Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ გარდაბნის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დააპატიმრა


ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ სოფელ ვახტანგისში გარდაბნის რაიონის ყოფილი გამგებელი ტელმან გასანოვი დააპატიმრა. სამართალდამცველთა თქმით,

16 სექტემბერს გასანოვმა ასამდე მხარდამჭერთან ერთად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტა. თუმცა, როგორც თავად დაკავებული რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, გზის გადაკეტვა მხოლოდ საბაბია. გასანოვის მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება მას პოლიტიკური ნიშნით დევნის. რა მოხდა სინამდვილეში?

ტელმან გასანოვმა და მისმა მომხრეებმა საავტომობილო მაგისტრალი 16 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში, გადაკეტეს. რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ცენტრალური ხელისუფლებისგან კორუფციაში გასვრილი ადგილობრივი ჩინოვნიკების თანამდებობიდან გათავისუფლებასა და პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა. „ქვემო ქართლის მხარეში კორუფცია და უსამართლობა ყვავის,“ მითხრა ბატონმა გასანოვმა, რომელიც ამ დროისათვის პოლიციელებს უკვე რაიონულ განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი:

[ტელმან გასანოვის ხმა] „პრეზიდენტი ყოფილა დიქტატორი! დემოკრატიაზე ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში სიტყვის თავისუფლებას ზღუდავენ. პოლიციისა და უშიშროების სამსახურის უფროსებმა დამიჭირეს. ვთქვი, რომ ხევიაშვილი და მელიქიშვილი ბანდიტები არიან, ამის ფაქტები მაქვს.“

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ტელმან გასანოვი უპირატესად ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქვემო ქართლის მხარეში ეგრეთ წოდებული “ბორჩალოს ავტონომიის“ შექმნას ითხოვს. გარდაბნის რაიონის გამგებელი დავით მაღრაძე ამბობს, რომ გასანოვი მოსახლეობის ქუჩაში გამოსაყვანად პროკლამაციებს ავრცელებს.

[დავით მაღრაძის ხმა] „ამ პიროვნებამ გაავრცელა პროკლამაციები, სადაც ეწერა მოთხოვნები, მათ შორის, ავტონომიის მოთხოვნაც. მოწმეები გვყავს აზერბაიჯანელები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პროკლამაციები ამ პიროვნების გავრცელებულია.“


თუმცა გარდაბნის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ავტონომიის მოთხოვნისა და პროკლამაციების გავრცელების გამო არ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი კობა შარვაძე განმარტავს:

[კობა შარვაძის ხმა] „არა, ეს მიზეზი არ იყო. მიზეზი არის ის, რის გამოც დავაკავეთ, ანუ გზის გადაკეტვა. მერე, დაკავებისას, პატრულს წინააღმდეგობა გაუწია. ახლა გამოძიება მუშაობს და რა გამოიკვეთება,
მალე ვნახავთ.“

მოითხოვდა თუ არა ვახტანგისში გამართული აქციის ორგანიზატორი ავტონომიას? მე ამ კითხვით თავად დაკავებულს მივმართე, თუმცა პოლიციელებმა ტელმან გასანოვს ლაპარაკის საშუალება აღარ მისცეს:

[ტელმან გასანოვის ხმა] „არა, ტყუილია, კაცო! ...მოიცა, მოიცა, ჟურნალისტია, მალაპარაკეთ...“

ექსპერტთა განმარტებით, ავტონომიის მოთხოვნა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია და ამ მიზნით აგიტაციის ჩატარებაც არ იკრძალება კანონით, თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, ავტონომიის, ანუ ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, გაჩენა მხოლოდ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანითაა შესაძლებელი:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს კონსტიტუციით. რადგანაც საქმე ეხება კონსტიტუციურ ცვლილებას, წესი ისეთივეა, როგორიც კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანისთვის არის განსაზღვრული. ანუ სათანადო საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლება აქვს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს და 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერების წარმომდგენ საინიციატივო ჯგუფს.“

რაც შეეხება ტელმან გასანოვს, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მიერ გავრცელებული ცნობით, გარდაბნის რაიონის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ბრალს დაკავებიდან 48 საათში, ანუ 18 სექტემბრის დილის 12 საათამდე, წაუყენებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG