Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკაში სულ უფრო მატულობს ერაყის ომის მოწინააღმდეგეთა რიცხვი


ანდრო ეული გელოპის ინსტიტუტის მიერ ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 53 პროცენტი დარწმუნებულია იმაში, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ვერ მოიგებენ ომს ერაყში.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, 58 პროცენტი ფიქრობს, რომ აშშ ვერ შესძლებს ერაყში სტაბილური დემოკრატიის დამკვიდრებას.

პროფესორი ალენ ლიხტმანი, რომელიც ისტორიის კურსს კითხულობს ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში შეშფოთებულია ამ გამოკითხვის შედეგით, თუმცა დასძენს, რომ სულაც არ ყოფილა მისთვის მოულოდნელი სულ უფრო მზარდი პესიმიზმი ამერიკელებში ერაყის ომის მოსალოდნელ შედეგთან დაკავშირებით {ალენ ლიხტმანის ხმა}: "უკანასკნელ კვირეებსა და თვეებში პრესაში ნეგატიური ინფორმაცია ქვეყნდება, ხოლო ადმინისტრაციამ ვერ შესძლო სარწმუნო არგუმენტების მოშველიება იმის საილუსტრაციოდ, რომ ჩვენ წარმატებას ვაღწევთ. გარდა ამისა, ერაყელები ამზადებენ კონსტიტუციას, რომელიც არღვევს ამერიკელთა ცნობიერებაში დამკვიდრებული დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, მაგალითად თანასწორუფლებიანობას მამაკაცებსა და ქალებს შორის".

ლიხტმანის თქმით, თუ ერაყში კვლავაც გაგრძელდება თვითმკვლელ კამიკაძეთა აფეთქებები და სისხლისღვრა, ხოლო ქვეყნის საკონსტიტუციო კომისია არ შეცვლის ამჟამინდელ გეზს, კიდევ უფრო მეტი ამერიკელი განეწყობა პესიმისტურად ბუშის პოლიტიკისადმი ერაყთან მიმართებაში.

თადარიგის პოლკოვნიკს ქენეთ ალერდს, რომელიც სამხედრო ისტორიის კურსს კითხულობს ვაშინგტონის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში მიაჩნია, რომ როცა ომს იწყებ, კიდევაც უნდა სცადო მისი მოგება. თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ წარმართავენ ერაყის ომს ბუში და რამსფელდი, არაა გასაკვირი ამერიკელი ხალხის იმედგაცრუება. ქენეთ ალერდის თქმით, ბუშისა და რამსფელდის სტრატეგიამ 1,800-დე ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, და ხალხის მოთმინების ფიალა ივსება {ქენეთ ალერდის ხმა}: "დრო ჩვენს სასარგებლო არ მუშაობს. კიდევ რამდენ ხანს დაიცდის ხალხი წარმატების მოლოდინში? გეძლევათ არაერთი შანსი იმისა, რომ გაამართლოთ თქვენივე ნამოქმედარი და ხალხს მხარდაჭერას სთხოვთ. შეგიძლიათ კვლავაც გადადოთ კარგა ხნით ნამოქმედარის გამართლება, და გაოცებული ვარ, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს".

ალერდი განცვიფრებას ვერ მალავს იმის გამო, რომ არავინ დაპირისპირებია სერიოზულად ბუშსა და რამსფელდს იმ საკითხში, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ომი. "კიდევ უფრო განმაცვიფრებელი ისაა" - აღნიშნავს ქენეთ ალერდი, "რომ სენატორი ჯონ კერი, რომელიც პრეზიდენტობას ეცილებოდა ბუშს გასულ წელს, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას იმაზე საუბრობდა უმეტესწილად, თუ როგორ იმსახურა ჯარში გაწვეულმა 30 წლის წინათ ვიეტნამში, და ეს მაშინ, როცა ერაყის ომზე არცერთ კანდიდატს არ ულაპარაკია არსებითად".
XS
SM
MD
LG