Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი ჯარისკაცების უჩვეულო ოპერაცია ბასრაში


სამხრეთ ერაყის ქალაქ ბასრაში ბრიტანეთის ჯარებმა სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს ორი ბრიტანელის გასათავისუფლებლად.

საგულისხმო ის არის, რომ ორი ბრიტანელი ერაყის პოლიციას, ანუ ბრიტანელების მოკავშირე ძალას ჰყავდა დატყვევებული და მათს ციხეში დატოვებას ხმაურიან საპროტესტო გამოსვლაზე მოითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა. რამ გამოიწვია დაპირისპირება ბასრაში?

ყველაფერი დაიწყო ორშაბათს ბასრაში ერაყის პოლიციის მიერ ორი ბრიტანელი ჯარისკაცის დაკავებით. ჯარისკაცები, როგორც ჩანს გასაიდუმლოებულ მისიას ასრულებდნენ, ერაყელებივით იყვნენ შემოსილი და, როგორც ერაყის პოლიცია ირწმუნება, დაპატიმრებულ იქნენ მას შემდეგ, რაც ერაყელ პოლიციელს ესროლეს.

ბასრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მოჰამედ აბადიმ, ორშაბათსვე აუწყა ჟურნალისტებს ორი ბრიტანელის დაპატიმრების შესახებ: [აბადის ხმა] “მათი დაკითხვისას აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის არმიის წევრები იყვნენ და ბასრაში გარკვეულ ამოცანას ასრულებდნენ. მათ უარი თქვეს ამოცანის დაკონკრეტებაზე. რა ამოცანა ჰქონდათ, ამის თქმაზე ჯარსიკაცების სარდალმაც უარი გვითხრა. მაგრამ ამ საკითხს მაინც გამოვიძიებ”.

გამოძიება, ალბათ, გაარკვევს, რა და რატომ მოხდა, მაგრამ, ამასობაში, გაურკვევლობა იზრდება: როცა ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა ორი დაკავებულის გაშვება მოითხოვეს, ბასრელმა პოლიციელებმა მანქანებით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და ბასრელებს მოუწოდეს, ქუჩაში საპროტესტო გამოსლები მოეწყოთ დაპატიმრებულების ციხეში დარჩენის მოთხოვნით.

ამ დრამატულ მოვლენებს ბოლო მოეღო ორშაბათსვე საღამოს, როცა ბრიტანელმა სამხედროებმა ჯავშანტრანსპორტიორები, ანუ ძალა გამოიყენეს ორი კოლეგის გამოსახსნელად. ამ, როგორც იუწყებიან, ქაოტური ოპერაციის დეტალები, ჯერ არ არის დაზუსტებული. ის კი ცნობილია, რომ სამი ბრიტანელი სამხედრო პირი დაშავდა მას შემდეგ, რაც ბრბომ ცეცხლი წაუკიდა მათს ჯავშანტრანსპორტიორს და სროლა ატყდა.

რატომ გამოიყენეს ბრიტანელმა სამხედროებმა ძალა? ამ შეკითხვას ბრიტანული არმიის უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა დღეს ლონდონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე უპასუხა იმით, რომ იყო ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბასრის პოლიციამ ორი დაკავებული არაფორმალურ გასამხედროებულ ჯგუფს გადასცა და, შედეგად, ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბასრაში ბრიტანელების დაპატიმრების წინა დღეს, ანუ კვირას ამავე ქალაქში ბრიტანელებმა დააკავეს შიიტური გასამხედროებულ ორგანიზაცია “მაჰდის არმიის” ორი წევრი. შიიტური გასამხედროებული ჯგუფები კი ბასრაში დიდი გავლენით სარგებლობენ. როგორც რეგიონის ექსპერტი, დუბაიში მოღვაწე პოლიტოლოგი მუსტაფა ალანი განმარტავს: [მუსტაფა ალანის ხმა] “ბასრაში ბოლო ორი წელია, შიიტების გასამხედროებული ჯგუფები დომინირებენ [...] ბევრი ფიქრობს, რომ ბასრა ბრიტანელების კონტროლ ქვეშაა, მაგრამ, სინამდვილეში, მათ კონტროლი დიდი ხანია დაკარგული აქვთ. და ყველა პროცესი ამ ქალაქში, იქნება ეს მართვის, თუ ეკონომიკის საკითხები, უმთავრესად შეიარაღებული ჯგუფების მიერ იმართება”.

ორშაბათის დაპირისპირება, ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, იმის ნიშანი იყოს, რომ ბასრაში ბრიტანელ სამხედროებსა და გასამხედროებულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს.

სამხრეთ ერაყში ბრიტანელებს სულ 9 000-მდე ჯარისკაცი ჰყავთ, რაც ექსპერტებს არ მიაჩნიათ საკმარისად საიმისოდ, რომ სამხედრო ძალით გაუმკლავდნენ შეიარაღებულ ფორმირებებს. ამიტომ ლონდონს არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან აქტიური დიპლომატიით განაგრძოს ბასრის სტაბილიზაციაზე ზრუნვა, ან კიდევ ჯარისკაცების რიცხვი გაზარდოს.
XS
SM
MD
LG