Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმთან ბძროლა: სხვაობა აშშ-ისა და ევროპის მიდგომებს შორის


გასულ კვირაში ლონდონში მომხდარი სისხლისმღვრელი აფეთქებების შემდეგ ისევ ხშირად ლაპარაკობენ “ანტიტერორისტულ სოლიდარობაზე”,

რომელიც მრავალ ქვეყანას, უწინარეს ყოვლისა, ტრანს-ატლანტიკური ალიანსის წევრებს აკავშირებს. მზადყოფნა, იბრძოლონ და დაამარცხონ ტერორიზმი, გუშინ კიდევ ერთხელ გამოხატეს აშშ-ის პრეზიდეტმა ჯორჯ ბუშმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა. თუმცა, მათს პოზიციებში მაინც არის სხვაობა: თუ ვაშინგტონი დაჟინებით იმეორებს ფრაზას “ტერორიზმის წინააღმდეგ ომი” - ომის წარმოება კი სამხედროების საქმეა, ბრიტანელები და სხვა ევროპელები ამჯობინებენ ტერორიზმის წინააღმდეგ პოლიციის გააქტიურებას.

მოჰყვა თუ არა აფეთქებებს ლონდონში ევროპელებისა და ამერიკელების დაახლოება - ტერორიზმის წინააღმდეგ ბძროლისადმი დამოკიდებულების მხრივ?

ხო და არა.

ამ კითხვის და მასზევე პასუხის ავტორი ჩვენი რადიოს ჟურნალისტი, ჯეფრი დონოვანი გახლავთ. მისი არგუმენტები ასეთია: ევროპელებს სულ უფრო მეტად აშინებთ შესაძლო აფეთქებების საფრთხე. მათ, როგორც ჩანს სურთ, მკაცრი, ამერიკული სტილის ზომების მიღება - თუნდაც საზღვრების დაცვის გამკაცრება, პოლიციისთვის უფრო ფართო უფლებამოსილების მინიჭება, შეიპყროს ტერორიზმში ეჭვმიტანილები. მაგრამ, იმავდროულად, ევროპელებს აეჭვებს ტერორიზმის წინააღმდეგ, ამერიკელებივით, სამხედრო ძალაზე აქცენტის მიზანშეწონილობა. ამერიკის პოზიციაზე ორშაბათს ისევ ისაუბრა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა: [ბუშის ხმა] “ ჩვენ კვლავინდებურად მოიერიშის პოზიციაზე ვდგევართ. ვებრძვით მტერს ერაყსა და ავღანეთში და მსოფლიოს გარშემო, რათა მის წინაშე აქ, შინ არ აღმოვჩნდეთ”.

ჯორჯ ბუში ტერორიზმის წინააღმდეგ ამერიკის ომის ქვაკუთხედად მუსლიმანურ სამყაროში დემოკრატიის გავრცელებას მიიჩნევს. მაშინ, როცა ევროპელებს სულ სხვა ხედვა აქვთ...

აი, რა თქვა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა ჟან პიერ დარნისმა, რომის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომელმა: [დარნისის ხმა] “თავდასხმას ლონდონში არ მოჰყოლია ევროპაში ის რეაქცია, რომ ერაყში შეჭრა გამართლებული იყო. არა. ევროპაში ზოგადად ფიქრობენ, რომ ომმა ერაყში კიდევ უფრო გაამწვავა ტერორიზმის საფრთხე და რომ ვითარება თვით ერაყში ახლა გაცილებით უფრო რთულია და ამის გამო - გაცილებით უფრო სახიფათო ევროპის უშიშროებისათვის, ვიდრე ომამდე იყო”.

პოლიტოლოგი შეგვახსენებს, რომ ევროპელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ: ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასთან, ბასკ სეპარატისტებთან, თუ იტალიის მემარცხენე რადიკალებთან ბრძოლის გამოცდილება. ამ ბრძოლაში კი მუდამ პოლიციურ ზომებსა და დაზვერვას ანიჭებდნენ უპირატესობას. და, როგორც ჩანს, პოლიციასა და დაზვევრვაზე კეთდება აქცენტი, რომელმაც უნდა შეამციროს სხვაობა, ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციებში რომ შეიმჩნევა. ანუ, ევროპელები, სავარაუდოდ, გაზრდიან პოლიციის და დაზვერვის უფლებამოსილებებს ტერორიზმში ეჭვმიტანილების დასაკავებლად.

ამ მხრივ მრავალი ინიციატივით გამოვიდნენ შარშან მარტში მადრიდში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ. და გადაწყვეტილების მიღებას, ბევრი ექსპერტს შეფასებით, დააჩქარებს ლონდონში მომხდარი აფეთქებები. ჯერ კი ამ საკითხებზე დისკუსია მიმდინარეობს და, როგორც დისკუსიების დროს ხდება ხოლმე, სხვადასხვაგვარი აზრი გამოითქმის. იტალიის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი ფაუსტო ბერტინოტი შიშობს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიციის უფლებამოსილებების გაზრდა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას გამოიწვევს.

[ბერტინოტის ხმა] “წინააღმდეგი ვართ ყველა ზომისა, რომელიც შეზღუდავდა სამოქალაქო უფლებებს, ზომისა, რომელიც ყოველთვის ამაო იყო ტერორიზმთან ბრძოლაში და რომელმაც, სინამდვილეში, შესაძლოა ხელი შეუწყოს ძალადობის ესკალირების მომხრეებს.”
XS
SM
MD
LG