Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ირგვლივ ვნებათაღელვა გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი კვირას, 16 საათზე, შოთა რუსთაველის პროსპექტზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ, ხალხმრავალი აქცია იგეგმება.

არსებული ცნობებით, რუსთაველის პროსპექტზე სასახლის ყველა თაობის აღსაზრდელი მოიყრის თავს იქ დაგეგმილ კონცეტრში მონაწილეობისთვის. შაბათს კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თემას რამდენიმე პრესკონფერენცია და შეხვედრა მიეძღვნა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კვლავ ხალხმრავლობაა. სასახლის აღსაზრდელები, მასწავლებლები, რიგითი ადამიანები ყოველდღიურად სასახლეში იკრიბებიან და სამოქმედო გეგმას აწყობენ, თუ როგორ გადაარჩინონ სასახლე.

შაბათს იქ შეკრებილები პოლიტიკოსებს მასპინძლობდნენ - რესპუბლიკური პარტიის წევრი, იურისტი თინათინ ხიდაშელი და კონსერვატორული პარტიის თავმჯდომარე კობა დავითაშვილი სასახლის თანამშრომლებს მხარდაჭერას ჰპირდებიან და თბილისის მერის გადაწყვეტილების სასამართლოს ძალით გაუქმების პირობას აძლევენ. სხვა საკითხია, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საბალეტო სასწავლებლისთვის გადაცემის ბრძანებულება ან დადგენილება ვერც საკრებულოში და ვერც მერიაში ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს.

საკრებულოს წევრის პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, საკრებულომ მერის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. ოპოზიციური ფრაქციების მცდელობა, მეორე დღეს დანიშნულ საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი განხილულიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა - საკრებულოს უმრავლესობამ ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ შეიტანა.

[ პაატა ზაქარეიშვილის ხმა ] „ ქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ, ანუ ხალხის მიერ არჩეულმა საკრებულომ, არც კი ჩათვალა საჭიროდ, განეხილა საკითხი. არა ის, რომ საკითხი განეხილა და უარი ეთქვა - არა, ფეხებზე გვკიდიხართ, არ გვაინტერესებსო. თბილისში არ არსებობს ადამიანი, დადებითად მოჰკიდებოდა ამ მოვლენას. ვინც კი აზრს გამოთქვამს, ყველა უარყოფითად აფასებს, დაწყებული მოსწავლეებით და თბილისელებით დამთავრებული. უგულავა გამოდის და ამბობს - საკითხი გადაწყვეტილიაო. მას ჰგონია, რომ ეს მისი საკუთრებაა. არც მისი საკუთრებაა, არც მუნიციპალიტეტის - ეს ჩვენი, ქალაქის, საკუთრებაა. აი, ჩვენ რომ ვირჩევდეთ მერს, ის ჩვენ დაგვიჯერებდა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ეს არის ჩვენი ტრაგედია. ყველას ჩვენ გვითხრა, არ მაინტერესებს თქვენი აზრიო; ხომ ერთი კაციც არ ხართ მომხრე, მაინც არ მაინტერესებსო. ეს არის აღმაშფოთებელი.“

თავის პროტესტს სასახლის თანამშრომლები, აღსაზრდელები და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გულშემატკივრები კვირას, 16 საათზე, რუსთაველის პროსპექტზე კონცერტზე გამოხატავენ.
XS
SM
MD
LG