Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიყვარულის დღე საქართველოში


1981 წლიდან მოყოლებული, საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები ყოველი წლის 16 ივლისს სიყვარულის დღეს აღნიშნავენ.

ამ დღეს ყაზბეგის რაიონში, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გერგეტის მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად სოფელ გერგეტში უამრავი მორწმუნე იყრის თავს, თბილისელების უმრავლესობას მართლმადიდებლური სიყვარულის დღის შესახებ არაფერი სმენია. რატომ მაინცდამაინც 16 ივლისს აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები სიყვარულის დღეს?

გერგეტის წმინდა სამების ტაძარი ყაზბეგის რაიონში, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე, მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მეთოთხმეტე საუკუნეშია აგებული, თუმცა კომუნისტების მმართველობის პერიოდში, თუ არ ჩავთვლით გასული საუკუნის ოთხმოციან წლებს, იქ წირვა მრავალი ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე პეტრეს თქმით, სასწაული 1981 წლის 16 ივლისს მოხდა, როცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გერგეტის წმინდა სამებაში წირვა აღასრულა:

[მეუფე პეტრეს ხმა] „ამ წირვის შემდეგ იმდენად დიდი იყო განცდა სიხარულისა, ღმერთთან სიახლოვისა, როგორც მისმა უწმინდესობამ ბრძანა, ასეთი სიახლოვეო ღმერთთან არასოდეს მიგვრძნიაო და მოდით, ეს დღე დავაწესოთ სიყვარულის დღესასწაულადო და დავარქვათ სიყვარულის დღე, რამეთუ ღმერთი არის სიყვარული, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს.“(სტილი დაცულია)

მეუფე პეტრეს თქმით, 1981 წლიდან მოყოლებული, საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები სიყვარულის დღეს ყოველი წლის 16 ივლისს აღნიშნავენ, თუმცა ბევრ თბილისელს რატომღაც მართლმადიდებლური სიყვარულის დღის შესახებ არაფერი სმენია:

[ქალბატონის ხმა] „სიხარულისა და სიყვარულის დღეები კაი განწყობილებამ იცის. როგორც მე ვიცი, სიყვარულის დღე გაზაფხულზე აღინიშნება.“

[ ქალბატონის ხმა] „ არ ვიცი, მართლა არაფერი გამიგია, გენაცვალე.“

[ქალბატონის ხმა] „სიყვარულის დღეს აღნიშნავენ 15 აპრილს. ეს ახლად დანიშნული დღესასწაულია - რამდენიმე წელია, რაც აღნიშნავენ და სხვა დღე არ ვიცი.“

ამ ადამიანებისაგან განსხვავებით, სიყვარულის დღის შესახებ მეტი იციან მორწმუნეთა ჯგუფის იმ წევრებმა, რომლებმაც თბილისიდან ყაზბეგის რაიონამდე მანძილი - დაახლოებით 150 კილომეტრი - ფეხით გაიარეს და პატრიარქის მიერ ნაკურთხი ხატი გერგეტის მონასტერში დააბრძანეს.

[მამაკაცის ხმა] „16 ივლისი ეკლესიის მიერ სიყვარულის დღედ არის აღიარებული და ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მოვაწყვეთ მსვლელობა თბილისიდან ყაზბეგამდე. ცოტა სიძნელეები გვქონდა გზაში, მაგრამ ღვთის შეწევნით ყველაფერი დავძლიეთ.“

[მამაკაცის ხმა] „გამოვიარეთ მთიულეთში და ხევში გადმოვედით. ძალიან ხშირი იყო ხალხთან უშუალო კონტაქტი, ურთიერთობა. დიდი მადლია როგორც ჩვენთვის, ასევე იმ მოსახლეობისთვის, ვინც გვხვდებოდა, ვისაც გაუხარდა და ხატს ემთხვია.“

16 ივლისს ხატს გერგეტის ეკლსიაში მისული სხვა ბევრი მორწმუნეც ემთხვევა. ყაზბეგის რაიონის გამგებლის გიორგი ქირიკაშვილის თქმით, ადგილობრივების გარდა, გერგეტობაზე რაიონს მორწმუნეები სხვა რაიონებიდანაც სტუმრობენ:

[გიორგი ქირიკაშვილის ხმა] „ეს დღე კომუნისტების დროს დაწესდა. მაშინ ერქვა სიყვარულის დღე, ახლა დაერქვა გერგეტობა. მაშინაც ასე აღნიშნავდნენ: ჩამოდიოდნენ რაიონებიდან, თბილისიდან. ახლა უფრო მასიური ხასიათი მიეცა, თითქმის ყველა რაიონიდან ჩამოდიან, წელს აჭარლებსაც ველოდებით... წირვა დაიწყება საღამოს და ხვალ დილითაც გაგრძელდება.“

როგორც წესი, 16 ივლისს, ანუ სიყვარულის დღეს, გერგეტის სამებაში წირვას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი აღასრულებს ხოლმე. თუმცა, როგორც მეუფე პეტრე ბრძანებს, წლევანდელ გერგეტობაში, მოუცლელობის გამო, ილია მეორე მონაწილეობას ვერ მიიღებს. საზეიმო ლიტურგია კი 16 ივლისს დილის 10 საათზე დაიწყება და მას სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსი, მეუფე პეტრე აღასრულებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG