Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტული რაიონების ლიდერები და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთს პროვოკაციასა და ომის განახლების მცდელობაში ადანაშაულებენ


სამშაბათს, დაუდგენელი სამხედრო პირების მიერ ცხინვალის ცენტრის ნაღმსატყორცნიდან დაბომბვის შემდეგ, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის

ლიდერებმა ოფიციალური თბილისის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებები გააკეთეს და თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ძალებს ბრძოლისთვის მზადყოფნა უბრძანეს. საომარი რიტორიკითაა გაჟღენთილი ბევრი თბილისელი პოლიტიკოსის ბოლოდროინდელი გამოსვლა, კეთდება მინიშნება სეპარატისტთა ლიდერების დასასრულის მოახლოებაზე, თუმცა გადაჭრით არავინ ამბობს, რა სცენარით განვითარდება მოვლენები თბილისსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის.

20 სექტემბერს, როდესაც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქში ნაღმები ცვიოდა, დიდი ლიახვის ქართულ სოფლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი და რამდენიმე პარლამენტარი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდნენ. მათ შორის იყო პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი ნიკა რურუა. პარლამენტარი ცხინვალის დაბომბვას ოს სეპარატისტთა მიერ მოწყობილ პროვოკაციას უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ედუარდ კოკოითისა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის საქმიანობა სულ მალე დასრულდება:

[ნიკა რურუას ხმა] “რაღაც ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ამ პრობლემას არ ეთმობოდა სერიოზული ყურადღება. ახლა ეს ასე არ არის და გარწმუნებთ, რომ დიდხანს ნამდვილად არ ავიტანთ. იმიტომ რომ ეს სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის მთლიანად. ფაქტია, რომ ეს უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს მაქსიმალურად მცირე ვადაში, თუ ეს იქნება მცირე ხარჯით და მინიმალური საფასურით, ეს იქნება საუკეთესო შემთხვევა.”(სტილი დაცულია)

მაგრამ უმტკივნეულოდ და “მინიმალური საფასურით” ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება მაშინ, თუ თვითაღიარებული ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლება დიალოგზე წამოვა და აღიარებს თვითგამორკვევას ერთიანი საქართველოს შიგნით. მაგრამ თბილისის სამშვიდობო გეგმებს სოხუმი და ცხინვალი არ ცნობს, რუსეთი მხოლოდ არსებული ვითარების შენარჩუნებითაა დაკავებული. შესაბამისად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პარლამენტარების განცხადებებს “კონფლიქტის მალე დასრულებაზე” დამოუკიდებელი ექსპერტები ეჭვის თვალით უყურებენ. პოლიტოლოგი კახა კაციტაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სტრატეგიულ კვლევებს თავდაცვის სამინისტროს შიგნით. იგი ვარაუდობს, რომ “მალე დასრულებაში” საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაძლოა, ვარაუდობდნენ სამხედრო სცენარის ამოქმედებას, რაც პოლიტოლოგს დამღუპველ ნაბიჯად მიაჩნია:

[კახა კაციტაძის ხმა] ‘შეიძლება მოხდეს კრიზისი, რომელიც არავის არ აწყობს - არც საქართველოს, არც აფხაზეთს, არც ოსეთს და არც, თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებს. აწყობს მხოლოდ რუსეთს...ვიდერჰარტის ფორმულაა: მოგებული ომი მხოლოდ მაშინ არის მოგებული, როცა ომის შემდეგი მშვიდობა უფრო უკეთესია, ვიდრე ომამდელი.”

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტის დარეგულირების საკითხში გიორგი ხაინდრავამ “დეგენერატები და საქართველოს დაუძინებელი მტრები უწოდა იმათ”, ვინც სამშაბათს ცხინვალის მიმართ ცეცხლი გახსნა. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში იმდენი იარაღი და პროვოკატორია თავმოყრილი, რომ მათ ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ ერთმანეთს გადაჰკიდონ მოკონფლიქტე მხარეები, მით უფრო, რომ ასეთ პროვოკაციას ერთხელ უკვე ჰქონდა ადგილი უახლეს ისტორიაში. 1992 წლის მაისის ბოლოს უცნობმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სოფელ ფრისთან ცეცხლი გაუხსნა ავტობუსს. სროლის შედეგად ოცთაადამდე ოსი ეროვნების ქალი და ბავშვი დაიღუპა. ამ ვანდალური აქტის განმახორციელებლები და ორგანიზატორები ოსურ მხარეს დღემდე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეგულება, იმდროინდელი საქართველოს ხელისუფლება კი ყველაფერს რუსეთიდან შემოჭრილ დივერსიულ ჯგუფს მიაწერდა. მაგრამ ფაქტია ერთი რამ, ასეთი დივერსიული ჯგუფები თავს მაშინ წამოყოფენ ხოლმე, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს იარაღის ენით ელაპარაკებიან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG