Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები და თავისუფლებები საქართველოში


საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებისა და თავისუფლებების საკითხის შესასწავლად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ

კვლევითი მისია თბილისსა და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რამდენიმე რეგიონში მიავლინა. თბილისში ქურთი-იეზიდების, წალკაში ბერძნების, ხოლო ახალციხესა და ახალქალაქში სომხების საზოგადოებრივ-სოციალური პრობლემების გაცნობის შემდეგ კი გაკეთდა დასკვნა, რომელიც პირობითად ასე შეიძლება განზოგადდეს: საქართველოში ეროვნული უმცირესობების დისკრიმინაციის ძირითადი ფორმებია სახელმწიფო ენის უცოდინრობა და დაბალი სოციალური სტატუსი.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოში ჩატარებული კვლევის ანგარიში მიმდინარე წლის 2 ივნისს გამოაქვეყნა. ანგარიშში ფოკუსჯგუფების დახასიათება ცალ-ცალკეა მოცემული. აი, რა წერია, მაგალითად, ქურთ-იეზიდებზე: ეს ეთნიკური ჯგუფი საქართველოში, ზოგადად, დაბალ სოციალურ საფეხურზე დგას და არ სარგებლობს საყოველთაო მოწონებით. შერეული ქორწინებები ეროვნებით ქართველებსა და ქურთებს შორის უკიდურესად ცოტაა. უმაღლესი განათლების მქონე ქურთების რაოდენობა არც ისე დიდია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მაღალი თანამდებობა უკავიათ საზოგადოებაში. ქართველებში ქურთის ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპი ეზოს მხვეტავია.”

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ, ეს სტერეოტიპი საქართველოში მცხოვრები ქურთი იეზიდებისათვის დამამცირებელი არ არის. ამას გარდა, როგორც ბევრი სხვა რამ, უკანასკნელ ხანს ეს სტერეოტიპიც შეიცვალა და ქუჩებს, სათანადო გასამრჯელოს ფასად, ქართველებიც ხვეტენ. რაც შეეხება ეროვნული უმცირესობების დისკრიმინაციას, როგორც საქართველოს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი შენიშნავს, ევროპელმა ექსპერტებმა საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინეს:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] "ფედერაცია აღიარებს, რომ საქართველოში ხდება გარკვეული დისკრიმინაცია ეთნიკური უმცირესობების, მაგრამ არ ხდება რაიმე დევნა და არ შეიძლება საუბარი რაღაც კონკრეტულ ისეთ ფაქტებზე, რომ ეთნიკური ნიშნით ვინმე იდევნება. პირველი ანგარიში ეთნიკური უმცირესობების შესახებ არის სწორედ მომზადებული იმისათვის, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემებს.” (სტილი დაცულია)

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის პირველი და უმთავრესი რეკომენდაცია ქვეყნის ხელისუფლების მიმართ არის ის, რომ განისაზღვროს ცხადი პოლიტიკური სტრატეგია ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში.

[ზაურ კვარაცხელიას ხმა] ”ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ამჟამად მუშავდება და, ალბათ, უკვე საშემოდგომო სესიებზე მიღებული იქნება კანონი ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ, რომელსაც ამზადებს ქალბატონ ელენე თევდორაძის კომიტეტი. ჩვენ ამ დოკუმენტს ვიცნობთ, იყო განხილვა პარლამენტში. ჩვენ ჩვენი შენიშვნები მივეცით.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული ქართული დიასპორებისა და ეროვნებათშორის ურთიერთობების განყოფილების უფროსის ზაურ კვარაცხელიას აზრით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის კვლევითი მისიის ანგარიში რეალურად ვერ ასახავს ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობას საქართველოში. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის სტრატეგია, რომელიც ფედერაციამ აირჩია, კერძოდ, ფოკუსჯგუფებად შერჩეული იქნა ეროვნული უმცირესობების კომპაქტური დასახლებები, სადაც უმცირესობები უმრავლესობას შეადგენენ, ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა კი უმცირესობას. აღნიშნული მისია საქართველოდან დასავლეთ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაკადის მოზღვავების მიზეზების შესწავლას ისახავდა მიზნად. ძნელი სათქმელია, რამდენად შესრულდა მიზანი. მით უფრო, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისიამ დისკრიმინაციის ძირითად სახეობებად სახელმწიფო ენის უცოდინრობა და ეროვნული უმცირესობების მძიმე სოციალური მდგომარეობა დაასახელა, სიღარიბის ზღვარზე და მოუწყობელ სოციალურ პირობებში კი საქართველოში, სამწუხაროდ, არამარტო ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG