Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყიდან 4 ქართველი მშვიდობისდამცველი სიმთვრალის გამო გამოაძევეს


დაახლოებით ერთი თვის წინ ქვედანაყოფ “შავნაბადას” მეთაური კაპიტანი გიორგი შენგელია, რომლის ბატალიონი ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონაში, ყველაზე სახიფათო უბანზე

მოქმედებს, ჩვენ მიერ აღებულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობდა ქართველ მშიდობისდამცველთა მაღალ მისიაზე და ყურადღებას ამახვილებდა დისციპლინის მკაცრ მოთხოვნებზე საბრძოლო ვითარებაში. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კვირის ბოლოს ერაყიდან 4 უდისციპლინო სამხედრო მოსამსახურე გამოაძევეს. სამხედრო უწყება კი შეეცადა ეს ფაქტი საგულდაგულოდ დაემალა საზოგადოებისათვის.

ოთხი დისციპლინის დამრღვევი ქართველი მშვიდობისდამცველი ჯარისკაცი ერაყიდან, თურქეთის გავლით, გასულ პარასკევს სპეციალური ესკორტის თანხლებით ჩამოიყვანეს. სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა ვინაობა სამხედრო უწყებაში საგულდაგულოდ საიდუმლოვდება, ასეთი დისციპლინური სასჯელი ერაყში მყოფ ბატალიონ “შავნაბადას” მეთაურმა კაპიტანმა გიორგი შენგელიამ გამოუტანა. როგორც სატელეფონო საუბარში გიორგი შენგელიამ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, იგი, როგორც მეთაური, უმკაცრესად ადევნებს თვალს დისციპლინის მდგომარეობას ქვედანაყოფში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე “ცხელ წერტილში” საქართველოს სახეს წარმოადგენს:

[გიორგი შენგელიას ხმა] “მათ დალიეს, დაარღვიეს დისციპლინა და გამოვუშვით. ჩევნთან ასეთი სიმკაცრეა და სხვაგან - არ ვიცით. დავაყენე შუამდგომლობა, რომ გარიცხულ იქნენ ბატალიონიდან.” (სტილი დაცულია)

ამჟამად ქართული სამშვიდობო ბატალიონი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სწორედ სადამ ჰუსეინის სასახლეშია დაბანაკებული და ყოველდღიურ საბრძოლო ამოცანებს უშუალოდ ე.წ. “მწვანე ზონაში” ასრულებს. ქართული ქვედანაყოფის მოქმედებას ამერიკული სარდლობა დადებითად აფასებს. ხოლო 22 მაისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც ამერიკელ ქვეითთა ჯავშანმანქანაში ამერიკელებთან ერთად საბრძოლო დავალებაზე მყოფი ლეიტენანტი მიხეილ ქუთათელაძეც აფეთქდა, ქართულმა ქვედანაყოფმა კიდევ უფრო გაითქვა სახელი. მაგრამ საბრძოლო მოქმედების დროს დისციპლინის დარღვევა მკაცრად ისჯება. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებათდამცველი ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” დირექტორი ირაკლი სესიაშვილი ერაყიდან სიმთვრალის გამო ჯარისკაცების გამოძევებას უსიამოვნო ფაქტს უწოდებს, თუმცა არა “კატასტროფულს”:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] “მე მაგაში დიდ კატასტროფას ვერ ვხედავ. იმიტომ რომ, ცალკეული კრიმინალი არ მოქმედებს მთლიან შეიარაღებულ ძალებზე, ზოგადად, თუ მას მასობრივი ხასიათი არა აქვს. აქ პრობლემა უფრო სხვაა - რომელ მმართველობასთანაა კავშირში. მე იქ უფრო ვხედავ კატასტროფას.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება მმართველობას, ანუ სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას, იგი სამოქალაქო მინისტრების მმართველობის პერიოდში იქცა ერთგვარ “დახურულ ლაბორატორიად”, საიდანაც ჭირს ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც უწყების მიერ შემუშავებულ საინფორმაციო პოლიტიკაში არ ჯდება. ხოლო პრესის ფურცლებზე მოხვედრილი არასასურველი ინფორმაციის ავტორებს დიდი შანსი აქვთ დაკარგონ დაშვება სამხედრო უწყებაში მაშინაც კი, როცა ინფორმაცია სავსებით სარწმუნოა, ამბობს ყოველკვირეულ გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტი ეკა გულუა:

[ეკა გულუას ხმა] “როცა სტატია კრიტიკულია, არის შენიშვნები, არის საყვედურები მეგობრული, შეიძლება არ დაგიპირისპირდნენ, მაგრამ მეორე შემთხვევაში, სხვა დროს, როცა დაგჭირდება ინფორმაცია, შენ კარი დახურული გაქვს.”(სტილი დახურულია)

ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ერაყიდან გამოძევებული ქართველი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციის დადასტურებას ვითხოვდით, სამხედრო უწყებაში გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ ამ ინფორმაციას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG