Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია კვლავ აღმავლობას განიცდის


ბოლო სამი თვის განმავლობაში რელიგიურ ნიადაგზე თავდასხმებისა და რელიგიურ უმცირესობათა დისკრიმინაციის შემთხვევების გამო სახალხო დამცველის

აპარატში 12 განცხადება შევიდა. ეს რაოდენობა სამჯერ აღემატება გასული წელიწად-ნახევრის მანძილზე შესულ განცხადებათა რიცხვს. რელიგიური ექსტრემიზმის ზრდის მთავარ იმპულსად დაუსჯელობა მიიჩნევა. შესაბამისად, რელიგიურ უმცირესობათა დისკრიმინაციის გამო, სახალხო დამცველის მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც გულგრილად, მიკერძოებულად და, არცთუ იშვიათად, ალოგიკურად მოქმედებენ.

სამართალდამცავი ორგანოების ტენდენციურობისა თუ დაბნეულობის ერთ-ერთი კონკრეტული ნიმუში ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-9 განყოფილებაში დაფიქსირდა: მოქალაქე ალბერტ აბრამიანმა საკუთარი სახლის ერთი სართული იეჰოვას მოწმეებს მიაქირავა. ამის გამო აღშფოთებული მეზობლები, სახლის მეპატრონის განცხადების თანახმად, მას ემუქრებიან და სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფენ. სახალხო დამცველმა რეაგირებისათვის პოლიციას მიმართა; შედეგად კი, პოლიციის უფროსისგან მიიღო პასუხი, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქალაქე აბრამიანზე იეჰოვას მოწმეების მხრიდან არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

[სოზარ სუბარის ხმა]” აღმოჩნდა, რომ პოლიცია საქმის აღძვრას აპირებდა თვითონ იეჰოვას მოწმეების მიმართ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს განცხადებაში აღნიშნული პირები, რომლებიც მართლა ემუქრებოდნენ, იმათ მიმართ აღეძრა საქმე, და ასეთი აბსურდული პასუხი გაგვცეს.”(სტილი დაცულია)

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ რელიგიურ უმცირესობებზე ღია ძალადობის გამოვლენის ყოველი ფაქტი დროულად უნდა იქნეს აღმოფხვრილი, მოძალადეებთან ერთად კი პასუხი უნდა მოეთხოვოთ ასევე ძალადობის ფაქტობრივ წამქეზებლებსაც, კერძოდ, პოლიციას, რომელიც რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტებზე ჯეროვნად არ რეაგირებს.

[ბექა მინდიაშვილის ხმა]” როდესაც პოლიციას მიმართავენ, პოლიცია ან იგნორირებას ახდენს, ცინიკურ იგნორირებას. ხშირ შემთხვევაში დასცინიან მათ ამ შეტყობინებების გამო, ან კი ადგილზე მისვლის შემდეგ, უკეთეს შემთხვევაში, აკეთებს ოქმს და ამით მთავრდება შემდგომი რეაგირება ხსენებულ ფაქტებზე. როდესაც ჩვენ მივმართავთ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას თუ პოლიციის ხელმძღვანელობას, როგორც წესი, ისინი არ ადასტურებენ არც გამოძახებას, არც შეურაცხყოფის ფაქტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.”(სტილი დაცულია)

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობისა და თავისუფლების სამმართველოს უფროსი ბექა მინდიაშვილი ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარ ამბებზე. პირველ, შედარებით გახმაურებულ, საქმეზე, კერძოდ, ქუთაისში იეჰოვას მოწმეების პერმანენტული დარბევის ფაქტზე, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა არასრულად. მაშინ როცა იეჰოვას მოწმეების ფიზიკური შევიწროება რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდებოდა, მოკვლევა მხოლოდ 5 ივლისის ინციდენტზე მიმდინარეობს.

რელიგიური დისკრიმინაციის ერთ-ერთი ბოლო შეტყობინება სახალხო დამცველის აპარატმა 11 ივლისს მიიღო. ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშნის ევანგელურ- ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელი ნანული ჯავახიშვილი სახალხო დამცველს აუწყებს, რომ ბაპტისტების კუთვნილი შენობის გასაღები ამჟამად სოფლის გამგებელს აქვს და მის დათმობას არ აპირებს:

[იოსებ ლაფაურის ხმა]” ჯერ ერთი, არ ვიცი, გასაღები ვისა აქვს. მაგათ აბანოს შენობა იყიდეს და იმ შენობაზე არ მიდის ლაპარაკი. ეს არის სულ სხვა შენობა, ავტომაღაზია. უბრალოდ, მიდგმულია ერთმანეთზე. ის ძველი აბანოს შენობა იყიდეს, მაგრამ ავტომაღაზია არ უყიდიათ. ჰოდა, ამიტომ მიმართონ და გაარკვიონ. მიმდინარეობს, ძირითადად, ქონებრივი სახის დავა. სხვა არაფერი მანდ რელიგიური მუხტი არ არის ჩადებული.”

ეს იყო ზემო ხოდაშნის გამგებლის მოადგილე, საკრებულოს მდივანი იოსებ ლაფაური. იგი რელიგიურ დისკრიმინაციას სოფელში კატეგორიულად უარყოფს და არსებითად ეთანხმება სახალხო დამცველს, რომ ნებისმიერი სახის დავა სამართალდამცავთა ჩარევის გზით, კანონიერად მოგვარდეს.
როგორც სოზარ სუბარი ამბობს, ბოლო სამი თვის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისში შესულ 12-ვე შეტყობინებაზე მყისიერად ეცნობათ ქვედა დონის შესაბამის ორგანოებს, პოლიციასა თუ პროკურატურაში. ქვედა ინსტანციების უმოქმედობის შედეგია ის, რომ დღეს სახალხო დამცველის წერილები პირადად გაეგზავნათ შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს.
XS
SM
MD
LG