Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო პენსიონერები საპროტესტო აქციის დაწყებას გეგმავენ


უახლოეს დღეებში - კერძოდ, 13 სექტემბერს - საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაწყებას ვეტერანთა საბჭოს წევრები გეგმავენ.

ამ აქციით ისინი იმედოვნებენ პარლამენტს საპენსიო უზრუნველყოფის კანონპროექტის განხილვა გადააფიქრებინონ. ვეტერანთა განცხადებით, მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები საგრძნობლად ამცირებს მათი კუთვნილი პენსიების რაოდენობას და, შესაბამისად, აკნინებს იმ დამსახურებას, რომელიც მათ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე მიუძღვით.

საქართველოს პარლამენტს უახლოეს ხანში ორი კანონპროექტი წარედგინება. ესენია კანონპროექტები სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ.
მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე ვეტერანებისათვის ცნობილი მხოლოდ მიმდინარე წლის აგვისტოში, ანუ მას შემდეგ გახდა, რაც კანონპრექტები მთავრობამ განიხილა. ვეტერანების ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე ამ კანონპროექტების წინააღმდეგი ერთადერთი მინისტრი - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი წასულა. აგვისტოს შემდეგ კი ვეტერანებმა კანონპროექტის დასაბლოკად რამდენიმე ინსტანციას მიმართეს. მათ შორის, შეხვდნენ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს ლადო ჭიპაშვილს. შედეგი ვერც ამ აუდიენციამ გამოიღო. სამხედრო ვეტერანები, როგორც თავად აცხადებენ, მოტყუებულნი დარჩნენ, რადგან კანონპროექტების მომზადებაში მათი არც ერთი რეკომენდაცია არ ყოფილა გათვალისწინებული. კანონპროექტის ძირითად საფრთხეს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ომის ვეტერანთა საერთაშორისო კავშირის” თავმჯდომარე ბადრი მაჭარაშვილი შემდეგნაირად განმარტავს:

[ბადრი მაჭარაშვილის ხმა] ”დაახლოებით სამმაგად ამცირებს პენსიონერთა პენსიებს, ყოველგვარ შეღავათებს ართმევს ომის მონაწილეებს, ვეტერანებს და ასე შემდეგ - განსაკუთრებით იმ ომის მონაწილეებს, რომლებმაც 80 წელს გადააბიჯეს. ეს ეხება სამამულო ომის მონაწილეებს. მათ 75 წლის შემდგომ ჰქონდათ გაორმაგებული პენსია. ეს, ამ კანონპროექტით, მათ ამჟამად წართმეული აქვთ და შემდგომში მათ შეღავათებზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.”(სტილი დაცულია)

ძალოვან უწყებებში მომუშავე ადამიანებს, ტრადიციულად, რიგით მოქალაქეებთან შედარებით, მაღალი სოციალური ანაზღაურება ჰქონდათ. 2005 წლის შემდეგ დათხოვნილთა პენსია, ზოგიერთ შემთხვევაში, ისეთ რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა, რომ საპენსიო პოლიტიკის გადახედვა გახდა საჭირო. - ეს არის ძირითადი მოტივი, რომელიც ამ ეტაპზე მოქმედი კანონის კორექტირების მთავარ მახასიათებლად იქცა.

[თენგიზ ჭიქაბერიძის ხმა] ”ვინც 2005 წლამდე გათავისუფლდა, მათი პენსიები არის, მაგალითად, 150 ლარი, 120 ლარი, 160, 200 ლარი, 350-იც, 450-მდე მაქსიმუმ. მაგრამ ყველაზე დიდი პენსიები დაენიშნა 2005 წლის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს. ესაა თავდაცვა, უშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაღალია იუკურიძის პენსია, თენგიზ ოშხერელის პენსია. იუკურიძეს 5550 აქვს, ოშხერელს -4500-მდე, აქვთ 1200-იც, 1400-იც.”(სტილი დაცულია)

როგორც ძალოვანი სტრუქტურების საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ ჭიქაბერიძე განმარტავს, 2005 წლის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურებიდან პენსიაში გასულ თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფისათვის დანიშნული თანხის სოლიდურობა სამხედრო მოსამსახურეთათვის თანამდებობრივი სარგოების ზრდამ განაპირობა. 2005 წლის იანვრიდან ხელფასების ზრდის პარალელურად გაიზარდა სამხედრო ნამსახურების პენსიაც. სულ რაღაც ხუთიოდე თვეში კი სახელმწიფო, სამართლიანობის დროშით, პენსიების შემცირების ინიციატივით გამოდის. ამგვარი სამართლიანობა განსაკუთრებით უსამართლოდ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიაჩნიათ.

[ალექსანდრე ვაშაკიძის ხმა] ”იმ ოჯახში, იმ სახელმწიფოში, რომელშიაც შვილები მამებს პატივს არ სცემენ, იქ არასდროს წესრიგი არ იქნება. ჩემი გაგებით, ჩვენს სახელმწიფოში, აი, ასეთი ამბავი ხდება. დღეს, აი, ეს მეტად დამსახურებული ხალხი, ხალხი, რომელმაც თავის მხრებზე გადაიტანა დიდი სამამულო ომის და მეორე მსოფლიო ომის სიმძიმე, დღეს არავის უნდა.”

გადამდგარი პოლკოვნიკი ალექსანდრე ვაშაკიძე 46 წელი მსახურობდა ჯარში. 13 სექტემბერს, თავისი ღირსებისა და უფლებების დაცვის მიზნით, პარლამენტის წინ შეკრებილ ვეტერანთა რიგებში ისიც ჩადგება.
XS
SM
MD
LG