Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის პოლიტიკით უკმაყოფილო კონფლიქტური რეგიონები ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ საუბრის განახლებაზე დათანხმდნენ


რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის პროცესში ორშაბათიდან ქართველი ექსპერტებიც ჩაერთვნენ.

სამმხრივმა კომისიამ სრული დასკვნა თვის ბოლომდე უნდა გამოაქვეყნოს, თუმცა უშუალოდ აღდგენითი სამუშაოების დაწყებას საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება. ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით, თბილისის პოზიცია გაცილებით ნათელია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონასთან მიმართებაში. რეგიონში განსახორციელებელ სარეაბილიტაციო პროექტებზე მსჯელობა ორშაბათს ცხინვალში განახლდა. სოხუმსა და ცხინვალთან ეკონომიკური ხასიათის დიალოგის გაგრძელებას წინ უძღოდა სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დადგენილება, რომლის გამოც ორშაბათს თბილისში რუსეთის დელეგაცია არ ჩამოვიდა.

კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების შემდგომ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ ერთი კვირის წინ დამტკიცებულ დადგენილებაზე უარყოფითი რეაქცია სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში პრაქტიკულად ერთდროულად გამოხატეს. თუმცა ყველაზე მეტად უკმაყოფილო აღმოჩნდა რუსეთი, რომლის ოფიციალური დელეგაცია ორშაბათს თბილისში არ ჩამოვიდა. 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი იყო საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფო კომისიის სხდომა და ბიზნესფორუმი, რომელთა ჩაშლის მიზეზად მოსკოვმა საპარლამენტო დადგენილებით შექმნილი არახელსაყრელი ფონი და ულტიმატუმის ენა დაასახელა. ჩაშლილი ქართულ-რუსული შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა უნდა ყოფილიყო. ფსოუ-ინგირის სარკინიგზო ხაზის ტექნიკურ მდგომარეობას აფხაზი და რუსი სპეციალისტები ქართველი ექსპერტების გარეშე აგვისტოდან იკვლევენ. ზაფხულში ქართველი რკინიგზელები სოხუმმა იმ მოტივით არ მიიღო, რომ დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთიდან დევნილებიც იყვნენ. მათ გარეშე მიწვევის წერილი საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა დე ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერ ლეონიდე ლაკერბაიასგან რამდენიმე ხნის წინ მიიღეს. ქართული დელეგაციის წევრი იგორ მიქაძე ამბობს, რომ აფხაზური მხარე უსაფრთხოდ მუშაობას დაჰპირდა:

[იგორ მიქაძის ხმა] ,,უნდა გავსინჯოთ, რკინიგზა რა დარჩა, რა არის საჭირო, რა თანხა დასჭირდება აღდგენას აფხაზეთის უბანზე.” (სტილი დაცულია)

აფხაზი და რუსი სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, რკინიგზის რეაბილიტაციას ორას მილიონ დოლარზე მეტი და ორი წელი დასჭირდება. შეიცვლება თუ არა ეს პროგნოზი პროცესში ქართველი ექსპერტების ჩართვის შემდეგ, ოქტომბრის ბოლოსთვის გაირკვევა, როდესაც სამმხრივი კომისია სრულ დასკვნას გამოაქვეყნებს. გაცილებით ხანგრძლივი და რთული იქნება სარკინიგზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი. უშუალოდ პოლიტიკური საკითხები არ განხილულა ორშაბათს ცხინვალში, სადაც ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი ჩავიდა:

[გიორგი ვოლსკის ხმა] ,,შეხვედრა ეხებოდა იმ პროგრამებს, რომელიც უნდა განხორციელდეს მომავლიდან და რომელიც როგორც ოსი, ასევე ქართველი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური პრობლემების გარკვეულწილად გამოსწორებას ითვალისწინებს.” (სტილი დაცულია)

ევროკავშირის დაფინანსებით ცხინვალის რეგიონში რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელდა და შედეგები, შესაძლოა, სპეციალურ დოკუმენტურ ფილმშიც კი აისახოს. ამჯერად საუბარია ახალ, გაცილებით დიდ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა 6 ძირითადი მიმართულება, მათ შორის, გზების რეაბილიტაცია, სოფლის მეურნეობა და მეწარმეობის განვითარება.
კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ძველი და ახალი დონორები საგანგებო კონფერენციაზე შეიკრიბებიან. თუმცა ეფექტურობასთან დაკავშირებული გარკვეული ეჭვი უკვე არსებობს. თბილისში მიაჩნიათ, რომ თუ სამშვიდობო პროცესი რუსეთის მონაწილეობით კვლავ არასწორად წარიმართება, უშედეგო იქნება ნებისმიერი ეკონომიკური პროექტებიც.

კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე სამშვიდობო პროცესისადმი საქართველოს უკმაყოფილებას რუსეთმა თბილისში ეკონომიკური ფორუმის ჩაშლით უკვე უპასუხა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG