Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ ”ათასწლეულის პროგრამის” დაწყებამდე


ორ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება, ვიდრე ”ათასწლეულის კორპორაციის” სამეთვალყურეო საბჭო საქართველოსთან ხელშეკრულების დამტკიცების საკითხს განიხილავს.

დამტკიცების შემთხვევაში, ხელშეკრულება გადაეცემა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს. მისი თანხმობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის, მხარეები ხელს მოაწერენ და რატიფიკაციას გაუკეთებენ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც საქართველო 5 წლის მანძილზე დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას მიიღებს. არის თუ არა რაიმე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოში ”ათასწლეულის პროგრამის” დაწყებას?

საქართველოს ხელისუფლება ”ათასწლეულის პროგრამაში” 4 ძირითადი პრიორიტეტით ჩაერთო. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკაა, რომელშიც ყველაზე დიდი ადგილი მაგისტრალურ გაზსადენს უკავია. ბოლო დრომდე საქართველოს ხელისუფლება ამ გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვას აპირებდა, თუმცა, შეერთებული შტატების ჩარევის შედეგად, გადაწყდა, რომ გაზსადენის აღდგენა “ათასწლეულის პროგრამის” ფარგლებში მოხდება. სანაცვლოდ კი საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა განზრახვაზე მაგისტრალური გაზსადენი რუსეთისთვის მიეყიდა.

იმისათვის, რომ საქართველომ გაზსადენის სარეაბილიტაციოდ 40 მილიონი აშშ დოლარი მიიღოს, საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ კი, საინფორმაციო სააგენტო ”სარკის” ცნობით, პირველი ტრანშის გამოყოფამდე გაზის კორპორაციამ საგადასახადო დავალიანებები უნდა გაისტუმროს და ასევე უნდა დაიფაროს კორპორაციის მიმართ ”ყაზბეგგაზისა” და ”თბილგაზის” ვალები.

მე შევეცადე გაზის საერთაშორისო კორპორაციაში გამერკვია ვალების ზუსტი მოცულობა და მათი დაფარვის პერსპექტივები, მაგრამ კორპორაციის პრეზიდენტი დავით ინგოროყვა შვებულებაში აღმოჩნდა და სხვაც ვერავინ მოიძებნა, ვინც “ათასწლეულის პროგრამის” წინაპირობების შესრულებაზე ისაუბრებდა.
იმის გასარკვევად, შეძლება თუ არა შეუსრულებელმა წინაპირობებმა საქართველოს მიმართ ”ათასწლეულის პროგრამის” დაწყებას შეუშალოს ხელი, ინტერვიუ ვთხოვე ”ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს ლაშა შანიძეს.

[ლაშა შანიძის ხმა] ”ის წინაპირობები, რომლებიც გაზის საერთაშორისო კორპორაციის მიმართ არის დაყენებული, უნდა შესრულდეს. გაზის საერთაშორისო კორპორაციის გარდა, ჩვენ გვაქვს 5 სხვა პროექტიც. ასე რომ, ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელსაც ჩვენ ველოდებით. ანუ ყველა პროექტს აქვს თავისი წინაპირობა, რომლებიც ცალ-ცალკე იქნება განხილული და, იმისდა მიხედვით, თუ როგორ შესრულდება წინაპირობები, გამოიყოფა თანხები კონკრეტული პროექტისათვის.”

მისივე განმარტებით, წინაპირობები ორ ნაწილად იყოფა, ხელშეკრულების გაფორმებამდე შესასრულებელი და ხელშეკრულების შემდგომი პირობები, რომლებიც წინაპირობების ძირითად ნაწილს წარმოადგენს. მათი დროული შესრულება კი დაფინანსების გასაგრძელებლადაა საჭიროო , - დასძინა ლაშა შანიძემ.

[ლაშა შანიძის ხმა] ”სექტემბრის შუა რიცხვებში ვგეგმავთ ხელშეკრულების ხელმოწერას, შემდეგ რატიფიკაციას მოვახდენთ და თუ ეს ყველაფერი ჩატარდა დროულად, თანხების წამოსვლა უნდა განხორციელდეს რატიფიკაციის შემდეგ და პირველი თანხების წამოსვლა ოქტომბერში დაიწყება.”(სტილი დაცულია)

თუ რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი არ გამოჩნდა, დაგეგმილია, რომ საქართველო ”ათასწლეულის პროგრამის” ფარგლებში ეკონომიკური განვითარების გზით სიღარიბის დასაძლევად 295,2 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
XS
SM
MD
LG