Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი 200-ლარიანი ბანკნოტის დიზაინის შემუშავება აფხაზ მხატვრებსაც შესთავაზეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკი აფხაზეთის მხატვართა კავშირს ახალი 200 ლარიანი ბანკნოტის დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მორიგ წინადადებას სოხუმში ჩვეული პროტესტით და ირონიით უპასუხებენ, 200 ლარიან კუპიურაზე აფხაზეთის ხედების გამოსახვის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამ ნომინალის ქართული ლარი უკვე მიმოქცევაში გავა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი, 200 ლარის ღირებულების ბანკნოტის დიზაინის შემუშავებისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღებას აფხაზ დიზაინერებსაც სთავაზობს და აფხაზეთის მხატვართა კავშირის სახელზე ოფიციალურ შეთავაზებას აკეთებს. 200 ლარიანი კუპიურის დაბეჭდვის გადაწყვეტილება ცენტრალურმა ბანკმა დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო, ფულის ნიშნების დამზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის მართვის კომისიაც შექმნა და მოაწყო სპეციალური გამოკითხვაც, რომელსაც უნდა გამოევლინა თუ რომელი საზოგადო მოღვაწის პორტრეტი იქნებოდა გამოსახული ახალ ბანკნოტზე.

2500-ზე მეტი გამოკითხული რესპონდენტიდან ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა ნიკო ნიკოლაძეს ერგო. რესპონდენტებმა არჩევანი 10 ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა შორის გააკეთეს.

რაც შეეხება პროექტის ეკონომიკურ დასაბუთებას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქართული ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობის ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ლარი არა მარტო გადახდის, დაგროვების საშუალებაც ხდება, რაზეც საბანკო სისტემაში ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდის ტენდენციაც მეტყველებს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი აპირებს ფულის მიმოქცევის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლას და ბრუნვაში იმ ნომინალის კუპიურების გაშვებას, რომელიც ევროს ზონაში არსებობს. ევროსტანდარტებზე გადასვლა დაიწყება წელს იმით, რომ მოიჭრება ახალი დიზაინის 50 თეთრიანი მონეტა, რომელსაც მომავალ წელს 1 და 2 ლარიანი ლითონის მონეტები შეემატება.

ევროსტანდარტებზე გადასვლის და მაღალი დაცულობის მქონე ბანკნოტის დაბეჭდვის სურვილის გარდა, 200 ლარიანი კუპიურის პროექტი აშკარად პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებს,. სწორედ ამიტომ გადაწყდა, ნიკო ნიკოლაძის პორტრეტის გარდა, მეორე მხარეს აფხაზეთის, კერძოდ კი, სოხუმის ხედის გამოსახვა. პროექტის პოლიტიკურ მნიშვნელობას არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე უარყოფს:

[რომან გოცირიძის ხმა] „ჩვენი სურვილია, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ აგრეთვე აფხაზეთში მცხოვრებმა დიზაინერებმაც. ჩვენ სოხუმში დღეს უკვე გავგზავნით წერილს აფხაზეთის მხატვართა კავშირის სახელზე, რაც იქნება ჩვენი მხრიდან მეგობრული ჟესტი და იმის დადასტურება, რომ სოხუმი არის ამ ორი ერის სამშობლო, რომ აქ ერთად უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და აფხაზეთის ხედების ფულზე გამოსახვაში თუ ისინიც მიიღებენ მონაწილეობას, ჩვენთვის ეს იქნება სასიამოვნო ფაქტი.” (სტილი დაცულია)

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ იმთავითვე გააღიზიანა სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ამ პროექტს პროვოკაციულს უწოდებს. აფხაზეთის მხატვართა კავშირისათვის გაგზავნილ შეთავაზებას სეპარატისტული მთავრობის კულტურის სამინისტროც გამოეხმაურა. ამ უწყებების ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ 200 ლარიანი კუპიურის დიზაინის შემუშავებაში არც ერთი აფხაზი დიზაინერი არ მიიღებს მონაწილეობას. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს, საერთოდ, აკვირვებთ ”რატომ უნდა იყოს გამოსახული ერთი სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაზე მეორე სახელმწიფოს დედაქალაქის ხედი”. ამ დამცინავი კომენტარების მიუხედავად, 200 ლარიანი ბანკნოტის დიზაინის კონცეფციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და, იმისდა მიუხედავად, მიიღებენ თუ არა კონკურსში მონაწილეობას აფხაზი მხატვრები, ახალი ქართული კუპიურა, რომლის ერთ მხარეს ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი, ხოლო მეორეს სოხუმის ხედი დაამშვენებს, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოს უკვე მიმოქცევაში იქნება გაშვებული.
XS
SM
MD
LG