Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულხან მოლაშვილის ადვოკატები ევროპის სასამართლოში დამატებითი სარჩელის შეტანას არ გამორიცხავენ


7 სექტემბერს საოლქო სასამართლო კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის, საქმეზე განაჩენს გამოიტანს.

განსასჯელის ადვოკატები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ განაჩენი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც პროკურატურამ მოითხოვა. გარდა ამისა, სულხან მოლაშვილისთვის მსჯავრის დადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს შესაძლებლობა ერთმევა, მოითხოვოს წინასწარი პატიმრობის შეცვლა. თუმცა ბრალდებულის დაცვა დარწმუნებულია, რომ საქმეს -“სულხან მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”- ევროპის სასამართლო მაინც დაუბრუნდება.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ციხეში შარშანდელი აპრილიდან იმყოფება. პროკურატურა მას უფლებამოსილებათა გადამეტებას, თანხების არამიზნობრივად ხარჯვას და სახელმწიფოსთვის მატერიალური ზიანის მიყენებას ედავება. 14 თვის განმავლობაში ციხეში მყოფი სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც განსასჯელის ადვოკატებმა 8 თვის წინ თხოვნით მიმართეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს, რათა შეეცვალა მოლაშვილისთვის წინასწარი პატიმრობა აღკვეთის უფრო ნაკლები ღონისძიებით. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება 20 სექტემბერს უნდა გამოეტანა, მაგრამ იგი აღარ შედგება. 7 სექტემბერს საოლქო სასამართლო კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს განაჩენს გამოუტანს და სულხან მოლაშვილი არა წინასწარი პატიმარი, არამედ მსჯავრდებული გახდება. ბრალდებულის ერთ-ერთ ადვოკატ იოსებ ბარათაშვილს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლო ხელისუფლების ზეწოლას განიცდის:

[იოსებ ბარათაშვილის ხმა] “ხელისუფლებამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, თუ არა სამ დღეში სულხან მოლაშვილის სასამართლო პროცესის დასრულება - ისეთი საქმისა, რომელიც მოიცავს მრავალ ტომს, მრავალ მტკიცებულებას, მრავალ მოწმეს. და პრაქტიკულად სამ დღეში დაასრულა საქმე, რათა ევროპის სასამართლოს გაეგზავნოს პასუხი, რომ სულხან მოლაშვილი უკვე არის მსჯავრდებული და იგი აღარ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. ეჭვს გარეშეა, რომ სასამართლო არის ხელისუფლების მორჩილი, პროკურატურის მორჩილი. და ის ბოლომდე შეასრულებს პროკურატურის დაკვეთას. მაგრამ, ვფიქრობ, მეორე და მესამე ინსტანციებში სასამართლოებს გაუჭირდებათ ამ დაკვეთის შესრულება.”

მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებში აპელაციის გარდა, სულხან მოლაშვილის დაცვას არსენალში აქვს მთავარი კოზირი - ევროპის სასამართლო, რომელმაც, ადვოკატ შალვა შავგულიძის თქმით, წარმოებაში უკვე მიიღო ძირითადი სარჩელი:

[შალვა შავგულიძის ხმა] “თუ აპელაციაც ახლა ასეთივე “წარმატებით” განაგრძობს საქმის განხილვას, შემდეგ ჩვენ კასაციას მივმართავთ და მას შემდეგ, რაც ამოვწურავთ ადგილობრივი სამართალწარმოების შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვე დაემატება ევროპის სასამართლოში ჩვენ მიერ წარდგენილ სარჩელს, რომელიც უკვე მიღებულია წარმოებაში. მას მინიჭებული აქვს პრიორიტეტულ რეჟიმში განხილვის უფლება.”

სულხან მოლაშვილი ამჟამად ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. ოჯახის ახლობლების თქმით, მოლაშვილს ნაღვლის ბუშტში კენჭები აქვს და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. 7 სექტემბერს, სავარაუდოდ, სწორედ საავადმყოფოში მიუტანენ კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. პროკურატურა მოლაშვილისათვის 10 წლით თავისუფლების აღვეთას მოითხოვს, რასაც, მოლაშვილის ადვოკატებისა და ოჯახის ახლობლების თქმით, “ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ მყოფი სასამართლო” ძალაში დატოვებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG