Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო პოლიციის პირველი სკანდალური დაჭერა


უკრაინიდან 6 თვის შესყიდული მძიმე საბრძოლო ტექნიკა, დაახლოებით 40 ერთეული ჯავშანმანქანა, რომლითაც საქართველოს მთავრობა ძალზე ამაყობდა,

ბოლოდროინდელ მანევრებზე მწყობრიდან გამოვიდა. პრესაში ამ ინფორმაციის გაჟონვამ სამთავრობო წრეებში დიდი აურზაური გამოიწვია, რაც იმით დამთავრდა, რომ სამხედრო პოლიციამ დღეს დააკავა გენერალური შტაბის ლოგისტიკის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა ლომსაძე, რომელიც თანამდებობიდან თებერვალში გაათავისუფლეს. დაკავებამდე მამუკა ლომსაძემ რადიო “თავისუფლებას” მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ, სადაც ბრალდებული აცხადებს, რომ ტექნიკა გამართული იყო და იგი მწყობრიდან გამოვიდა არასწორი ექსპლუატაციის გამო.

[ტანკების გრუხუნის ხმა]

40-მდე ერთეული ბმპ-2 ტიპის ჯავშანმანქანა საქართველოში გასული წლის ბოლოს საიდუმლოდ შემოიტანეს. ამის შემდეგ ტექნიკა აქტიურად ჩანდა სხვადასხვა სახის მანევრებზე და მარშებზე, მათ იღებდნენ სარეკლამო რგოლებში. მაგრამ სულ რამდენიმე თვის წინ, სამცხე-ჯავახეთში, “ორფოლოს” პოლიგონზე, ჩატარებულ ფართომასშტაბიან ჯავშანსატანკო სწავლების დროს, ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა. მიზეზების დადგენა ახლად შექმნილ სამხედრო პოლიციას დაევალა, რომელმაც დამნაშავე ყოფილი თავდაცვის მინისტრის გუნდში აღმოაჩინა. სამხედრო პოლიციის შენობაში მისულ ლოგისტიკის სამმართველოს ყოფილ უფროსს, პოლკოვნიკ მამუკა ლომსაძეს, სამხედრო პროკურატურა დაპატიმრების სანქციით დახვდა. სანამ ბორკილებს დაადებდნენ, ლომსაძე რადიო “თავისუფლებას” დაუკავშირდა და უთხრა, რომ ტექნიკა შესყიდვის დროს ვარგისი იყო, რაც შესაბამისი აქტებითაც დასტურდება:

[მამუკა ლომსაძის ხმა] “მაგას ყურად არავინ იღებს, უბრალოდ, არის ვიღაცეების ჩვენება, ვითომ ტექნიკა გაფუჭებული იყო, მაგრამ ფაქტი არის, რომ აქტებით, ყველაფრით გადაცემული იყო ეს ყველაფერი. ეხლა კი აბრალებენ კომისიას. ამ კომისიამ, სხვათა შორის, ამ “ბე-ემ-პე-ების” [საბრძოლო მანქანების] გარდა, მიიღო “ბე-ტე-ერ-ები”[ჯავშანტრანსპორტიორი.-რედ], ტანკებიც, თვითმავალი არტილერია, რომელზეც პრეტენზიები არ ჰქონდათ. ახლა კი გამოჩნდა, რომ უვარგისი ყოფილა მაინცდამაინც “ბე-ემ-პე- ები”.(სტილი დაცულია)

მამუკა ლომსაძის სახლში დღეს სამხედრო პოლიციამ და პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა. მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში კი შეტანილია სარჩელი ლოგისტიკის სამმართველოს ყოფილი უფროსისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. გამოძიება მას უვარგისი სამხედრო ტექნიკის შემოტანას და სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენებას ედავება. პოლკოვნიკი მამუკა ლომსაძე, რომელიც მინისტრმა ოქრუაშვილმა თანამდებობიდან თებერვალში გადააყენა,თავს დამნაშავედ არ ცნობს და ირწმუნება, რომ სასამართლოში შეძლებს დაამტკიცოს, რომ ქვეითთა საბრძოლო მანქანები მწყობრიდან გამოვიდა თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის დროს, არასწორი ექსპლუატაციის გამო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG