Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება


დღეს თბილისისა და საკურორტო ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2005-2006 აკადემიური სასწავლო წლის პირველი ზარი დაირეკა. ამ დროისათვის

მოსწავლეები, ალბათ, უკვე მიუსხდნენ მერხებს, თუმცა მათგან უმრავლესობას სასკოლო სახელმძღვანელოები ჯერ არ შეუძენია. მიზეზი მარტივია: მოსწავლეები მხოლოდ დღეს შეიტყობენ იმის თაობაზე, თუ ალტერნატიული სახელმძღვანელოებიდან რომელს მისცეს უპირატესობა მათმა პედაგოგებმა. შესაბამისად, სრულფასოვანი სასწავლო პროცესის დაწყება მხოლოდ უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

სასკოლო ბაზრობა თბილისში წელსაც სპორტის სასახლის შესასვლელში მოეწყო. ბაზრობა 19 სექტემბერს გაიხსნა და, სავარაუდოდ, 10 ოქტომბრამდე გასტანს. ბაზრობის გახსნიდან დღემდე გასული ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები და მათი მშობლები კანტიკუნტად აკითხავდნენ სახელმძღვანელოებისა და საკანცელარიო ნივთების დახლებს. დღეიდან სხვანაირად იქნება. მყიდველთა მოზღვავებას ბაზრობაზე დღის მეორე ნახევრიდან ელიან.

[გამყიდველის ხმა]” აუცილებლად ძაან ბევრი ხალხი იქნება. იქნება, ალბათ, უამრავი რიგები, იმიტომ რომ სკოლებში რომ მივლენ, გამოუცხადებენ, რა წიგნები სჭირდებათ, ეს ყველაფერი, და მოაწყდება ხალხი დღის მეორე ნახევარში აუცილებლად.”(სტილი დაცულია)

პირველი საშუალო სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიცეუმის ქიმიის მასწავლებელი გიორგი სიდამონიძე თავის მეშვიდე კლასელ აღსაზრდელებს, მაგალითად, ლომსიანიძის, ცინცაძისა და წივწივაძის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს შეძენას ურჩევს. სასწავლო კურსს მისი მოსწავლეები სწორედ ამ სახელმძღვანელოთი გაივლიან:

[გიორგი სიდამონიძის ხმა]” სხვა წიგნებში უფრო ტესტური მასალაა და აქ, რასაც ქიმია ჰქვია, ის არის. წელს ამ წიგნით იხელმძღვანელებს ჩემი მეშვიდე კლასი. შემდეგ, თუ სამინისტრომ რომელიმე წიგნი გამოყო სპეციალურად, თავისთავად, იმ წიგნით.”(სტილი დაცულია)

როგორც პროექტ “ილია ჭავჭავაძის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების” შემმუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა სიმონ ჯანაშიამ განგვიცხადა, მიმდინარე რამდენიმე წლის განმავლობაში საგანმანათლებლო სკოლების სასწავლო პროგრამებში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება. თუმცა აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ ერთი სიახლე, რომელიც ალტერნატიული სახელმძღვანელოებიდან სკოლების მეთოდსაბჭოების მიერ შერჩეული სახელმძღვანელოს შედარებითი ხანგრძლივი ვადით გამოყენებაში მდგომარეობს. წელს არჩეული წიგნით სკოლა სამი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს. გამონაკლისია მხოლოდ პირველი, მეშვიდე და მეათე კლასები, სადაც ახალი პროგრამების პილოტირება დაიწყო.

[სიმონ ჯანაშიას ხმა]”პრინციპში მთლიანად დაინერგება აბსოლუტურად ახალი სასწავლო გეგმები ყველა კლასში ექვსი წლის შემდეგ, შვიდი წლის შემდეგ და მეტ-ნაკლებად დასრულებულ სახეს მიიღებს 12 წლის შემდეგ.”(სტილი დაცულია)

როგორც განათლების სამინისტროში შენიშნავენ, სკოლის რეფორმირების დასრულებამდე დარჩენილ პერიოდში სასწავლო პროგრამების ადმინისტრირების პროცესი მოსწავლისა და მისი მშობლის სასიკეთოდ გამარტივდება. ამის ნიმუშად კი მიიჩნევენ თუნდაც იმას, რომ გამონაცვალი წიგნები კონკრეტულ სკოლაში, სულ მცირე, მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც ვარგისი იქნება. წიგნი კი, მოგეხსენებათ, იაფი არ ღირს.

[მშობლის ხმა]” ორი ბავშვი მყავს. დაახლოებით 130 ლარის უკვე ნაყიდი მაქვს წიგნები. რვეულებს არ ვგულისხმობ და პასტებს. ინგლისურის წიგნები, მაგალითად, 2 ბავშვის 2 წიგნში 32 ლარი მივეცი და პლუს კიდევ 12 ლარიანი კასეტები აქვს თითო ცალი. ანუ სადღაც 60 ლარამდე მარტო ინგლისურის წიგნები დაჯდა. ნუ, ერთ ბავშვს 100 ლარი ან ყოფნის, ან არა, საშუალოდ.”(სტილი დაცულია)

ამ მამაკაცის თქმით, ყველაზე იაფი სახელმძღვანელო 5 ლარი ღირს. მისი შვილები ლიცეუმ ”მწიგნობართუხუცესის” მეოთხე და მეექვსე კლასებში სწავლობენ. სწავლა ამ ლიცეუმში ერთი კვირის წინათ განახლდა და, ამდენად, მას სახელმძღვანელოების შესაძენად რიგში დგომა არ დასჭირვებია. განსხვავებით თბილისის სახელმწიფო სკოლების ასობით აღსაზრდელის მშობლებისგან, რომლებიც უახლოეს საათებში მრავლად შეიკრიბებიან სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრობა აქ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სავარაუდოდ, 10 ოქტომბრამდე გასტანს.
XS
SM
MD
LG