Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო კომისიებს აკომპლექტებს. ოპოზიცია ამ პროცესისგან, უპარტიოს ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს ელის


ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიებს კონკურსის საფუძველზე აკომპლექტებს, კონკურსში კი სულ 1400 ადამიანი მონაწილეობს. მოცემულ ეტაპზე

მიმდინარეობს ამ ადამიანებთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გასაუბრება. კონკურსი 27 ივლისს, სამუშაო დღის ბოლოს, დაიხურება და ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრით დაამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას. ლაპარაკია იმ არაპარტიული ნიშნის კომისიების შექმნაზე, რომელთაც პროფესიული კომისიების ნიშანი 2005 წლის იანვრამდე ჩასატარებელმა სერტიფიცირების პროცესმა უნდა შესძინოს. საკითხი დგას ასე: ჯერ კომისიები კომპლექტდება და შემდეგ უტარდებათ მის წევრებს სპეციალური მომზადება. მაინც რა ნიშნის საარჩევნო კომისიებს ვიღებთ ამ გზით? - ამაზე ოპოზიციას ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებული შეხედულება აქვს.


ოპოზიციის წარმომადგენლებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ სულ მალე საოლქო საარჩევნო კომისიები სწორედაც რომ პარტიული ნიშნით დაკომპლექტდება, თუმცა კანონი კომისიების პარტიული ნიშნით დაკომპლექტებას კრძალავს.

”კომისიებში იქნებიან ფორმალურად უპარტიო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები,” - აცხადებს კონსერვატორების ლიდერი კობა დავითაშვილი. ეს მოსაზრება მას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიის გაცნობამ გაუმყარა:

[კობა დავითაშვილის ხმა] ”ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. ჩვენ ბევრ მათგანს ვიცნობთ, რადგან ერთ პარტიაში ვიყავით. დაწერეს განცხადებები პარტიიდან გასვლის თაობაზე, რადგან ეს არ შეიძლება, დატოვეს გარკვეული პოსტები და სწორედ ამით აიხსნება ის, რომ სიაში წარმოდგენილ ადამიანთა დიდი ნაწილი დროებით უმუშევარია. ” (სტილი დაცულია)

დროებით უმუშევარი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შორის, მართლაც, მრავალია. ის, ვინც კონკურსში გაიმარჯვებს, საოლქო საარჩევნო კომისიებში სამუშაოს 6 წლის გარანტიით მიიღებს, დაახლოებით 400 ლარიანი ანაზღაურებით. ასეთებს შორის მრავლად რომ იქნებიან ერთი პარტიის - ნაციონალური მოძრაობის - მხარდამჭერები, ამის გადაჭრით თქმა არ შეუძლია ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელს თამარ ჟვანიას, რადგან კომისიის წევრობის კანდიდატთა მონაცემები კანდიდატთა პარტიულ წარმომავლობაზე არაფერს ამბობს. თუმცა თამარ ჟვანიას ძალიან აინტერესებს გასაუბრების საფუძველზე როგორ გადაამოწმებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამა თუ იმ კანდიდატურის არაპარტიულობას. მათი რიცხვი 1400-ს უტოლდება. კონკურსში მონაწილეობისთვის სპეციალური სერტიფიკატის ქონა საჭირო არ გახდა, სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება კი ბევრმა შეძლო.
[თამარ ჟვანიას ხმა] ”ესეთი, რომ პარტიული არ არის, ფლობს ქართულ ენას, არის უმაღლესი განათლების და საქართველოს მოქალაქე, შეიძლება იყოს ძალიან ბევრი.” (სტილი დაცულია)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თამარ ჟვანიას აინტერესებს, რა დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემს მის ორგანიზაციას იმ პროცესზე დაკვირვება, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს საოლქო კომისიის წევრობის ბევრ კანდიდატთა არაპარტიულობის გადასამოწმებლად.

[გია ქავთარაძის ხმა] ”სათითაოდ ვიხილავთ თითოეულ კანდიდატურას, ვკითხულობთ თითოეულის ბიოგრაფიას, მის გამოცდილებას და თითოეული კომისიის წევრი თავის შეხედულებებს აყალიბებს. შემდეგ თითოეულ წევრს შეუძლია გამოიძახოს ესა თუ ის კანდიდატი და მას ჩაუტაროს გასაუბრება. ” (სტილი დაცულია)

ასე აღწერს პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ის საჭიროდ არ მიიჩნევს კომენტარის გაკეთებას ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ ეჭვზე, რომელიც საოლქო კომისიების პარტიული ნიშნით დაკომპლექტებას ეხება. პარტიული ნიშნით მოქმედება ამ შემთხვევაში აკრძალულია, თუმცა კობა დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო კომისიები საქართველოში მოთამაშე მსაჯების არჩევის პრინციპით კომპლექტდება.
XS
SM
MD
LG