Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ორ სატელეფონო კომპანიას შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება


საქართველოს დედაქალაქში არსებულ ორ ძირითად სატელეფონო ოპერატორს ”ახალ ქსელებსა” და ”გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”

- ადრინდელ ”ელექტროკავშირს” - შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. თუ აქამდე დაპირისპირების მიზეზი ურთიერთჩართვის გადასახადი იყო, ახლა სადავო აბონენტების კუთვნილებისა და საკაბელო მეურნეობის იჯარის საფასურის საკითხებია. ეს ყველაფერი კი პირდაპირ აისახება მომხმარებლებზე ტარიფის გაძვირებითა თუ მომსახურების ხარისხის გაუარესებით.

თბილისის ძირითადი სატელეფონო ოპერატორების ”ახალი ქსელებისა” და ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დავამ უკვე დააზარალა ასიათასობით მომხმარებელი. ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთჩართვის საფასურის დაწესების გამო ყოფილი ”ელექტროკავშირის”, ახლა კი “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, აბონენტები იძულებულნი გახდნენ სააბონენტო გადასახადთან ერთად სატელეფონო საუბრის წუთობრივი საფასურიც გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ ასეთ საფასურს ”ახალი ქსელების” მომხმარებლები ამ კომპანიის დაარსების დღიდან იხდიან. თუმცა მათ კიდევ უფრო მეტის გადახდა მოუწევდათ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ყოფილი ”ელექტროკავშირის” ახალი ინიციატივა რომ დაეკმაყოფილებინა. ფასების მომატება შეაწუხებდათ სხვა, უფრო მცირე ზომის, ოპერატორების მომხმარებლებსაც.

კერძოდ, ”გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” სხვა კომპანიებისათვის იჯარით გადაცემული სატელეფონო წყვილების საიჯარო საფასურის 2,5 ლარის 19,5 ლარამდე გაზრდა მოითხოვა. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის დავით პატარაიას განცხადებით, კომისიამ ჯერჯერობით შეაჩერა “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნის განხილვა:

[დავით პატარაიას ხმა] ”როცა წყვილს ქირაობს, დავუშვათ, “ახალი ქსელები” “ელექტროკავშირისგან”...
... შესაბამისად, ეს მომხმარებელს იმწუთში დააწვება, გასაგებია, რაც პრაქტიკულად მიუღებელია.”

ყოფილი “ელექტროკავშირი”, ახლა კი “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, ”ახალ ქსელებს” იჯარით გაცემული სატელეფონო წყვილების გამოც დაუპირისპირდა. აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე “ახალი ქსელები” “ელექტროკავშირის” იმაზე მეტ სატელეფონო წყვილს იყენებდა, ვიდრე საიჯარო გადასახადს იხდიდა. ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლის ლევან კვერნაძის განცხადებით, “ახალ ქსელებს” იმდენი წყვილი დაუტოვეს, რამდენის საფასურსაც იხდის. მე მას ვკითხე, ეს ხომ არ გამოიწვევს “ახალი ქსელების” ზოგიერთი აბონენტის ტელეფონის გარეშე დატოვებას.

[ლევან კვერნაძის ხმა] ”ჩვენ ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. რამდენი აბონენტი იყო ამ წყვილის უკან, ჩვენ მასზე პასუხს ვერ ვაგებთ...”

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თბილისში,მხოლოდ საბურთალოს ტერიტორიაზე, 1400-მდე აღურიცხავი წყვილი აღმოჩნდა. მე შევეცადე “ახალი ქსელების” ადმინისტრაციას დავკავშირებოდი იმის გასარკვევად, ემუქრება თუ არა მისი მომხმარებლების ნაწილს ტელეფონის გარეშე დარჩენა, მაგრამ ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა: “ახალ ქსელებში” ტელეფონს მხოლოდ ერთმა თანამშრომელმა უპასუხა და მანაც არაკომპეტენტურობა მოიმიზეზა.
XS
SM
MD
LG