Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში არსებული ვითარება, ქართველ პარლამენტართა დაპირისპირება მინისტრებთან, დავით აღმაშენებლის ძეგლისთვის


აზერბაიჯანში არსებული ვითარება, ქართველ პარლამენტართა დაპირისპირება მინისტრებთან, დავით აღმაშენებლის ძეგლისთვის ადგილის შეცვლის იდეა - ასეთი გახლავთ

დღევანდელი ქართული პრესის ძირითადი თემები.

დღეს სამი ქართული გაზეთი აქვეყნებს მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის წერილს დავით აღმაშენებლის ძეგლისთვის ადგილის შეცვლის გეგმის თაობაზე. ”დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა, როგორც ჩანს, ზოგიერთებს საკუთარ სახლში რემონტის შემდეგ კარადის ერთი კუთხიდან მეორეში გადატანა ჰგონიათ,” - წერს მერაბ ბერძენიშვილი და განაგრძობს, - ”რადგან მე ძეგლის ავტორი ვარ, რომელსაც საავტორო უფლება აქვს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ადგილი, რომელიც შერჩეულია ძეგლის გადასატანად, ცუდია, სრულიად შეუფერებელია და, გარდა ამისა, კონტრაჟურში ძეგლის დაყენებაც უცოდინრობის და თავხედობის ნიმუშია (ანონიმ არქიტექტორს ეს უნდა სცოდნოდა!).” წერილის პოსტსკირპტუმში მერაბ ბერძენიშვილი დაურთავს, რომ მან, ვინც ძეგლის გადატანა შესთავაზა მერიას, არ იცის, რომ ის განსაკუთრებული წესით არის დამონტაჟებული, რომ ცხენის ფეხები სავსეა ბეტონის მასით და არც ის იცის, თუ რა ელის ძეგლს ბეტონის მტვრევისას. ”რამდენადაც ძეგლის დამდგმელ ოსტატებს სწამდათ, რომ ისინი ამ ძეგლს საშვილიშვილოდ დგამდნენ, ამიტომ ისურვეს ამგვარი ხერხის გამოყენება. ყოველივე ამას თავადაც დაადასტურებენ თბილისის ქანდაკების კომბინატის ოსტატები. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!”, - ასე სრულდება მერაბ ბერძენიშვილის წერილი, რომელსაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს რამდენიმე გაზეთი აქვეყნებს.

”სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში განკითხვის დღეს უმზადებენ”, ”სალომე ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა”, ”რა წერია სკანდალურ დოკუმენტში, რის გამოც პარლამენტი სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა”, - ასეთი სათაურებით ეხმაურება დღევანდელი პრესა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ერთ ნაწილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შექმნილ დაპირისპირებას. ”საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე პრინციპული პოზიცია მიხეილ მაჭავარიანს აქვს. მისი თქმით: უნდა გაირკვეს, ეს დაუდევრობაა თუ დანაშაული. თუ დანაშაული დაუმტკიცეს, მაშინ მისი იმპიჩმენტი უნდა დაიწყოს. თუმცა არანაკლებ მკაცრია ნინო ბურჯანაძე. მან სალომე კახა თარგამაძესაც კი შეადარა და თქვა, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი უკეთესი იყოო”, - წერს დღევანდელი ”ალია”. იმავე საკითხზე და აგრეთვე განათლების მინისტრით პარლამენტართა ერთი ნაწილის უკმაყოფილების თაობაზე წერს ”რეზონანსიც”. საქმე ის გახლავთ, რომ ორიოდე დღის წინ შექმნილი “მოძრაობის” (”მოძრაობა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისთვის”) მოთხოვნას კახა ლომაიას გადაყენების თაობაზე ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილიც უერთდება. კერძოდ, ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში კონსერვატორი კახა კუკავა ამბობს: ”კახა ლომაია უნდა გადადგეს არა იმდენად საკუთარი პოლიტიკური პროგრამის გამო, რადგან მის საქმიანობაში პოზიტივებიც არის, არამედ იმიტომ, რომ თავი დაგვანახვა როგორც ამორალურმა ადამიანმა.” მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელ მამუკა კაციტაძეს მიაჩნია, რომ ლომაიას გადაყენების საკითხი გაცილებით ადრე უნდა დამდგარიყო. ასევე ოპოზიციონერი დეპუტატი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი კი ”რეზონანსს” უცხადებს: ”ლომაია არ არის დამნაშავე იმაში, რომ მეცნიერებათა აკადემიის სისტემა მოძველდა და რეფორმა სჭირდება. ის რეფორმის მოთხოვნაში მართალია და მეცნიერებიც მართალნი არიან. ვინც არ არის მართალი, ეს ის ხალხია, ვინც მეცნიერებათა აკადემიის რეფორმასთან ერთად მეცნიერთა დისკრედიტაციას მიჰყო ხელი”, - ასეთი გახლავთ ლევან ბერძენიშვილის მოსაზრება, რომელიც მან ”რეზონანსს” გაუზიარა.

”აზერბაიჯანში რევოლუცია ჩაიშალა”, - ასე ეხმაურება ”ახალი თაობა” გუშინდელ მოვლენებს და წერს: ”ილჰამ ალიევი იმპორტირებად რევოლუციას მომზადებული შეხვდა. მან იცოდა, რომ აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპაში ჯორჯ სოროსის სტრუქტურების ბაზაზე მზადდებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების დამხობის გეგმა და ამიტომაც მუდმივ კონტროლში ჰყავდა ის ადამიანები, რომლებიც სოროსთან კონტაქტში შეინიშნებოდნენ.” - ”ახალი თაობის” ჟურნალისტი განაგრძობს: ”საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ თბილისი მაქსიმალურად გაერიდა რასულ გულიევთან კონტაქტს და უარი თქვა საქართველოს ტერიტორიაზე მიეღო მისი თვითმფრინავი, რომელიც სიმფეროპოლიდან უნდა გამოფრენილიყო. შეგახსენებთ, რომ, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი არამკითხე აქტივისტის დამსახურებით, ოფიციალურ ბაქოს გაუჩნდა ეჭვები, რომ თბილისი აფინანსებდა და ამზადებდა აზერბაიჯანის ოპოზიციას ილჰამ ალიევის ჩამოსაგდებად”, - წერს ”ახალი თაობა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG