Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველკლასელები სახელძღვანელოებსა და ჩანთებს წელსაც უფასოდ მიიღებენ


ახალი სასწავლო წელი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში აქტიური რეფორმირების წელი იქნება.

ერთი მხრივ, დასრულდება სკოლების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნის პროცესი, მეორე მხრივ კი, დაიწყება ახალი სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების პილოტირების პროცესი. პილოტირების პროექტში, საქართველოს მასშტაბით, 100 სკოლის პირველი, მეშვიდე და მეათე კლასები ჩაერთვებიან. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მიმდინარე პროცესები, ალბათ, ყველაზე ნაკლებად აღელვებთ პირველკლასელებს- ისინი მერხებს წელსაც ნაჩუქარი სახელმძღვანელოებითა და ჩანთებით მიუსხდებიან..

წელს, სავარაუდოდ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების კარს 60 000 პირველკლასელი შეაღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს შესაძენი აქვს ამ კონტინგენტის დასაკმაყოფილებელი 60 000 ჩანთა და წიგნები. განათლების სამინისტროში დღეისათვის თითქმის დასასრულს მიუახლოვდა თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან სპეციალური განაცხადების მიღება. ამ განაცხადებში ასახულია,ერთი მხრივ, პირველკლასელთა რაოდენობა, მეორე მხრივ კი, სახელმძღვანელოების ავტორები. როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ თემურ სამადაშვილმა ბრძანა, იგი სავარაუდო შეკვეთებთან დაკავშირებით გამომცემლობების ხელმძღვანელებს უკვე შეხვდა. მიმდინარეობს მოლაპარაკება სასკოლო ჩანთების დამამზადებელ ქართულ თუ უცხოურ ფირმებთანაც. მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც საგრძნობლად აფერხებს მზადების მთელ პროცესს. ეს არის პრეზიდენტის განკარგულება, რომლის საფუძველზეც განათლების სამინისტროს ოფიციალურად დაევალება პირველკლასელთათვის სასკოლო სახელმძღვანელოებისა და ჩანთების შეძენა. ჯერჯერობით ეს განკარგულება არ არსებობს.

[თემურ სამადაშვილის ხმა]” ჩანთები და სახელმძღვანელოები პირველ სექტემბერს უკვე უნდა იყოს სამინისტროში, რის მერეც დაიწყება დისტრიბუციები რეგიონების მიხედვით. ამასაც ხო სჭირდება ერთი ხუთი დღე. პირველ სექტემბერს უკვე ნახევარი ჩანთების რაოდენობა უნდა მქონდეს შემოტანილი სამინისტროში და ამ პირობას ვერ აკმაყოფილებენ შემომტანები ჩანთების. და საქმე რაშია - რადგან პრეზიდენტის განკარგულება არ არის, მე არ მაქვს უფლება ეს შეკვეთები გავაკეთო.”(სტილი დაცულია)

სხვა სიტყვებით, ბატონ თემურ სამადაშვილის ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ნაჩუქარ წიგნებსა და ჩანთას პირველკლასელები სწავლის დაწყების პირველ დღეს კი არა, რამდენიმე დღის დაგვიანებით მიიღებენ. ანუ სიურპრიზი არ შედგება და საჩუქრის მოლოდინიც გახანგრძლივდება. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს იმ რეგიონებსა და რაიონებს, სადაც სწავლა 5 სექტემბერს იწყება. თბილისსა და ბათუმში სასწავლო წელი 26 სექტემბერს განახლდება. ანუ ეს პრობლემა თბილისსა და ბათუმზე არ გავრცელდება.

ისევ პრეზიდენტის არარსებულ განკარგულებას რომ დავუბრუნდეთ - ვინაიდან განათლების სამინისტროს ბიუჯეტი პირველკლასელთა საჩუქრის თანხას არ ითვალისწინებს, ფინანსური წყარო განკარგულებით უნდა განისაზღვროს. გასულ წელს ამგვარი წყარო თბილისის გარეთ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი იყო, ხოლო თბილისში - დედაქალაქის მერია. პრეზიდენტის ფონდმა მილიონ 100 000 ლარი გამოყო, ხოლო დედაქალაქის მერიამ 174 800 ლარი - მხოლოდ სახელმძღვანელოებისათვის.

[ნატა მაჩალაძის ხმა]” წელსაც თბილისის ბიუჯეტიდან იქნება. დახლოებით, შარშანდელი თანხებიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს სადღაც 170 000.”

თბილისის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ნატა მაჩალაძისგან განსხვავებით, წიგნებისა და სახელმძღვანელოების სახელმწიფო შესყიდვების ფინანსურ წყაროს ჯერჯერობით ვერ ასახელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საფინანსო-სამეურვეო განყოფილების უფროსი დავით მამარდაშვილი:

[დავით მამარდაშვილის ხმა]” ან მთავრობის დადგენილება უნდა იყოს, ან პრეზიდენტის განკარგულება ამასთან დაკავშირებით. და მე არა მაქვს დღეს ინფორმაცია. ეს ორშაბათს მეცოდინება დაზუსტებით - მთავრობის ფონდიდან არის გამოყოფილი თუ პრეზიდენტის ფონდიდან.”

პრეზიდენტის ფონდის გადახარჯვის თაობაზე საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. დაბოლოს, შარშანდელისგან განსხვავებით, პირველკლასელები წელს, წიგნებთან და ჩანთებთან ერთად, 10 ლარის ოდენობის ფულად საჩუქარს აღარ მიიღებენ.



XS
SM
MD
LG