Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალი ირაკლი კაკაბაძე მის ცემას ხელისუფლებას აბრალებს, ხელისუფლება - დაზარალებულის მეგობარს


მწერალსა და ტელეკომპანია 202-ის წამყვანს ირაკლი კაკაბაძეს წუხელ, დაახლოებით შუაღამის 4 საათზე, უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს და 100 ლარი გასტაცეს.

თავდაპირველად ირაკლი კაკაბაძე ფიქრობდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი და სთხოვდა ჟურნალისტებს, რომ აჟიოტაჟი ამ საქმეზე არ აეტეხათ. თუმცა, დაახლოებით ერთი საათის ინტერვალით, ირაკლი კაკაბაძე უკვე რადიკალურ განცხადებას აკეთებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს.

მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ ტელეკომპანია “202-ის” წამყვანობა ნებაყოფლობით იკისრა მას შემდეგ, რაც 27 აგვისტოს ქართველმა სამართალდამცველებმა ტელეშოუ “დებატების” წამყვანი შალვა რამიშვილი დააპატიმრეს. ამიტომ ოთხშაბათს, როდესაც ცნობილი გახდა ირაკლი კაკაბაძის ცემის ფაქტი, უამრავ ადამიანს და, პირველ ყოვლისა, ჟურნალისტებს გაუჩნდათ ეჭვი, იყო თუ არა ეს უბრალო კრიმინალი. თუმცა თავად დაზარალებული თავდაპირველად ფიქრობდა, რომ იგი გაძარცვის მიზნით იყო ნაცემი:

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] “არაფრის განცხადება არ მინდა. ეს იყო ჩვეულებრივი, რიგითი კრიმინალური პატარა შემთხვევა და ამაზე დიდი აჟიოტაჟის ატეხა არ ღირს.”

თავგატეხილ და სისხლიან ირაკლი კაკაბაძეს დახმარება მეგობარმა ზაალ ბაიდაშვილმა აღმოუჩინა. თუმცა მას შემდეგ, რაც გამომძიებლებმა ზაალ ბაიდაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს, გაჩნდა ეჭვი, რომ გამოძიება შეეცდებოდა ბაიდაშვილზე ზემოქმედება მოეხდინა, რათა მას თავის თავზე აეღო ირაკლი კაკაბაძის ცემის ფაქტი. გამომძიებლები ჯერ კიდევ დილიდან მიანიშნებდნენ ბაიდაშვილის სახლში აღმოჩენილ ჩატეხილ საწოლსა და სისხლიან თეთრეულზე. ამის შემდეგ დაზარალებულმა კაკაბაძემ ჟურნალისტების წინაშე უკვე სულ სხვა შინაარსის განცხადება გააკეთა და შინაგან საქმეთა სამინისტრო უკეთურ საქციელში დაადანაშაულა:

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] “ეს ადამიანია, რომელმაც მე გადამარჩინა და ეხლა იმის დაბრალება, რომ მან მე მცემა, ეს არის აბსოლუტური უზნეობა. პლუს ამას კიდევ ის უზნეობა, რასაც აკეთებს მერაბიშვილის უწყება გატეხილ საწოლზე და პრეზერვატივები რომ ჩამიდეს ჯიბეში, ეს არის იგივე ტაქტიკა, რომლითაც ჟვანია მოკლეს და ყველას მოგვკლავენ.”(სტილი დაცულია)

მაგრამ შუადღისთვის გამომძიებლები ზაალ ბაიდაშვილის დაკითხვას მორჩნენ. თუმცა მან ჟურნალისტებთან ბოლომდე არ გაახმაურა გამომძიებლებთან საუბრის დეტალები. ჯერჯერობით დუმს გამოძიება, თუმცა ცნობილია, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ყაჩაღობის მუხლით. დღესვე ირაკლი კაკაბაძის ცემის ფაქტს გამოეხმაურა ნინოწმინდაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა მომხდარს უხეში პროვოკაცია უწოდა და დასძინა, რომ პროვოკატორებს პასუხი გაეცემათ. თუმცა ირაკლი კაკაბაძის ცემის შემდეგ ბევრ მის კოლეგას ეჭვი არ ეპარება, რომ ამგვარი პროვოკაციების მიღმა, შესაძლოა, ხელისუფლების გარკვეული წრეები იდგნენ. აი, რა განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ტელეკომპანია “იმედის” წამყვანმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ:

[ინგა გრიგოლიას ხმა] “მე დღემდე ბევრი კითხვა მქონდა, ახლა კითხვა არა მაქვს, რომ ირაკლი კაკაბაძე არის უბრალო, შემთხვევითი კრიმინალის მსხვერპლი. მე ეს მივიღე, როგორც ჟურნალისტმა, როგორც მისი პოლიტიკური დევნა.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება “დებატებს” ტელეკომპანია 202-ზე, მას ირაკლი კაკაბაძის გამოჯანმრთელებამდე რიგრიგობით გაუძღვებიან ქართველი ჟურნალისტები. დღეს ეს პატივი წილად ხვდა რადიო “თავისუფლებას” და პირადად მე. ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე 202-ის ეთერში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG