Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონს ეკონომიკურ პროგრამებს სთავაზობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონს პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური ხასიათის წინადადებებს სთავაზობს, რაც ერთობლივ პროექტებს,

ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ფინანსური შუამავლობის განვითარებას მოიცავს. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება გამოდგეს ეკონომიკური პრგრამების მეშვეობით ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირება.

ბათუმის ორდღიან კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონს კვლავ სთავაზობს იმას, რაც ჯერ კიდევ 6 თვის წინ შესთავაზა. ეს შეთავაზება სამ ეტაპს მოიცავს და, ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციისა და სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების გარდა, ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციას ითვალისწინებს.

ეკონომიკურ სფეროში საუბარია გორი-ცხინვალის სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკების განახლებასა და ქართულ პორტებში ტვირთის გადაზიდვისთვის რეგიონზე გამავალი ტრანსკავკასიის მაგისტრალის გამოყენების უზრუნველყოფაზე; ამასთანავე, არ არის გამორიცხული რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაც.

პრეზიდენტი რეგიონის მოსახლეობას 1991 წლიდან დაგროვილი საპენსიო დავალიანების გაცემას და პენსიების იმ დონეზე შენარჩუნებას ჰპირდება, როგორსაც ოსეთის მხარეს ამჟამად რუსეთის ფედერაცია უხდის.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა სალამაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკური შეთავაზება, უდავოდ, მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არანაკლებ საინტერესო და ეფექტურია ეკონომიკური პროგრამების მეშვეობით კონფლიქტის დარეგულირება:

[ვაჟა სალამაძის ხმა] ”საქართველო მეორე მხარისთვის უნდა გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი, ანუ უნდა გაჩნდეს გარკვეული ეკონომიკური სტიმულები, ანუ მეორე მხარეს უნდა აინტერესებდეს საქართველოში ყოფნა გარკვეული პრაგმატული თვალსაზრისით.”

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ უწყების მიერ მომზადდა სპეციალური პროგრამა, რომელიც ცხინვალის რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პრიორიტეტები მიენიჭება იმ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს. ამასთან, შესაძლოა თანადაფინანსების განხორციელება იმ ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც რეგიონში ფილიალებს გახსნიან. თანადაფინანსება პროექტის ღირებულების არა უმეტეს 50% შეადგენს. აქვე საუბარია მცირე კრედიტების პროგრამაზეც.

საქართველოს ხელისუფლება შეეცდება ამ პროექტების რეალიზაციით ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეკონომიკური სტიმული გაუჩინოს, რადგან მსოფლიო ისტორია იცნობს ფაქტებს, როდესაც წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით სეპარატისტული განწყობების შეკავება მომხდარა. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ვაჟა სალამაძეს დაახლოებით 5 წლის წინ კანადის პროვინცია კვებეკში გამართული რეფერენდუმის შედეგები მოჰყავს:

[ვაჟა სალამაძის ხმა] ”როდესაც რეფერენდუმი ჩატარდა კვებეკში და ლაპარაკი იყო კვებეკის პროვინციის კანადიდან გამოყოფაზე, საკითხი უარყოფითად გადაწყდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კვებეკის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მუშაობდა ონტარიოს პროვინციაში, ანუ კანადის მეორე პროვინციაში, და, აი, ამ ადამიანების ხმებმა გადაწყვიტა ის, რომ კვებეკი კანადას არ გამოეყო, იმიტომ რომ ისინი ამ შემთხვევაში კარგავდნენ სამუშაოს.”

მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ჯერჯერობით ქართული მხარის შეთავაზებათა დემონსტრაციულ იგნორირებას ახდენს, ეკონომიკური პროგრამების მეშვეობით კონფლიქტის დარეგულირება რჩება მსოფლიოში აპრობირებულ ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად, რომლის გამოყენებას, ჩვენს შემთხვევაში, ფაქტობრივად, ალტერნატივაც არა აქვს.
XS
SM
MD
LG