Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ახალი ანტიკორუფციული გეგმა მუშავდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საწვავზე ფასებმა საქართველოში მნიშვნელოვნად მოიმატა, რასაც ექსპერტთა ნაწილი მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენების

გამოძახილად, მეორე ნაწილი კი იმპორტიორების სპეკულაციურ აჟიოტაჟად აფასებს. ანალიტიკოსები მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ბოლოდროინდელი ტენდენციის კვლავ გაგრძელებას ვარაუდობენ. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს კი მიაჩნია, რომ მსოფლიო ფასები აქ არაფერ შუაშია და ქართულ ბაზარზე ნავთობპროდუქტების არარეალურად მაღალი ფასი მონოპოლისტი იმპორტიორების ინტერესებში შედის:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”ნავთობპროდუქტები შემოაქვს სულ რამდენიმე დიდ კომპანიას და მათ შორის კონკურენცია არ არის. ფაქტობრივად, გაყოფილი აქვთ ბაზარი და მათ შორის გარიგება იწვევს ფასების ზრდას.”

ნავთობპროდუქტების ქართველი იმპორტიორები ამ ბრალდებას, რა თქმა უნდა, უარყოფენ. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენელი გიორგი კოტრიკაძე ყველაფერს საერთაშორისო ფასებითა და ქარიშხალ ”კატერინათი” ხსნის:

[გიორგი კოტრიკაძის ხმა] ”ბოლო დღეებში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ კატასტროფულად ასწია ნავთობპროდუქტებზე ფასები, განსაკუთრებით ბენზინზე და, ამდენად, ეს მცდელობა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, რომ ვიღაცა ვიღაცას გაურიგდა, არის სრული აბსურდი.”(სტილი დაცულია)

ამ ურთიერთბრალდებების ფონზე, თითქმის ყველა თანხმდება, რომ მსოფლიო სანავთობო ციებ-ცხელება და ფასების კონიუნქტურა ჯერჯერობით სასიკეთოს არაფერს გვპირდება. ექსპერტები უახლოეს პერიოდში საწვავის კიდევ 20-30 თეთრით გაძვირებას ვარაუდობენ. საწვავი, როგორც საბაზისო სტრატეგიული პროდუქტი, ჩვეულებრივ, სხვა საქონელზეც ახდენს გავლენას, ანუ სამომხმარებლო ბაზარიც შეიძლება ამ ფასთა სხვაობას პროპორციულად ”აჰყვეს”. რაც შეეხება საწვავის გაძვირების მიზეზებს, იმის გამო, რომ საქართველოს, იმავე მეზობელი რუსეთისაგან განსხვავებით, საკუთარი რესურსი არ გააჩნია, სპეკულაციასთან დაკავშირებით არსებული არცთუ უსაფუძვლო მოსაზრებების მიუხედავად, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასები, რა თქმა უნდა, ჩვენს ბაზარზეც - ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად - ახდენს გავლენას. სხვა თემაა, რამდენად ადეკვატურად ასახავს ბენზინზე ჩვენთან არსებული ფასები მსოფლიო კონიუნქტურას. ქართული სანავთობო ბაზარი, მართლაც, არ არის კონკურენტული და აქ მსხვილ იმპორტიორებს საკუთარი პირობების კარნახის ყველა წინაპირობა აქვთ.


ხმაურიანი პროცესებისა და კორუფციის დამარცხების შესახებ გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, როგორც ჩანს, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ”ძველი, ნაცნობი სენის” სიმპტომები უკვე შესამჩნევი გახდა.
გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ წარმოადგინა კორუფციასთან ბრძოლის ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც 16 სექტემბერს ევროსაბჭოში განსახილველად გაიგზავნება. ამ გეგმის შესახებ ბენდუქიძემ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გააკეთა განცხადება. ”საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის” მიხედვით, გამკაცრდება სახელმწიფო მოხელეთა საქმიანობის მონიტორინგი, შეიცვლება ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესი, - ეს დეკლარაციები ამჟამად თითქმის ფორმალურ ხასიათს ატარებს; - ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციულ გამოვლინებებს გაუწევენ კონტროლს; გაიმიჯნება მაკონტროლირებელი და სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებები.
”ბენდუქიძის გეგმა” ეკონომიკურ ჩარჩოებს აშკარად სცილდება. ანტიკორუფციული სტრატეგიით, დღის წესრიგშია სასამართლოს სისტემის რეორგანიზაციაც. ამა თუ იმ საქმის გამოძიება მოსამართლეს კენჭისყრის მიხედვით დაევალება და არა ისე, როგორც აქამდე ხდებოდა - უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიხედვით. ჩამოყალიბდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, შემუშავდება ახალი საბაჟო კოდექსი.
ახალი ანტიკორუფციული გეგმა დაახლოებით ერთ კვირაში ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებში გადაიგზავნება განსახილველად.
XS
SM
MD
LG