Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრები აფხაზურად


ზაფხულის ერთსა და იმავე დროს, რომელიც საკურორტო სეზონს ემთხვევა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე,

საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, სამხედრო მანევრები იწყება. აფხაზური მედიის გავლენით, ქართული საინფორმაციო საშუალებებიც სწავლებას ფართომასშტაბიან უწოდებენ, ხოლო შეშფოთებული საქართველოს ხელისუფლება სოხუმურ მანევრებს საპროტესტო ნოტას და საპასუხო წვრთნებს უპირისპირებს. რას ნიშნავს ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრები აფხაზურად?

სეპარატისტული აფხაზეთის ახალი ხელისუფლება, შეიარაღებული ძალების გაძლიერების მიმართულებით, თბილისს ტოლს არ უდებს. ბოლო 9 თვის განმავლობაში თვითაღიარებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ორი სამხედრო სწავლება მოეწყო. თუმცა 15 აგვისტოს დაწყებული მანევრები ყველაზე მსხვილმასშტაბიანი იქნება, რაც კი “ომის შემდგომ პერიოდში” აფხაზეთში ჩატარებულაო, იუწყებიან, სოხუმის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, რუსეთის საინფრომაციო საშუალებები. სამხედრო სწავლების გასაშუქებლად სოხუმში იმყოფება დამოუკიდებელ რუსულ გაზეთ “კომერსანტის” ჟურნალისტი ოლგა ალენოვა, რომელსაც ჩვენ სოხუმში დავუკავშირდით იმის გასარკვევად, თუ რას წარმოადგენს “ფართომასშტაბიანი სწავლება” აფხაზურად.
[ოლგა ალენოვას ხმა]”რამდენადაც მე ვიცი, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელიც აქ წელიწადში ორჯერ, ზამთარსა და ზაფხულში, იმართება. ამ სწავლების ამოცანას, როგორც სამხედროები ამბობენ, შეადგენს ყველა სახეობის ჯარების ურთიერთმოქმედების დამუშავება. წინა სწავლებებით თუ ვიმსჯელებთ, სწავლება პოლიგონზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ყველა სახეობის სამხედრო ძალა და სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკა.”

ოთხდღიან სამხედრო სწავლებასა და სროლებს უხელმძღვანელებს აფხაზთა თავდაცვის მინისტრი სულთან სოსნალიევი, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს აფხაზთა სამხედრო შტაბს ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა. სამხედრო სწავლების ლეგენდა ითვალისწინებს განადგურებას მტრის დესანტისა, რომელიც ზღვით შეჭრას ლამობს. აფხაზური ფართომასშტაბიანი სწავლების საჩვენებელი ფაზა კი 18 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ნაღვალოუსთან გაიმართება, რაც, კონფლიქტის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, “მოსკოვის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა და საქართველოს შინაურ საქმეებში უხეში ჩარევაა”:
[გიორგი ხაინდრავას ხმა] “ ეს არის დარღვევა მოსკოვის შეთანხმების, ეს არის დარღვევა შეიარაღების შეზღუდვის ზონის, ეს არის რუსეთის სამშვიდობოების მანდატის დარღვევა, ეს არის, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა, იმიტომ რომ მე ახლა ვაპირებ გავაკეთო განცხადება, სადაც მინდა დავსვა კითხვა: რატომ ამზადებს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე კბილებამდე შეიარაღებულ უკანონო ფორმირებებს, რომლებიც ებრძვიან საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობას?”(სტილი დაცულია)
გიორგი ხაინდრავამ, რომელიც ამჟამად ბორჯომში იმყოფება, რადიო “თავისუფლებასთან” სატელეფონო ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ სამხედრო სწავლებას სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე უშუალოდ მოსკოვი აფინანსებს და რუსი გენერლები გეგმავენ. ჩვენი მცდელობა, ქართველი მინისტრის გამონათქვამის კომენტარისთვის სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენელს დავკავშირებოდით, უშედეგოდ დასრულდა. თუმცა აფხაზურ სამხედრო სწავლებებში რუსული კვალის შესახებ თავისი მოსაზრება გაგვიზიარა გაზეთ “კომერსანტის” ჟურნალისტმა ოლგა ალენოვამ, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აფხაზეთში იმყოფება მანევრების გასაშუქებლად:

[ოლგა ალენოვას ხმა] “არც რუსეთში და არც აქ, აფხაზეთში, ოფიციალურად არავინ დაგიდასტურებს, რომ ვიღაცა რაღაცას აფინანსებს. თუმცა არსებობს რამდენიმე ახალი ტექნიკა, რომელიც, როგორც ამბობენ, ნაყიდია სპონსორების ფულით. კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ რუსეთი, მართლაც, მონაწილეობს ამ პროცესში, რადგან რუსეთს, პრინციპში, სურს აფხაზეთი იყოს საკმაოდ დამოუკიდებელი და შეძლოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.”

ოთხდღიან ფართომასშტაბიან მანევრებს აფხაზეთში თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის რესპუბლიკების ოფიციალური წარმომადგენლებიც მიადევნებენ თვალს. სწავლების დასკვნით ფაზას კი დაესწრება აფხაზთა პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG