფლების განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა, ცხინვალი ოფიციალური თბილისის მიერ დასავლეთის გულის მოსაგებად დაგეგმილ პი-არ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, კეხვსა და თამარაშენთან, კვლავ გადაკეტილია მოძრაობა. 6 ივნისს ცხინვალის მისადგომებიდან გაუჩინარებული ხაჭაპურიძეების ნათესავები დაკარგულთა მოძიებას მოითხოვენ. სატალეფონო ხაზზეა ერთ-ერთი დაკარგულის ძმა, ლევან ხაჭაპურიძე, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ:

[ ლევან ხაჭაპურიძის ხმა] „ ცხინვალის მხარე დროს წელავს. ამბობენ, ქართულ მხარეს ეძებეთო...სანამ დაკარგულებს არ დააბრუნებენ, აქციას არ შევწყვეტთ.“

აქციის მონაწილენი იმედს არ კარგავენ, რომ ამ ერთი თვის წინ დაკარგული ოთხი ადამიანი ცოცხალია და რომ, მონდომების შემთხვევაში, გატაცებულებს გაათავისუფლებენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ორიოდე დღის წინ გავრცელდა ხმა, თითქოს ოსური მხარე ქართული მხარის მიერ დაპატიმრებულ მარიკ დუდაევზე გატაცებულების გაცვლის ინიციატივით გამოვიდა.

ამ ეტაპზე ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლები გაცვლის შეთავაზებას უარყოფენ. ქართული მხარე კი აცხადებს, რომ კრიმინალის გაცვლას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG