Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13-მილიარდიანი გარიგება “გაზპრომსა” და რომან აბრამოვიჩს შორის


რუსეთში გუშინ უპრეცედენტო საქმიანი გარიგება გაფორმდა: “ბიზნესმენმა 13 მილიარდ დოლარად გაყიდა ის, რაც 9 წლის წინ, ლამის, უფასოდ იშოვა”,

ასეთ შეფასებას აძლევს ეკონომიკის ექსპერტი ბილ ბრაუნერი რუს ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩის გუშინდელ ნაბიჯს: აბრამოვიჩმა, რომელსაც მთელს მსოფლიოში იცნობენ მას შემდეგ, რაც 2003 წელს ლონდონის საფეხბურთო კლუბი “ჩელსი” შეიძინა, 13,1 მილიარდ დოლარად მიყიდა ნავთობკომპანია “სიბნეფტში” თავისი აქციები “გაზპრომს”. “გაზპრომს” წარდგენა, ალბათ, არც სჭირდება, მაგრამ მოკლედ შეგახსენებთ: “გაზპრომი” რუსეთის გიგანტური, სახელმწიფო ენერგოკომპანიაა, საქართველოსთვის გაზის უალტერნატივო მომწოდებელი. მაგრამ საქრათველოსა და გაზპრომის ურთიერთმიმართებას მოგვიანებით დავუბრუნდებით... ჯერ გუშინდელ, 13- მილიარდიან გარიგებაზე.

“გაზპრომი” ყიდულობს სიბნეფტის 72,7-პროცენტიან წილს “მილჰაუზ კაპიტალისგან” - საინვესტიციო კომპანიისგან, რომელიც უმდიდრეს რუსს, რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. აქამდე “გაზპრომი” “სიბნეფტის” 3 პროცენტს ფლობდა - ახლა კი, როცა 75ტ პროცენტზე მეტს გააკონტროლებს, უახლოვდება თავის მიზანს: “გაზპრომის” მიზანი კი არის, როგორც ექსპერტები განმარტავენ, გლობალურ და მრავალმხრივ ენერგო-გიგანტად ქცევა. აი, რას ამბობს ექსპერტი ერიკ კრაუსი:
[კრაუსის ხმა] “გაზპრომისთვის ეს ნიშნავს ენერგეტიკის სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიად ქცევას. მანამდე გაზპრომს როსნეფტის შესყიდვა ან მასთან შერწყმა სურდა, მაგრამ არ ეს გამოუვიდა. ამდენად, სიბნეფტის წილის შესყიდვა არის ერთგვარი ნუგეში გაზპრომისათვის, რომელსაც ნავთობის სფეროშიც უნდოდა შეღწევა”. და აი, შეაღწია კიდეც...

“გაზპრომის” ხელში გადადის ყოველდღიურად 900 000 ბარელი ნავთობი ... ეს მას ხდის რუსეთში სიდიდით მეხუთე ნავთობკომპანიად “ლუკოილის”, TNK-BP-ის, “როსნეფტისა” და “სურნუტნეფტეგაზის” შემდეგ. და კიდევ ერთი საგულისხმო მაჩვენებელი: “გაზპრომი” რომან აბრამოვიჩისთვის 13,1 მილიარდი დოლარის გადახდის შემდეგ გააკონტროლებს რუსეთში ნავთობის მესამედს... გაზპრომი კი, როგორც უკვე ითქვა, სახელმწიფო კომპანიაა, ანუ გამოდის, ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაცია გააკონტროლებს რუსული ნავთობის მესამედს...

[კრის ვიფერის ხმა] “ეს გარიგება ზრდის ნავთობის სექტორში მთავრობის უშუალო წილს: ახლა რუსეთის ყოველდღიური ნავთობწარმოების ერთი მესამედი მთავრობის კონტროლს დაქვემდებარულ, ან მთავრობის მფლობელობაში მყოფ კომპანიებზე მოდის. თუ ამას მთავრობისადმი კეთილგანწყობილ კომპანიებსაც დაამატებთ, მაშინ ეს ციფრი 50 პროცენტს გადააჭარბებს”, ამბობს ეკონომიკის ექსპერტი კრის ვიფერი. მისივე შეფასებით, “სიბნეფტის” შესყიდვა მთავრობას დაეხმარება, მოიპოვოს მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა, ვინაიდან ნავთობისა და გაზის შემოსავლებით შეძლებს რუსეთში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ეს პერსპექტივა მას 13,1 მილიარდი დოლარი დაუჯდა...

ექსპერტების შეფასებით, რომან აბრამოვიჩს შეეძლო “სიბნეფტში” თავისი წილი გაცილებით უფრო ძვირადაც მიეყიდა, დავუშვათ, რომელიმე უცხოური კომპანიისათვის, მაგრამ კრემლის სურვილი გაითვალისწინა. მიხაილ ხოდორკოვსკის არცთუ შესაშური ბედის შემყურე რუსი ოლიგარქები ცდილობენ, ანგარიში გაუწიონ კრემლის ნება-სურვილს...

ექსპერტი ერიკ კრაუსი ამბობს: [კრაუსის ხმა] “მას, ალბათ, კრემლმა დაავალა სიბნეფტის გაყიდვა. და სავსებით მისაღები ფასიც შესთავაზა თამაშიდან გასვლის სანაცვლოდ. ეჭვგარეშეა, რომ აბრამოვიჩს რომელიმე მსხვილი უცხოური კომპანიისაგან მეტი ფულის აღება შეეძლო. მაგრამ ბატონი პუტინი არ აპირებს, შეურიგდეს რუსეთის სტრატეგიული რესურსების გადასვლას უცხოეთის კომპანიების ხელში”.

ასეა თუ ისე, აბრამოვიჩთან გარიგებით “გაზპრომი” გაძლიერდა. მართალია, საქართველო “გაზპრომის” გაზზეა დამოკიდებული და არა ნავთობზე, რომელსაც ეს გიგანტური კომპანია “სიბნეფტისაგან” იღებს, მაგრამ მაინც, ფაქტია, რომ “გაზპრომს” ახლა უფრო ძლიერი და მყარი პოზიცია აქვს. რას მოასწავებს ეს, ან რას შეიძლება მოასწავებდეს საქართველოსთვის? - ამ შეკითხვით მივმართეთ ეკონომიკის ექსპერტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს. [ინტერვიუ ა. თვალჭრელიძესთან: იხ. აუდიოვერსია]
XS
SM
MD
LG