Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწვავი ძვირდება, პროგნოზები კი არცთუ დამაიმედებელია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მსოფლიოში ნავთობის ფასის რეკორდულმა მატებამ ასახვა ქართულ სანავთობო ბაზარზეც პოვა. მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბენზინის საწვავი 7-8 თეთრით გაძვირდა.

ქართველი ექსპერტები ნავთობპროდუქტების მკვეთრ გაძვირებას სხვადასხვაგვარ ახსნას უძებნიან. რამ გამოიწვია საწვავის ფასების ზრდა და რა ასახვა შეიძლება პოვოს მან სამომხმარებლო ფასებზე?

1 აგვისტოდან დღემდე დიზელისა და ბენზინის საწვავი საქართველოში 7-8 თეთრით გაძვირდა. მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასის პერმანენტული ზრის ფონზე ნავთობის მწარმოებელთა, იმპორტიორთა და ექსპორტიორთა კავშირში ნავთობპროდუქტების ფასების პროგნოზირება უკვე უჭირთ. თუმცა ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მსოფლიო სანავთობო ბაზარი ჩვენს შემთხვევაში არაფერ შუაშია და ყველაფერში ის იმპორტიორები არიან დამნაშავენი, რომელთაც სანავთობო ბიზნესი აქვთ მონოპოლიზებული და ფასებით მანიპულირებაც თავისუფლად შეუძლიათ.

დამოუკიდებელ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ საქმე სპეკულაციურ პროცესებთან გვაქვს. როცა მსოფლიოში ნავთობის ფასი იწევს, საქართველოში ეს ბენზინის ფასზე არ უნდა მოქმედებდეს, იმიტომ რომ ნედლი ნავთობის წილი ბენზინის ღირებულებაში უმნიშვნელო, თითქმის ნახევარზე ნაკლებია. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს, რატომ იმატებს მაინცდამაინც ბენზინის ფასი. ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ნავთობის ფასი ნახევარ წელიწადში კიდევ უფრო გაიზრდება. აქ თუ არ გაკეთდა სერიოზული ანალიზი, არ დაწესდა კონტროლი და არ დადგინდა სახელმწიფო ზღვრული ფასები, შესაძლოა, ფინანსური კატასტროფა მოხდეს.

ამდენად, ექსპერტთა ნაწილი იმპორტიორებისაკენ იშვერს ხელს, იმპორტიორები კი - საბაჟოსაკენ, სადაც, მათი თქმით, შეძენილი ნავთობპროდუქტების დატაცება ხდება. ბოლო პერიოდში იმპორტიორების მიერ აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული საწვავით სავსე ვაგონები ინტენსიურად იძარცვება. მარტო ერთი კვირის განმავლობაში იმპორტიორებმა დაახლოებით ასი ათასი ლარით იზარალეს. ამ დანაკლისის ანაზღაურებას კი ისინი საწვავის გაძვირების ხარჯზე ახდენენ.

საწვავი, როგორც საბაზისო პროდუქტი, ტრადიციულად, სამომხმარებლო ფასებზეც ახდენს გავლენას. მსოფლიო სანავთობო “ციებ-ცხელება” და მისი ქართული “კლონი” აფიქრებინებს ექსპერტ ნიკო ორველაშვილს, რომ რაიმე შემაკავებელი ფაქტორის გარეშე ეს გავლენა არცთუ პოზიტიური იქნება:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”სხვადასხვა პროგნოზებით,
მოსალოდნელია წლის დამლევამდე დღევანდელი დონიდან ნავთობის ფასების ერთ ბარელზე 100 დოლარამდე მატებაც კი. ენერგომატარებლებზე, რომელიც საბაზისო პროდუქტია, ფასების მატება ყოველთვის იწვევს ყველა სხვა პროდუქციაზე მეტ-ნაკლებად ფასების მატებას.” (სტილი დაცულია)

რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს საწვავის ფასთან დაკავშირებით? მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში საქართველოზე, შესაძლოა, ბევრი არაფერია დამოკიდებული, ნავთობის მწარმოებელთა, იმპორტიორთა და ექსპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ზაფხულში საწვავზე მოთხოვნა იზრდება. თუ სეზონურ ფაქტორს გავითვალისწინებთ, სექტემბრიდან საწვავის გაიაფებაა მოსალოდნელი. მაგრამ თუკი ფასები ხელოვნურად იზრდება, მაშინ ამ ფაქტორის ზემოქმედება ნაკლებად დამაჯერებელია, აცხადებენ ექსპერტები. ანუ პროგნოზი არცთუ სახარბიელოა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის პერმანენტული ზრდა, გვინდა თუ არა, საქართველოშიც პოვებს ასახვას.
XS
SM
MD
LG