Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იქნება საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი


საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ 2006 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა დაიწყო. 19 ოქტომბერს მომავალი წლის საფინანსო კანონის შესახებ გარემოს დაცვის,

იურიდიულ საკითხთა, ეკონომიკური პოლიტიკის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებში იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2 მილიარდ 910 მილიონი ლარით, ხოლო ხარჯები 3 მილიარდ 149 მილიონი ლარით განისაზღვრა. რას ფიქრობენ ამ მაჩვენებლების შესახებ პარლამენტის წევრები და როგორია მათი დამოკიდებულება ბიუჯეტის სხვა პარამეტრების მიმართ?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაანგარიშებით, მომავალ წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 12,9 მილიარდი ლარი იქნება და ეს მიმდინარე წლის მაჩვენებელს 7.5 პროცენტით აღემატება. ბიუჯეტის ზრდა წინა წელთან შედარებით კი გაცილებით მაღალია და ის თითქმის 12 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მმართველი პარტიის საპარლამენტო ლიდერებიც კი შენიშვნებს გამოთქვამენ ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯების მიმართ. თვალსაჩინოებისთვის ნიკა გვარამიას განცხადებას მოვუსმინოთ:

[ნიკა გვარამიას ხმა] ”სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით რაზეც მე მქონდა შენიშვნები, ახლა ნამდვილად არ შეიძლება არ დავინახოთ, რომ 250 პროცენტით გაზრდილია ეს დაფინანსება, მაგრამ მაინც არასაკმარისია და სადღაც 5,7 მილიონიან ზრდას საჭიროებს, ჩვენი მოსაზრებით.”(სტილი დაცულია)

დეპუტატები ასევე მოითხოვენ პარლამენტის დაფინანსების, რეგიონული ტრანსფერების თუ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დავალიანებათა, ასევე კიდევ ბევრი სხვა სფეროს დაფინანსების გაზრდას. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, სულ სხვა მიმართულებების ხარჯები იზრდება. მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავია თავდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის მოცულობა. თუ რამდენს შეადგენს ეს თანხა, ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებიდან ჩანს:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”გამოყოფილი არის 392 მილიონი ლარი თავდაცვის სამინისტროსთვის. დაფინანსების მოცულობა აჭარბებს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს, რაც ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობაა.”

ლექსო ალექსიშვილს არაფერი უთქვამს, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა “ახალი მემარჯვენეებიდან”, ირაკლი იაშვილმა, შეახსენა, რომ ბიუჯეტის პროექტში არ არის დასაბუთებული ხარჯების მიზნობრიობა. აი, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ხარჯვით ნაწილში სამივლინებო თანხები 24 მილიონი ლარითაა გაზრდილი და თუ რატომ, არავინ იცის. ირაკლი იაშვილს ბევრი სხვა რამეც არ მოსწონს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში, მაგრამ მინისტრისთვის კითხვების დასმისაგან თავი შეიკავა:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”25 მილიონიანი სამივლინებო ხარჯი ნიშნავს, მთელი კონტინგენტი აიყვანო და სხვაგან გადაიყვანო. ომს ხო არ ვიწყებთ სადმე?! ძალიან გაუგებარი ციფრებია. ამას რომ დაუსვამ კითხვას, მერე პასუხს ვერ გაძლევს, იმიტომ რომ არ იცის არგუმენტი. არიან ძლიერი მინისტრები, რომელთა მოწოდებულ ციფრებს ეს ითვალისწინებს და წერს ბიუჯეტში.”(სტილი დაცულია)

ირაკლი იაშვილისგან განსხვავებით, უფრო დელიკატურია საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნა, თუმცა ისიც მკაცრად აფასებს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2006 წლის ბიუჯეტის პროექტს. პალატის დასკვნაში წერია, რომ პროექტი ბევრ რამეში ეწინააღმდეგება საბიუჯეტო სისტემათა კანონის სხვადასხვა მუხლს.
XS
SM
MD
LG