Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევნების მოთხოვნა უცვლელია


ხუთშაბათიდან საქართველოს არც ერთი არჩეული მერი აღარ ჰყავს. ბოლო მათგანმა, რუსთავის მერმა მერაბ ტყეშელაშვილმა, თანამდებობა ისე დატოვა,

რომ საკუთარი გადაწყვეტილების მოტივი არ დაუკონკრეტებია.

მერების პირდაპირი არჩევნების სარეფერენდუმო ინიციატივის ხელახლა დასაბუთებულ დოკუმენტაციას ამზადებს საინიციატივო ჯგუფი, რომლის პირველი განაცხადი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია. მოგითხრობთ განმეორებითი სარეფერენდუმო პროცედურის თაობაზე:

უახლოეს ხანში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წლევანდელი ზაფხულის განმავლობაში მესამედ მიმართავენ ქვეყანაში რეფერენდუმის დანიშვნის განცხადებით. ბოლო პერიოდის ორი სარეფერენდუმო ინიციატივიდან ერთი მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას შეეხებოდა და არ დაკმაყოფილდა. ამ საკითხზე მსჯელობა საარჩევნო ადმინისტრაციას კვლავ მოუწევს, რადგან ინიციატორი, "სახალხო ფორუმის" სახით, ახალ დოკუმენტაციას ამზადებს. ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი, რევაზ შავიშვილი, განმარტავს, რომ კანონი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართვას არ კრძალავს:

[რევაზ შავიშვილის ხმა] "ჩვენ ვაპირებთ კონსტიტუციური მეთოდებით ბრძოლას იმისთვის, რაც მიგვაჩნია სწორად ამ ქვეყნისთვის. ერთი პერიოდი იძახდნენ, რომ უსინდისოდ ტყუიან, როცა ამბობენ, რომ საკრებულოდან არჩეული მერი არ არის არჩევითიო. ვადასტურებ, რომ არჩევითია, მაგრამ მე ასეთი მინდა, მე, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს. მე ვიცი, რომ უმრავლესობასაც ასე უნდა. მოდი, რეფერენდუმით გავარკვიოთ ეს! რა არის ამაში ცუდი, მიუღებელი, არადემოკრატიული, ქვეყნის სამტროდ გამიზნული და ა.შ?!" (სტილი დაცულია)

ივლისში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებული რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფის განაცხადის შინაარსი "რეფერენდუმის კანონს" ეწინააღმდეგებოდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ფორმულირებაში რამდენიმე სიტყვა - მათ შორის, პირდაპირი კენჭისყრა და დასახლებული პუნქტები - დაიწუნა და ისიც განმარტა, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრებს მისამართები არ მიუთითებიათ.

"სახალხო ფორუმმა" ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში არ გაასაჩივრა და ხელახალი, დაზუსტებული, სარეფერენდუმო განაცხადის წარსადგენად ემზადება. პარალელურად ფორუმი აპირებს დაიწყოს საკანონმდებლო ინიციატივისთვის აუცილებელი მინიმუმ 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რათა, ცსკ-ის განმეორებითი უარის შემთხვევაში, პირდაპირი არჩევნების ინიციატივით პარლამენტს მიმართოს.

ანალოგიური გეგმა აქვთ კონსერვატორებსა და რესპუბლიკელებს, რომლებიც სახალხო ფორუმთან ერთად რეფერენდუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან. პარლამენტის დეპუტატი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მერის პირდაპირ არჩევნებთან დაკავშირებული სამოქალაქო ინიციატივის უარყოფით ხელისუფლება საკუთარ თავს საბოლოოდ გააკოტრებს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] "თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლება, რომელსაც იმ დროისთვის - და გაცილებით ადრე - ექნება ჩვენი მხრიდან შეგროვებული ძალიან დიდი რაოდენობა ხელმოწერებისა, რომლითაც შემოვალთ საკანონმდებლო ინიციატივით და მოვითხოვთ მერის პირდაპირ არჩევნებს, თუ ამასაც უარყოფს, ასეთი ხელისუფლება იქნება გაკოტრებული." (სტილი დაცულია)

სანამ რეფერენდუმისა და პირდაპირი არჩევნების მხარდამჭერები ცსკ-თან ახალი ბრძოლისა და საკანონმდებლო ინიციატივისთვის ემზადებიან, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, რუსთავში დარჩენილი ბოლო არჩეული მერი პოსტიდან გადადგა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG