Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.


1994 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო ყოველ 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს პედაგოგებს, მოსწავლეების გარდა, პროფესიულ დღესასწაულს

განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებიც ულოცავენ. ეს ტრადიცია არ დაარღვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ, რომელმაც 70 წარმატებულ პედაგოგს ფულადი ჯილდო, 100-100 ლარი, და წიგნები გადასცა. როგორ აღნიშნეს მასწავლებლის დღე საქართველოში და რა პრობლემები აწუხებთ პედაგოგებს?

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 70 ათასამდე მასწავლებელი მუშაობს. მათ შორისაა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლის პედაგოგი მარინე დალაქიშვილი-ნინუა. ქალბატონმა მარინემ სკოლაში მუშაობა 28 წლის წინ დაიწყო. ამბობს, რომ თანამედროვე საქართველოში პედაგოგის შრომა ჯეროვნად არ ფასდება:

[მარინე დალაქიშვილ-ნინუას ხმა] „მზად ვართ ყველანაირი ატესტაციისთვის, ყველანაირი გამოცდისთვის, ოღონდ შრომის საზღაური იყოს ადეკვატური. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ მასწავლებლის შრომა კოლოსალურად დაამძიმა, ხოლო დახარჯულ ენერგიას არ შეესატყვისება ანაზღაურება, რომელიც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.“

23-ე სკოლაში მასწავლებლის დღე არ აღუნიშნავთ. ბავშვების უმეტესობამ არც კი იცოდა, 5 ოქტომბერს მათი მასწავლებლების პროფესიული დღესასწაული რომ იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსწავლეებმა აღმზრდელებისთვის თბილი სიტყვები არ დაინანეს:

[ისმის ბავშვების ხმები] „კარგად გვასწავლიან, მცოდნეები და კეთილები არიან. მკაცრები არ არიან, ბავშვებს კარგად ექცევიან. თუმცა, თუ გააბრაზებ, კუთხეშიც დაგაყენებენ.“

მაგრამ მასწავლებლებს მარტო უდისციპლინო მოსწავლეები როდი აბრაზებენ.

[მარინე დალაქიშვილ-ნინუას ხმა] „ასეთ პარადოქსს გეტყვით: რაც უფრო მეტია კლასში მოსწავლე, მით უფრო ნაკლებია ანაზღაურება - როგორც მასწავლებლის, ასევე კლასის დამრიგებლის. თურმე ნუ იტყვით, თუ მე 25-ზე ნაკლები მოსწავლე მყავს, უფრო მეტი ანაზღაურება უნდა ავიღო, ვიდრე მასწავლებელმა, რომელსაც კლასში 25-ზე მეტი მოსწავლე უზის, მაგალითად - 42, როგორც ჩემს სადამრიგებლო კლასშია. ანუ ანაზღაურება იკლებს პირდაპირპროპორციულად მოსწავლეთა რაოდენობის ზრდისა.“

მასწავლებლების ანაზღაურების საკითხი, ბუნებრივია, გულგრილს ვერც განათლების სამინისტროს მესვეურებს ტოვებს. სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი მარინე ჟვანია მიიჩნევს, რომ ანაზღაურება პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროპორციულად უნდა იზრდებოდეს. „განათლების სამინისტრო დაინტერესებულია პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაში, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების სამართლიანი და წამახალისებელი სისტემის დამკვიდრებაში“ - ყველაფერი ეს ნათქვამია მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფციაში, რომელიც განათლების სამინისტრომ 5 ოქტომბერს გამოაქვეყნა. კონცეფციის თანახმად, მასწავლებლობის დასაწყებად მხოლოდ უმაღლესი განათლება არ კმარა. მასწავლებლობის მსურველი, მასწავლებლების სერტიფიცირების, სტანდარტებისა და რეგისტრაციის ცენტრის ნებართვით, მუშაობას იწყებს სკოლაში გამოსაცდელი ვადით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ბრუნდება სერტიფიცირების ცენტრში და აბარებს გამოცდას. კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი მარინე ჟვანია განმარტავს:

[მარინე ჟვანიას ხმა] „2013 წლამდე ვეცდებით, რომ ყველას ჰყავდეს სერტიფიცირებული პედაგოგი, ხოლო შემდგომში უკვე გამოცდის ჩაბარება და პროფესიული ზრდის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება გარკვეული კრედიტების დაგროვების საწინდარი იქნება. ეს კრედიტები კი დიდწილად იმოქმედებს მასწავლებლის ხელფასზე და მის კარიერულ ზრდაზე, ანუ მასწავლებლებს ექნებათ წინსვლის საშუალება.“

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ კონცეფცია საფუძვლად დაედება კანონს მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების შესახებ. რაც შეეხება ვადებს, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება 2008 წლიდან სავალდებულო იქნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG