Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლის მოსწავლეთა კონკურსი უფლებადაცვითი და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისთვის


საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სკოლის მოსწავლეთათვის გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანს მოზარდებს შორის

უფლებადაცვითი და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება წარმოადგენს. საკონკურსო ნამუშევრების თემაა „თავისუფლება". მასში მონაწილეობის მიღების მსურველმა I-VI კლასების მოსწავლეებმა უნდა წარადგინონ თავისუფლების თემაზე შექმნილი ნახატი, ხოლო VII-XI კლასების მოსწავლეებმა – თხზულება.

[ისმის ხმაური სკოლაში]

[მოსწავლეების ხმა] ”- შენ გრძნობ თავს თავისუფლად? - არა, ჯერ ოჯახური პირობების გამო და მერე სკოლაშიც არ გვაქვს იმდენი თავისუფლება, რომ ის გავაკეთოთ, რაც გვინდა. ჩვენთვის ახლა, თინეიჯერებისთვის, თავისუფლება სულ სხვაა - 24 საათი მუსიკა და ქუჩაში დგომა. გაკვეთილებზე მაგდენი შესაძლებლობა არ გვაქვს.”

”სკოლაში თავისუფლება წარმომიდგენია ისე, რომ... ნუ, უფრო ნაკლებად უნდა შეზღუდონ მასწავლებლებმა მოსწავლეები და ნაკლებად მკაცრები უნდა იყვნენ და შედარებით უფრო თავისუფლად იქნებიან გაკვეთილზე მოსწავლეები.”(სტილი დაცულია)

”მე ვფიქრობ, რომ სულიერი თავისუფლებაა ნამდვილი თავისუფლება.”

მე, მაგალითად, დავხატავდი თავისუფალ საქართველოს, რომელიც არ ექვემდებარება არავის - არც ამერიკას და არც რუსეთს.”

აი, ასე წარმოუდგენიათ თავისუფლება თბილისის 51-ე საშუალო სკოლის მეექვსე და მეათე კლასების მოსწავლეებს. მათთვის და მათი თანატოლებისთვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და სხვა სამოქალაქო ღირებულებების აქტუალიზებაა იმ კონკურსის მთავარი მიზანი, რომლის ინიციატორია საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელისა და კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ია ანთაძის, განმარტებით, სახალხო დამცველს გადაწყვეტილი აქვს წელიწადში მინიმუმ სამჯერ მაინც ჩაატაროს მოსწავლეთა კონკურსი.

[ია ანთაძის ხმა] ”პირველი თხზულების და ნახატის თემა, რაც ჩვენ მათ შევთავაზეთ, ანუ თემა თავისუფლება, მოიცავს როგორც უფლებადაცვით საკითხებს, ასევე ღირებულებით საკითხებს. ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ სწორედ ასეთი თემა პირველი კონკურსისთვის. ეს არის თემა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ძალიან ბევრ ასპექტზე გაამახვილონ ყურადღება.”

მოსწავლეთა კონკურსი 4 ოქტომბერს დაიწყება და 25 ნოემბრამდე გასტანს. ამ ხნის მანძილზე დაინტერესებულ მოსწავლეებს 2 საკონსულტაციო ცენტრში, თბილისსა და ქუთაისში, საშუალება ექნებათ კონსულტაციები მიიღონ საკონკურსო თემისა და მისი ასპექტების შესახებ.

[ია ანთაძის ხმა] ”კონსულტაციები იქნება სწორედ იმ ხასიათის, რომ ჩვენ მათ შევთავაზებთ ამ თემის სხვადასხვანაირ გაშლას. და მათ შეუძლიათ შეარჩიონ ერთ-ერთი ჩვენი შეთავაზებულიდან ან შეუძლიათ ჩვენი კონსულტაციის გარეშე გადაწყვიტონ, როგორ ნახატს შექმნიან ან როგორ თხზულებას დაწერენ.”(სტილი დაცულია)

მომდევნო კონკურსებზე შეიცვლება როგორც თხზულების და ნახატის თემა, ასევე კომისიის წევრთა შემადგენლობაც. მოსწავლეთა ნამუშევრებს შეაფასებს სწორედ 7 კაცისგან შემდგარი საკონკურსო კომისია, რომელიც თავადვე შეიმუშავებს შეფასების კრიტერიუმებსა და მეთოდებს.

კონკურში გამარჯვებული კი 10 დეკემბერს გამოცხადდება. გამარჯვებული ნახატის ავტორი ჯილდოდ ფოტოაპარატს მიიღებს, ხოლო გამარჯვებული თხზულების ავტორს კომპიუტერით დააჯილდოებენ.
XS
SM
MD
LG