Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიაფდება თუ არა მობილური კავშირი საქართველოში


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სატელეფონო კომუნიკაციების ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციის გამო საქართველოში საერთაშორისო სატელეფონო კავშირის ტარიფი პერმანენტულად იაფდება.

თუმცა ეს პროცესი ნაკლებად ეხება მობილური კავშირის სფეროს, რომლის ბაზარი, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მონოპოლიზებულია. თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში, ამ სფეროში ახალი კომპანიების გამოჩენის კვალობაზე, მობილური ტელეფონით სარგებლობა გაიაფდება. რა ხდება ქართულ სატელეკომუნიკაციო სივრცეში?

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო კავშირის ოპერატორები თითქმის ყოველთვიურად თავიანთი სატელეფონო საუბრების გაიაფების თაობაზე აკეთებენ განაცხადს. ამ ბაზარზე არსებული კონკურენციით კი, საბოლოოდ, მომხმარებელი სარგებლობს, რომელსაც შეუდარებლად იაფად შეუძლია მსოფლიოს სხვადახვა კუთხესთან დაკავშირება. მაშინ როდესაც ავსტრალიასთან ან ამერიკასთან 1 წუთი საუბარი 15 თეთრი შეიძლება დაგიჯდეთ, მობილურ ტელეფონზე საქართველოდან საქართველოში განხორციელებული ზარი 28,8 თეთრი ღირს. ამ, ერთი შეხედვით, ალოგიკურ მდგომარეობასაც მარტივი ახსნა აქვს: მობილური კავშირის ბაზარზე დღეს მხოლოდ ორი კომპანია - ”მაგთიკომი” და ”ჯეოსელი” - მუშაობს, რომელთა შორის მომხმარებელი თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული. ანუ კონკურენციის ხარისხი განუზომლად დაბალია, ვიდრე საერთაშორისო სატელეფონო ოპერატორების შემთხვევაში. სხვათა შორის, არაკონკურენტულ გარემოსა და ბაზრის მონოპოლიზებაში ამ ორი კომპანიის მიმართ ბრალდებები შიგადაშიგ საპარლამენტო კულუარებშიც გაისმის, სადაც მიაჩნიათ, რომ, ფორმალური კონკურენციის მიუხედავად, არ არის გამორიცხული, ოპერატორებს შორის ტარიფთან დაკავშირებით ფარული შეთანხმება არსებობდეს. ამგვარი შეთანხმების არსებობას კატეგორიულად უარყოფენ როგორც ”მაგთის”, ისე ”ჯეოსელის” წარმომადგენლები. რაც შეეხება ტარიფს, ამ კომპანიებში აცხადებენ, რომ საქართველოში მოქმედი ფასები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია აღმოსავლეთ ევროპაში.

არავითარ ფარულ გარიგებაზე არ არის საუბარი კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. სამაგიეროდ, გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში მობილური კავშირის დარჩენილ სიხშირეებზე ტენდერის გამოცხადება იგეგმება და, კონკურენციის გაზრდის მიზეზით, ამ ტენდერში, შესაძლოა, არსებულ ოპერატორებს, ანუ ”მაგთისა” და ”ჯეოსელს”, მონაწილეობის უფლება აეკრძალოთ. ამან კი, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილის აზრით, ტარიფების დაწევა უნდა გამოიწვიოს:

[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] ”რამდენიმე თვეში ჩვენ ვგეგმავთ კიდევ ერთ ტენდერს მობილური კავშირგაბმულობის სიხშირის გასაცემად და, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სავარაუდოდ, ამ ტენდერში მონაწილეობას უკვე არსებული კომპანიები ვეღარ მიიღებენ. ასე რომ, პერსპექტივა იმისა, რომ ეს ბაზარი თანდათანობით გაჯერდება, საკმაოდ დიდია.”
თავის მხრივ, მობილური კავშირის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და შემოსავლიანია საქართველოში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ამ სფეროს შემოსავალმა 2004 წელს 355 მილიონი ლარი შეადგინა. ეს მოცულობა წინა წლის მაჩვენებლებს 34%-ით აღემატება, ხოლო 2000 წლისას 3-ჯერ სჭარბობს. საინტერესოა, რომ მობილური კავშირით მომსახურების სფეროზე გასულ წელს საკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლების 63% მოდიოდა.
შესაბამისად, ამ ბაზარზე შემოსვლის სურვილი, წესით, ბევრ სოლიდურ ოპერატორს უნდა ჰქონდეს და თუ უკვე არსებულ კომპანიებს ახალი სიხშირეების ფლობა აეკრძალებათ, შესაძლოა, კონკურენცია ამ სფეროში, მართლაც, გაიზარდოს და მობილური ტელეფონით სარგებლობა მომხმარებლისათვის, საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მსგავსად, გაცილებით იაფი გახდეს. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც: მობილურ კავშირგაბმულობაზე ყველა ხარისხიანი სიხშირე უკვე „მაგთისა“ და „ჯეოსელს“ აქვთ გადანაწილებული; შესაბამისად, ნებისმიერი ახალი ოპერატორისათვის ამ ორ კომპანიასთან ჭიდილი იოლი არ იქნება.
XS
SM
MD
LG