Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რა პირობებში უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს ბიზნესინტერესები და რეალურად ფიგურურებს თუ არა ის რამიშვილისა და ბექაურის საქმეში


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ არა აქვთ მკაფიო პასუხი შეკითხვაზე, როდის აპირებენ შეკრებას და დეპუტატ ბექაურის საკითხის განხილვას.

რატომ დასჭირდა უმრავლესობის წევრს ჟურნალისტისთვის ფულის გადაცემა, თუნდაც მოვლენების პროვოცირების მიზნით? რატომ დასჭირდა პარლამენტის წევრს ფარული კამერით მოქმედება? ეს და სხვა შეკითხვები პარლამენტში ნაკლებად აქტუალური გახდა, ისინი იმ შეკითხვებმა დაჩრდილა, რომლებიც ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებს და, მათ შორის, პირველ რიგში, ”მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერს დავით გამყრელიძეს ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის მიმართ გაუჩნდა. არსებობს ეჭვი, რომ მაჭავარიანს აქვს ბიზნესინტერესები იმ საბაჟო ტერმინალში, რომელსაც ბექაურის სახელსაც უკავშირებენ და რომ ბექაურ-რამიშვილის სკანდალურ საქმეში მიხეილ მაჭავარიანიც ფიგურირებს. იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ეს ასე, საპროცედურო კომიტეტში მუშა ჯგუფი შეიქმნა.


საკითხი, რომლის შესწავლასაც ”მემარჯვენე ოპოზიცია” ითხოვს, საპროცედურო კომიტეტის 3 კაციანმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს, თუმცა მემარჯვენეებს სურდათ, მიხეილ მაჭავარიანის ბიზნესინტერესები (თუკი ეს ინტერესები არსებობს) და რამიშვილ-ბექაურის საქმეში მისი შესაძლო მონაწილეობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას შეესწავლა. რატომ საგამოძიებო კომისიას და არა სამუშაო ჯგუფს? ამაზე პასუხი ცალსახაა: სამუშაო ჯგუფს შეუძლია მოიპოვოს წერილობითი მტკიცებულებები იმის შესახებ, მიხეილ მაჭავარიანი ოფიციალურად არის თუ არა საბაჟო ტერმინალის მეწილე, ამ გზით კი რეალობის დადგენა ძნელი იქნება, რეალობაზე წარმოდგენის შექმნა მოწმეთა დაკითხვით არის შესაძლებელი და სწორედ პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფს აქვს უფლება მოწმეების დაკითხვისა.

საეჭვოა პარლამენტი მაჭავარიანის საკითხის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დათანხმდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უკვე გამოთქვეს საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ჭორებისა და ვერსიების შესამოწმებლად საგამოძიებო კომისიების შექმნა. შესაბამისი მოთხოვნით ”მემარჯვენე ოპოზიცია” პარლამენტს მაინც მიმართავს და როცა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ოფიციალურად მიიღებს უარს, მისი წარმომადგენელი მერე ჩაერთვება იმ ჯგუფის მუშაობაში, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტში შეიქმნა. აღნიშნულ კომიტეტს მაჭავარიანის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შესწავლა ახლახან დაევალა. დაინიშნა კიდეც კომიტეტის სხდომა, რომელზეც მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელს უნდა მიეტანა გამყრელიძის მიერ გამოთქმული ბრალდების დამამტკიცებელი დოკუმენტი. კომიტეტის სხდომაზე ასეთი დოკუმენტი არავის მიუტანია, ამიტომ საკითხის შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა კომიტეტის სხდომაზე ხაზგასმით განმარტა, რომ მისი ფრაქციის წევრები სამუშაო ჯგუფში არ შევლენ, თავად კი, როგორც ამავე ფრაქციის წევრი და მიხეილ მაჭავარიანის ძველი მეგობარი, კომიტეტის შესაბამის დასკვნაზეც კი არ მოაწერს ხელს. ასე უპასუხა გოგორიშვილმა ოპოზიციიდან წამოსულ შენიშვნას იმის თაობაზე, რომ სასაცილოა მაჭავარიანის საკითხის მისი მეგობრის კომიტეტში შესწავლა. გოგორიშვილის წინადადება კომიტეტის წევრების და, მათ შორის, მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის გასაგონად ასეთი იყო:

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] ”ამ საკითხის შესწავლაში ჩვენი ფრაქციის არც ერთი წევრი არ მიიღებს მონაწილეობას. საკითხს შეისწავლით თქვენ, ბატონო მამუკა და კახა კუკავა. გთავაზობთ, შეიქმნას 3 კაციანი ჯგუფი და ამ 3 კაციან ჯგუფში 2 ადგილი იყოს ოპოზიციის. ”

სამუშაო ჯგუფის მესამე, ასე ვთქვათ, ნეიტრალურ, წევრად მაჟორიტარი დეპუტატი შეარჩიეს. მამუკა კაციტაძე ითხოვდა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს თავი შეეკავებინა სამუშაო ჯგუფის შექმნისგან მანამდე, სანამ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე უარი ან, პირიქით, თანხმობა ითქმება, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საკითხი გადაწყვეტილია: მიხეილ მაჭავარიანის მიმართ არსებული ეჭვების საფუძვლიანობა ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უნდა შეისწავლოს.
XS
SM
MD
LG