Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრი ბენდუქიძის ბრძანებულების გაუქმებას ითხოვს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია 2004 წლის ოქტომბერში მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის იმ ბრძანებულების გაუქმების ინიციატივით

გამოდის, რომელიც პრივატიზების ჩატარების წესების რეგლამენტაციას ეხება. იუსტიციის მინისტრი ბენდუქიძის ბრძანების კანონთან შეუსაბამობაზე აკეთებს აპელაციას და ამ ნორმატიული აქტის შეცვლის აუცილებლობას ინვესტორთა უფლებების დაცვაზე ზრუნვით ხსნის. ამ საკანონმდებლო კაზუისტიკის მიღმა ექსპერტები ორ მინისტრს შორის დაპირისპირების ნიშნებს ხედავენ. მინდა საპრივატიზებო კონკურსების მარეგულირებელი ბრძანებულების შესახებ გესაუბროთ.

იუსტიციის მინისტრმა კოტე კემულარიამ მთავრობის სხდომაზე დასვა საკითხი სახელმწიფო ქონების კონკურსის წესით პრივატიზების მარეგულირებელი ბრძანების ანულირების შესახებ. აღნიშნული ბრძანება 2004 წლის ოქტომბერში იქნა მიღებული და თავის დროზე იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციაც გაიარა. კოტე კემულარია ამ ინიციატივას იმით ხსნის, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ფასების განსაზღვრის მექანიზმი არ შეესაბამება კანონს პრივატიზაციის შესახებ. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი ინვესტორებზე ზრუნვის მოტივაციას იშველიებს და აცხადებს, რომ ინვესტორები, რომლებთანაც მოლაპარაკებას კულისებს მიღმა აწარმოებენ, დაუცველები აღმოჩნდებიან. პრესა ბოლო მთავრობის სხდომაზე მომხდარი ამ ინციდენტის მიღმა ორი მინისტრის დაპირისპირებაზე საუბრობს. ამასთან, კემულარიას ბენდუქიძის ბრძანება არ მოსწონს, თუმცა, ზოგადად, აწ უკვე განხორციელებული პრივატიზების პროცესის მიმართ შენიშვნები არა აქვს:

[კოტე კემულარიას ხმა] ”ამ ბრძანებულების, ფაქტობრივად, ახალი რედაქციით გამოცემის საფუძველი არის ის მოლაპრაკებების ფორმა, რომელიც მიმდინარეობს და ჩვენ ამის შესახებ გვქონდა მსჯელობა, მაგრამ პრივატიზების კანონიერება-არაკანონიერებასთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს. ლაპარაკი არის მომავალში ამ ფორმის დახვეწაზე, ლაპარაკია ინვესტორთა უფლებების დაცვაზე, ლაპარაკია დემოკრატიზაციაზე და უფრო მეტად გამჭვირვალობაზე, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ დღემდე მიმდინარე პრივატიზების მიმართ ისმება რაიმე კითხვები.”(სტილი დაცულია)

საინტერესოა, რომ იუსტიციის მინისტრის ინიციატივას არ იზიარებს არც თავად კახა ბენდუქიძე და არც ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე, რომელსაც მთავრობის სხდომაზე 2004 წელს ხელმოწერილი ბრძანებულების ახალი რედაქციის მომზადება დაევალა. ჩოგოვაძე მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარმოადგენს ვრცელ განმარტებებს იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა. თავად ბენდუქიძე ფიქრობს, რომ თავის დროზე მის მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტი არანაირ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება და იგი პრივატიზების პროცესს გაცილებით მოქნილს ხდის:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ” უბრალოდ, ლაპარაკი არის, ჩემი აზრით, იმაზე, რომ იმ სპეციალისტებმა, რომლებმაც მოამზადეს ეს წინადადებები, რომლებიც ბატონმა კოტემ წარმოადგინა, საბოლოოდ ვერ გაიაზრეს ბოლომდე, როგორ ხდება ამ ბრძანებულების ინპლემენტაცია. ჩემი აზრით, ეს ელემენტარული ბიუროკრატიული შეცდომა არის, სხვა არაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და აწესებს უფრო მოქნილ წესებს ამ კონკურსების ჩატარების.”(სტილი დაცულია)

ამ იურიდიულ დაპირისპირებას ექსპერტები კახა ბენდუქიძის დისკრედიტაციის მცდელობად და ბოლო პერიოდში მსხვილი სახელმწიფო ობიექტების გასხვისების პროცესში შექმნილი პრობლემების გამო ”განტევების ვაცის” ძიებად აფასებენ. ჯერჯერობით ამაზე არ საუბრობს თავად კრიტიკის ობიექტი კახა ბენდუქიძე, თუმცა იგი თავისი ბრძანებულების დაცვას ბოლომდე აპირებს.
XS
SM
MD
LG