Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


4 სექტემბერს გერმანიის კანცლერს, გერჰარდ შრიოდერსა და მომავალ არჩევნებში მის მეტოქეს, ქრისტიან-დემოკრატ ანგელა მერკელს შორის ტელედებატები გაიმართა.

გერმანიისთვის უჩველო ამ პოლიტიკურმა შოუმ არა მხოლოდ გერმანიაში გამოიწვია ინტერესი.

პოლონეთში გამომავალი "რეჩპოსპოლიტას" აზრით, შრიოდერმა აშკარად გაიმარჯვა სატელევიზიო დუელში. მაგრამ, როგორც გაზეთი შენიშნავს, "არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ წარმატებას შეეძლო გადაერჩინა იგი პოლიტიკური პენსიონერობისგან. შრიოდერი უნდა წავიდეს. ეს არის საფასური მისი მთელი რიგი არაპოპულარული ეკონომიკური და სოციალური რეფორმებისათვის. დღევანდელი ვითარების პარადოქსი ის არის, რომ ქრისტიანულ-დემოკრატიული და ქრისტიანულ-სოციალური კავშირები აპირებენ, შრიოდერის მიერ წამოწყებული პროცესი გააგრძელონ. როგორც ჩანს, გერმანელები ცდილობენ თავი დაირწმუნონ, რომ მერკელის ხემძღვანელობით ეს პროცესი ნაკლებ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე შრიოდერის დროს."

მძიმე განაჩენი გამოაქვს შრიოდერისთვის პარიზში გამომავალ "ინტერნეიშნლ ჰერალდ ტრიბიუნს". "თუკი მერკელი შრიოდერს დაამარცხებს, როგორც ეს მოსალოდნელია, ამის მიზეზი არ იქნება მერკელის პოლიტიკური გეგმის ან მისი გამოსვლის შედეგი, რაც უნდა მშვიდად და მამაცურად გამოიყურებოდეს იგი სატელევიზიო დუელში. მისი გამარჯვების მიზეზი პირველ რიგში კანცლერის უნიათობა იქნება," წერს გაზეთი.

გასული კვირის პრესის მთავარი თემა უდავოდ იყო გრიგალ "კატრინას" მიერ ნიუ ორლეანის წალეკვა და სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებული პრობლემები.
"წარღვნამ ნათლად დაგვანახა," წერს დანიაში გამომავალი "ბერლინგსკე ტიდენდე", "რომ შეერთებულ შტატებში არსებობს უზარმაზარი ფარული დაძაბულობა, რომელმაც შეიძლება დასაბამი მისცეს ქაოტურ პროცესებს... მრავალი ამერიკელი იმედგაცრუებულია, რომ ზესახელმწიფო ასე უსუსური აღმოჩნდა, როცა საქმე შიდა ფრონტს ეხება."

შვეიცარიის "ტაგესანცაიგერი" იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც გამოიწვია სამაშველო სამუშაოების შეფერხება. "ბუში მემკვიდრეა ნეოკონსერვატული სკოლისა, რომელიც 25 წლის მანძილზე ასუსტებს და დისკრედიტაციას უკეთებს სახელმწიფოს. ამ იდეოლოგების თანახმად, სახელმწიფო არის ყოველგვარი უბედურების დასაბამი. კერძო საწარმოები ყველაფერს უკეთ აკეთებენ. საზოგადოებრივი და სოციალური დაწესებულებები უნდა გაუქმდეს ანდა პრივატიზებულ იქნეს. სტიქიური უბედურებისთვის გამიზნული დახმარება შეიკვეცა და ამან ხელი შეუშალა კატასტროფის ზონაში სწრაფად მოქმედებას. მოჯადოებული წრე საბედისწეროდ შეიკრა. უბედურების დროს სახელმწიფოს იმედად ყოფნა არ შეიძლება. ამით მემარჯვენე იდეოლოგებმა თავიანთ მიზანს მიაღწიეს," დაასკვნის დანიის გაზეთი.

საკმაო გამოხმაურება მოჰყვა ცნობას იმის თაობაზე, რომ წლების მანძილზე კორუფციის საგანი იყო გაეროს პროგრამა "სურსათი ნავთობის სანაცვლოდ", რომელიც გაერომ დაუწესა ერაყს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობამდე.

"ამ პროგრამის მიზანი იყო, ერაყელი ხალხისთვის ტანჯვა შეემსუბუქებინა. მაგრამ ამის ნაცვლად ფული ძირითადად რეჟიმის და გაეროს კორუმპირებული თანამშრომლების ჯიბეებში მიდიოდა. ამგვარად პროგრამამ ხელი შეუწყო იმას, რომ სადამის რეჟიმი უფრო დიდხანს დარჩა ხელისუფლებაში და ამით შეერთებულ შტატებს არგუმენტი მისცა ერაყის ოკუპაციისთვის."

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება დანიაში გამომავალი გაზეთი "პოლიტიკენი": "არჩევნების შედეგები თავიდანვე უფრო ნაკლებ საინტერესო იყო, ვიდრე არჩევნების გარშემო მიმდნარე პოლიტიკური პროცესები. ამის მიზეზი ისაა, რომ 24 წლის მანძილზე ხელისუფლების სათავეში მყოფი ჰოსნი მუბარაკი კვლავ იყრის კენჭს და მის გამარჯვებაში არავის ეპარება ეჭვი. მართალია, კენჭისყრა არ ყოფილა მთლად გამჭვირვალე, მაგრამ ჩნდება ახალი მოძრაობები, ახალი ხმები ხელისუფლებაში მყოფი ძალის ალტერნატივას ქმნის. მომავალში შეიძლება გაჭირდეს მისი კვლავ ცენზურა და შევიწროება."
XS
SM
MD
LG