Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოების განცდა გორის სისხლიანი ტერაქტისა და თბილისის არშემდგარი ტერაქტის ფონზე


ბოლო კვირის განმავლობაში ზედიზედ ორი გახმაურებული ტერორისტული აქტის გახსნამ ავტორიტეტი აუმაღლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

თუმცა მოსახლეობის უმეტესობა და დამოუკიდებელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ცალკეული ადამიანების და მთლიანად სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის ხარისხი არ გაუმჯობესებულა. ამის ძირითად მიზეზად სახელდება ასაფეთქებელი საშუალებების მაღალი კონცენტრაცია, საზღვრების არასრულყოფილი დაცვა და დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა.

1 თებერვალს გორის პოლიციის შენობასთან მომხდარ ტერორისტულ აფეთქებამდე, დივერსიულმა ჯგუფებმა შიდა ქართლში რამდენჯერმე ააფეთქეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ერთხელ - ხიდი და ერთხელ - სარკინიგზო ხაზი. დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის მთავარ სამიზნედ შიდა ქართლის რეგიონი იმის გამოც გახდა, რომ იქ კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი საშუალებები, რომელსაც ოსი სეპარატისტები ფლობენ, ამბობს გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი, რომელმაც გახმაურებულ ტერორისტულ აქტებს რამდენიმე საგაზეთო პუბლიკაცია მიუძღვნა.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “საერთოდ, როგორც ცნობილია, 1992 წლის 9 მაისს, თუ არ ვცდები, რუსეთის მესანგრეთა პოლკი იყო დისლოცირებული ცხინვალში და იქ მათ 30 ათასამდე ნაღმი გადასცეს, აჩუქეს თუ დაუტოვეს ადგილობრივ სეპარატისტებს. ეს უზარმაზარი მარაგია. და ამის გარდა, რაც გასული წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებები განახლდა ცხინვალის რეგიონში, მაშინაც, ჩემი ინფორმაციით, საკმაო რაოდენობით ნაღმები და ასაფეთქებელი ნივთიერება იქნა შემოტანილი.” (სტილი დაცულია)

ტერორისტული თუ დივერსიული საფრთხისაგან საქართველოს არც სხვა კუთხეები და არც თავად ქვეყნის დედაქალაქია დაცული. ამა წლის 10 მაისს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტის დროს, თავისუფლების მოედანზე ტრიბუნისაკენ ნასროლი ხელყუმბარა მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის გამო არ აფეთქდა. პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილზე მომხდარი თავდასხმა, რომელშიც ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თავდამსხმელები მონაწილეობდნენ, უბრალო ადამიანებს აფიქრებინებს, რომ მათი პირადი უსაფრთხოები კვლავაც დაუცველია. საფრთხის შეგრძნებას ზოგს სამართალდამცველების სისუსტე უძლიერებს, ზოგს კი საქართველოს მონაწილეობა ანტიტერორისტულ კოალიციაში.

[მოქალაქეების ხმები] “დივერსიონნი, მივერსიონნი არ ვიცი, მაგრამ საქართველოს შიგნით ეს ადამიანები კარგად არ მუშაობენ.”/”ეს ძალიან დიდი გამოცდა იყო ქართველი სამართალდამცველებისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მერე და მერე უკეთ გაართმევენ თავს საქმეს.”/ “ეს ძალიან არ მომწონს, ჩვენი ბრიგადის ყოფნა ერაყში. მუსლიმანური სამყარო ძლიერია და მასთან ფრთხილად უნდა ვიყვეთ.“

ქართველი სამართალდამცველების მიერ ტერორისტული აქტების გახსნას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ტერორიზმისა და აპოლიტიკური ძალადობის ცენტრის დირექტორი ბადრი ნაჭყებია. როგორც რადიო “თავისუფლებას” ბადრი ნაჭყებიამ უთხრა, საქმის გამოძიებაზე ბევრად ძნელია ტერორისტული საფრთხის პროფილაქტიკა და პრევენცია, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებენ დასავლეთის ძლიერი სახელმწიფოების სპეცსამსახურები:

[ბადრი ნაჭყებიას ხმა] “დე ფაქტო ტერორიზმისაგან არ არის დაცული როგორც პატარა და სუსტი სახელმწიფო, ისე ზეძლიერი სუპერსახელმწიფო. აქედან გამომდინარე, თუ არ შეიქმნა ერთიანი რაღაც სისტემა უსაფრთხოების და თუ ჩვენ არ ჩავერთეთ მასში, ჩვენს პარტნიორ დიდ სახელმწიფოებთან ერთად, შეიძლება საქართველო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს.”

პოტენციური საფრთხის ერთ-ერთი ძლიერი კერაა სეპარატისტული რეჟიმები, სადაც, როგორც გორის ტერაქტმა ცხადყო, საკმაოდ თავისუფლად მოქმედებენ როგორც ქართული, ისე ადგილობრივი კრიმინალები, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ სპეცსამსახურს შეუძლია დივერსიული და ტერორისტული აქტების განსახორციელებლად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG