Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გალის რაიონში შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირებას ითხოვს


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გალის რაიონში არსებულ სიტუაციაში ჩარევას ითხოვს.

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მდივნის აპარატი, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, გალის რაიონში შექმნილ ვითარებას ურთულესს უწოდებს და კვლავ მოითხოვს რაიონში გაეროს სამოქალაქო პოლიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ამოქმედებას.

ადამიანების გატაცება, ფულის გამოძალვა, ყაჩაღობა და სხვა სახის დანაშაული გალის რაიონში რეგულარულად ხდება და კიდევ უფრო ართულებს უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ისედაც მძიმე ვითარებას - კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ამ შინაარსის კიდევ ერთი მიმართვა გაუგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს და გაეროს გენერალურ მდივანთან არსებული მეგობარი ქვეყნების ჯგუფს.

გალის რაიონის მოსახლეობის დასაცავად საქართველო ადამიანის უფლებების ოფისის გახსნას ითხოვს, რასაც აფხაზური ხელისუფლება ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ გალში წესრიგს თავად დაამყარებს.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გია ვოლსკი განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო მიმართვა არ უკავშირდება უშუალოდ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც ივლისის ბოლოს გაიმართება:

[გია ვოლსკის ხმა] "ეს უკავშირდება ჩვენს მცდელობას, დავარწმუნოთ აფხაზური მხარე, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის გახსნა, ეს მათი საწინააღმდეგო მოქმედება კი არ არის, ეს არის ჩვენი ერთობლივი სურვილი, თუ გვინდა იქ იყოს წესრიგი." (სტილი დაცულია)

აფხაზური მხარე უკვე დიდი ხანია ეწინააღმდეგება გალის რაიონში არა მხოლოდ ადამიანის უფლებების ოფისის გახსნას, არამედ გაეროს სამოქალაქო პოლიციის მისიის ამოქმედებასაც. სოხუმში გამოკვეთილი იგნორირების პოლიტიკის გამო, აფხაზური მხარისადმი საერთაშორისო ტონის გამკაცრებას მოითხოვს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მეთაური ირაკლი ალასანია:

[ირაკლი ალასანიას ხმა] "ეს სწორედ მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად აფხაზური მხარე დროს წელავს. რეალურად მანდაც არ არის ერთსულოვანი აფხაზური მხარე და აფხაზური მთავრობა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ ფორმალურ მოლაპარაკებებში ქართული მხარე ვერანაირ ცვლილებას ვერ გრძნობს. ამიტომაც, ჩემი აზრით, უფრო უნდა გამკაცრდეს საერთაშორისო ორგანიზაციების ენა მათ მიმართ." (სტილი დაცულია)

ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭო ივლისში გამოაქვეყნებს, წინა ანალოგიური დოკუმენტებისგან მომთხოვნი ტონით უნდა განსხვავდებოდეს. საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან მუშაობს და შეეცდება, რომ რეზოლუციაში სოხუმისადმი მკაცრი მოთხოვნა ჩაიწეროს. ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ, გაეროს ტონის შეცვლის შემთხვევაში, ჟენევის მომავალი შეხვედრისას აფხაზური მხარე პოზიციას შეიცვლის.

გალის რაიონში ადამიანის უფლებების ოფისისა და გაეროს სამოქალაქო პოლიციის მისიის ამოქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნაცაა.

სამოქალაქო პოლიციის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე ხანია ზუგდიდის რაიონში იმყოფებიან და ადგილობრივ სამართალდამცავებს მუშაობის სრულყოფაში ეხმარებიან. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გია ვოლსკი განმარტავს, რომ რეგიონში საერთაშორისო სამოქალაქო პოლიციის ყოფნა არ ნიშნავს მისი საგუშაგოების გახსნას და წესრიგის დამყარებაში უშუალო მონაწილეობას:

[გია ვოლსკის ხმა] "აფხაზურ მხარეს, ალბათ, უნდა ესმოდეს, რომ ადამიანის უფლებების ოფისის გახსნა - იმავე საერთაშორისო საპოლიციო კომპონენტის შემოტანა სამშვიდობო ძალებში - ეს არის მოთხოვნა, საერთო საკაცობრიო პრინციპებიდან გამომდინარე, და არა მოთხოვნა იმისი, რომ მათ პოლიტიკური პოზიციები დათმონ." (სტილი დაცულია)

ამჟამად ქართული მხარე აფხაზურ დელეგაციასთან კიდევ ერთ შეხვედრას ამზადებს და გალის რაიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას გარკვეული პროგრესის იმედი აქვს. ეს შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამდე თბილისში ან სოხუმში გაიმართება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG