Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის კვირაობით გადაკეტვის დადებითი და უარყოფითი მხარეები


თბილისის მერიის იმ ინიციატივათა შორის, რომლებსაც საზოგადოებაში არაპოპულარულად მიიჩნევენ, ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია კვირაობით რუსთაველის გადაკეტვას.

როგორც ცნობილია, ყოველ კვირა დღეს რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა წყდება და როგორც ტროტუარებზე, ასევე სავალ ნაწილზე იმართება იმპროვიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. რატომ ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე ამგვარი ტრადიციის დამკვიდრების მცდელობას?

[ისმის ხმაური]

ასეთი ხმაური ისმის რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად. ქუჩაში გამოტანილი დახლები, სარეკლამო დაფები თუ მოხეტიალე ვაჭრები ჩვეულებრივ დღეებშიც უცხო არ არის თბილისის მთავარი გამზირისთვის.

[ისმის ხმაური]

ეს კი კვირა დღის ამსახველი ერთი აუდიოფრაგმენტია. ამ დღეს სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებას, იმართება გამოფენები, შეჯიბრება ქართულ ჭიდაობასა თუ ქუჩის კალათბურთში და ასე შემდეგ.

სწორედ ეს არ მოსწონს და აღიზიანებს რუსთაველის ისტორიულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს. მე ზოგიერთ მათგანს ერთ-ერთი სახლის ეზოში გავესაუბრე. აი, რას ამბობს ქალბატონი ნანა:

[ნანას ხმა] ”ფაქტიურად, რუსთაველი გადააქციეს სავაჭრო ცენტრად. მე ვფიქრობ, რომ რუსთაველი არ უნდა იყოს გადაკეტილი. რუსთაველი რუსთაველი უნდა იყოს - ისეთი, როგორიც იყო.” (სტილი დაცულია)

რუსთაველის გადაკეტვა და იქ მოწყობილი გასართობი ღონისძიებები არ მოსწონს არც ქალბატონ მზიას.

[მზიას ხმა] ”არავითარი საჭირო არ არის, შვილო, მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ რუსთაველზე ვინც ვცხოვრობთ, დატანჯულები ვართ - არც ტრანსპორტი მოძრაობს, არც არაფერი. ან საცეკვაო და სათამაშო ისა გვაქვს ჩვენ ახლა?!..” (სტილი დაცულია)

ამ საუბარს მეოთხე სართულის აივნიდან თვალყურს ადევნებდა კიდევ ერთი ქალბატონი. მანაც ისურვა თავისი მოსაზრების გამოთქმა. ქალბატონ მარინას მოვუსმინოთ:

[მარინას ხმა] ”ლაზღანდარა ხუნტრუცა ახალგაზრდობა დადის რუსთაველზე. ჩვენს ქვეყანას მასეთი ხუნტრუცობისთვის არ უნდა ეცალოს.” (სტილი დაცულია)

გასულ კვირას, 18 სექტემბერს, ”თბილისის კორპუსის” მოხალისეებმა რუსთაველზე გამვლელი მოქალაქეების გამოკითხვა ჩაატარეს. ვარაუდობდნენ, რომ ქალაქის ხელისუფლება ამ გამოკითხვით იმის გარკვევას შეეცდებოდა, რას ფიქრობს ხალხი რუსთაველის გადაკეტვის შესახებ, თუმცა გამოკითხვა სულ სხვა შინაარსის აღმოჩნდა.

[ნატა მაჩალაძის ხმა] ”საკმაოდ შრომატევადია, რომ ყოველ კვირას მოიფიქრო მინიმალური თანხებით რა გაკეთდეს რუსთაველზე. საკმაოდ პოზიტიური გამოკითხვა იყო. ხალხს უნდა, რომ ჩატარდეს უფრო მეტი სპორტული ღონისძიება, ისე რომ მოსახლეობა უფრო მეტად იყოს ჩართული, ისე რომ მათი შესაძლებლობების გამოვლენაც მოხდეს...”(სტილი დაცულია)

ეს არის ნატა მაჩალაძე, მერიის კულტურისა და განათლების საქალაქო სამსახურის უფროსი. სწორედ მისი სამსახურის თხოვნით გამოკითხეს თბილისელები ”თბილისის კორპუსის” მოხალისეებმა. ნატა მაჩალაძე ამბობს, რომ მისი სამსახურის კომპეტენციაში არ შედის იმის გადაწყვეტა, რუსთაველი გადაიკეტოს თუ არა:

[ნატა მაჩალაძის ხმა] ”კამათი უფრო ხშირად ადგილის გამო იმართება, თორემ იმაზე, რომ კარგია თუ ცუდია, ამაზე ნაკლებად. ნუ, შეიძლება გვთავაზობენ, რომ გემოვნების განვითარებისთვის ჯაზზეც გავაკეთოთ აქცენტი... ეს ყველაფერი მიღწევადი სურვილებია.”(სტილი დაცულია)

არადა, სწორედ რუსთაველის გადაკეტვის საკითხის გარკვევას მოითხოვს თბილისის ამ ცენტრალური გამზირის მოსახლეობა, რომელსაც კულტმასობრივი ღონისძიებების გამართვის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, ოღონდ სხვა ადგილზე - მაგალითად, ვაკის პარკში, ანდაც რიყეზე.
XS
SM
MD
LG