Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უწუნებენ თბილისელები „ვაკის პარკს“


აგვისტოს ხვატში თბილისში დარჩენილი ადამიანები სულის მოსათქმელად კუს ტბას, თბილისის ზღვას ან განუკითხაობის პერიოდში განადგურებას გადარჩენილ „მწვანე კუნძულებს“

- პარკებსა და სკვერებს - თუ მიაშურებენ. სამწუხაროდ, 40 გრადუსიან სიცხეში სიგრილეს დახარბებულ თბილისელებს პარკებისა და სკვერების ადმინისტრაცია ბევრს ვერაფერს სთავაზობს. დამშრალი შადრევნები, მწვანე მოლზე დაყრილი ნაგავი, დამტვრეული სკამები და აქა-იქ შემორჩენილი საქანელები - ყველაფერი ეს თბილისის პარკების სავიზიტო ბარათად ქცეულა. ამ მხრივ გამონაკლისი არც „ვაკის პარკია“. რას უწუნებენ თბილისელები ვაკის, იმავე “გამარჯვების”, პარკს და რატომ გაიტანეს პარკის ტერიტორიიდან კარუსელები და საქანელები?


იყო დრო, “ვაკის პარკის” ტერიტორია რამდენიმე ასეულ ჰექტარს მოიცავდა, თუმცა, ყოფილი ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანიების შემოტევის შედეგად, ეგრეთ წოდებული „წითელი ზოლის“ ფართობი 17 ჰექტარამდე შემცირდა. პარკის ტერიტორიაზე შენდება 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ირანისა და უკრაინის საელჩოები; კუს ტბისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს ასევე მიმდინარეობს მშენებლობა, რის გამოც ნახევარი საუკუნის ფიჭვნარი გაიჩეხა. არადა, სწორედ ეს ფიჭვები, მწვანე ნარგავები და სუფთა ჰაერი იზიდავს იმ თბილისელებს, რომლებმაც აგვისტოს ცხელ თვეში ქალაქიდან გასვლა ვერ მოახერხეს.

[ქალბატონის ხმა] „ჰაერის გამო მოვდივართ ხოლმე და ბავშვებიც მოგვყავს.“

[ქალბატონის ხმა] „ რა ვიცი, კარგი ჰავაა, ბავშვებსაც ძალიან უყვართ აქაურობა, კარუსელები... მართალი გითხრათ, მეც ძალიან მომწონს ეს ადგილი.“

თუმცა პარკში დასასვენებლად მისულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, სუფთა ჰაერის გარდა, გასართობიც სჭირდებათ. თბილისელები კარუსელებისა და საქანელების სიმწირეზე ჩივიან.

[ბავშვის ხმა] „ახლა არ არის, მაგრამ ადრე იყო კარგი კარუსელები. აი, მანქანა, ჭიქები, რომელიც ადრე იყო, ნამდვილად იყო!“

[ქალბატონის ხმა] „მე ვიკითხე, სად წაიღეთ-მეთქი კარუსელები და მითხრეს, ბათუმშიო.“

სად წაიღეს კარუსელები? იქნებ ბორჯომში, სადაც დღე-დღეზე უკრაინის პრეზიდენტს ელიან და სადაც ისტორიული პარკის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს? თუმცა ამ ინფორმაციას ბორჯომის რაიონის გამგებელი გიორგი ტალახაძე არ ადასტურებს:

[გიორგი ტალახაძის ხმა] „რას გულისხმობთ? იქნებ, კონკრეტულად მითხრათ რამე? მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ, რომ თითქოს რამე წამოვიდა “ვაკის პარკიდან”. რაც ჩამოვიდა, ყველაფერი იყო ახალი და კონტეინერებში.“

„ვაკის პარკის“ თანამშრომლების თქმით კი, ატრაქციონების ერთი ნაწილი ყოველ ზაფხულს აჭარაში - ქობულეთსა და ბათუმში - იგზავნება.

[მამაკაცის ხმა] „ბათუმში წაიღეს ის კარუსელები, რომელიც მათი იყო. ჩამოტანილი ჰქონდათ თბილისში. სეზონი რომ დაიხურება, ისევ ჩამოიტანენ.“

თუმცა, კარუსელების გარდა, თბილისელებს პარკის სავალალო სანიტარული მდგომარეობა და თვეობით დადუმებული შადრევნებიც აწუხებთ.

[ქალბატონის ხმა] „სისუფთავე არ მომწონს. იქით, ხეების ქვეშ, სიბინძურეა. ეს შადრევანიც გამორთულია.“

[ქალბატონის ხმა] „სისუფთავის მხრივაც არ ვემადლიერებით, შადრევნებიც არ მუშაობს. არადა, ცხელა, სიგრილე გვინდა. ... მარტო ახლა კი არა, საერთოდ არ მუშაობს. თუ ვინმე სტუმარი ჰყავთ, მაშინ თუ ჩართავენ.“

ამგვარი დისკომფორტის მიუხედავად, თბილისელები “ვაკის პარკის” მიმართ მაინც ერთგულებას იჩენენ. როგორც ეტყობა, აგვისტოს ცხელ თვეში, როცა ჰაერის ტემპერატურა ორმოც გრადუსს აღწევს, ქალაქში ჩარჩენილი თბილისელებისთვის სუსტ სიოსა და ჩრდილის მცირე ნაგლეჯსაც კი ოქროს ფასი აქვს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG