Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყურმანბეკ ბაკიევი ყირგიზეთის არჩეული პრეზიდენტი ხდება


9 ივლისს ყირგიზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცხადყოფს, რომ ქვეყნის დროებითმა მეთაურმა ყურმანბეკ ბაკიევმა მეტოქეებს

მნიშვნელოვანი პროცენტული უპირატესობით აჯობა. სახელდება ამომრჩეველთა ხმების 88,9 პროცენტი, რაც ბაკიევს ხვდა წილად. ხოლო მის მეტოქეთაგან ვერც ერთმა ვერ მოახერხა ხმათა 4 პროცენტზე მეტის დაგროვება. საერთაშორისო ორგანიზაციები 9 ივლისს ჩატარებულ არჩევნებს, ძირითადად, წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა კოკუმბაი ტურუსბეკოვმა ყურმანბეკ ბაკიევის მასშტაბური გამარჯვების შესახებ, აი, ასეთი განცხადება გააკეთა:

(კოკუმბაი ტურუსბეკოვის ხმა) "ამ მომენტისთვის გამარჯვებულია ყურმანბეკ სალიევიჩ ბაკიევი. მან კენჭისყრაში მონაწილეთა 88 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. მონაწილეობა კი მიიღო ამომრჩეველთა 74-მა პროცენტმა. ფაქტობრივად, შეიძლება უკვე ითქვას, რომ არჩევნები შედგა."

ყურმანბეკ სალიეს ძე ბაკიევმა, რომელიც ასკარ აყაევის რეჟიმის დამხობის შემდეგ სათავეში ედგა ყირგიზეთის მთავრობას, ამომრჩეველთა ხმების უმეტესი ნაწილი ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილიდან მიიღო. და ეს არავის უკვირს, რადგანაც ბაკიევი წარმოშობით სწორედ სამხრეთიდან არის. მაგალითად, სამხრეთის ქალაქებში, ოშასა და ჯალალაბადში, მან ხმების დაახლოებით 95 პროცენტი მოაგროვა. ამ ქალაქებში ყველაზე მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობაც და ის დაახლოებით 90 პროცენტს უტოლდებოდა.

შედარებით დაბალია ყირგიზეთის ჩრდილოეთ ნაწილის მაჩვენებელი, ყურმანბეკ ბაკიევის მხარდაჭერა აქ 75%-ით განისაზღვრა. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი გამარჯვება მისასალმებელია ქვეყნის იმ ნაწილის შემთხვევაში, რომელიც ყურმანბეკ ბაკიევის ძირითად მეტოქედ აღქმულ ფელიქს ყულოვს (რევოლუციური ყირგიზეთის ერთ-ერთ გამორჩეულ პოლიტიკოსს) ეთაყვანება. თუმცა, როგორც ჩანს, ბაკიევსა და ყულოვს შორის წინასაარჩევნო შეთანხმებამ კარგად იმუშავა: ყულოვმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ, სამაგიეროდ, მიიღო წინადადება, რომლის მიხედვითაც, ბაკიევის გაპრეზიდენტობის შემთხვევაში, ყულოვი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სავარძელს დაიკავებს.

რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრის პროცესს, საერთაშორისო მეთვალყურეები მას, საერთო ანგარიშით, წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. მაგალითად, ეუთოსა და ევროპარლამენტის მეთვალყურეთა მისია 9 ივლისის არჩევნებს ყირგიზეთში დემოკრატიული სტანდარტების შესამჩნევ პროგრესს უწოდებს. ბიშკეკში მოქმედი რესპუბლიკელთა საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებით, მეთვალყურეებმა, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის კუთხით, ამ არჩევნებში მნიშვნელოვანი წინსვლა დაინახეს.

თუმცა პარალელურად, ბუნებრივია, აღირიცხა დარღვევებიც - მაგალითად, ისეთები, რომლებზეც არჩევნების მონიტორინგის ევროპული ქსელის მისიის ხელმძღვანელი ყირგიზეთში პეტერ ნოვოტნი საუბრობს:

(პეტერ ნოვოტნის ხმა) "წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება ჩვენც შევნიშნეთ. მართალია, არ შეგვიმჩნევია ხმების მოსყიდვის მასობრივი მცდელობები ანდა ამომრჩეველთა, ან ჟურნალისტთა დაშინების შემთხვევები, მაგრამ არჩევნების დღეს ჩვენ მაინც გავხდით რამდენიმე სერიოზული დარღვევის მომსწრე. იყო ბიულეტენების გაყალბების შემთხვევები ანდა ამომრჩეველთა მარკირებისა და შემოწმების პროცედურის დარღვევა."

ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია 9 ივლისის არჩევნებით კმაყოფილი დარჩა. მისი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მეთვალყურეთა მიერ აღრიცხული დარღვევები საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს. ყურმანბეკ ბაკიევი ყირგიზეთის პრეზიდენტი მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიღებული დასტურის შემდეგ გახდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG