Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეელევიან თუ არა თბილისელები დავით აღმაშენებლის ძეგლს?


შეელევიან თუ არა თბილისელები დავით აღმაშენებლის ძეგლს? ძეგლს, რომელიც ხუთი-ექვსი წელია რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო ივერიის წინ, დგას,

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, გადაიტანენ. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ქართველი მეფის ბრინჯაოს ქანდაკება უკვე მოაქციეს ხარაჩოებში, თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, ძეგლის გადატანას, სულ ცოტა, ორი კვირა მაინც დასჭირდება. ტექნიკური სირთულის გარდა, მერიის ინიციატივის ხორცშესხმას საკითხისადმი თბილისელთა უარყოფითი დამოკიდებულებაც აფერხებს. რას უპირებენ დავით აღმაშენებლის ძეგლს და რას ფიქრობენ თბილისელები ძეგლის გადატანის თაობაზე?

ძეგლის დედაქალაქის გარეუბანში გადატანის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ყაზახმა ინვესტორებმა სასტუმრო „ივერიისა“ და რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს. თბილისის ყოფილი მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი იხსენებს:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „ძეგლს რაც შეეხება, ამ საკითხზე მაშინ ჩვენ არ ჩამოვყალიბებულვართ, ანუ დეტალებამდე არ დავსულვართ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის ჯგუფი, რომელიც ფლობს სასტუმრო „ივერიას“ და შემოგვთავაზებს კიდევაც მას განახლებულ ფორმაში, ბუნებრივია, ის მუშაობდა რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციაზე და საბოლოო პროდუქტი მაშინ წარმოდგენილი არ იყო. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ეხლა უკვე არის.“ (სტილი დაცულია)

ძეგლის გადატანის წინააღმდეგია მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, რომელმაც ცხენზე ამხედრებული მეფის ბრინჯაოს ქანდაკების შექმნას არაერთი წელი შეალია. მერაბ ბერძენიშვილის პოზიციას თბილისელების დიდი ნაწილი იზიარებს, თუმცა შეხვდებით განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებსაც:

[მამაკაცის ხმა] „ერთ რამეს გეტყვით: თაობები შეეწირა, რომ დავით აღმაშენებელი თბილისში შემობრძანებულიყო. როგორც იქნა, გვეღირსა და ახლა იქით გადააქვთ, კაცო? არ არის სწორი!“

[მამაკაცის ხმა] „ის დაშავდება, რომ ეს არის წმინდათაწმინდა ადამიანი, რომელსაც სასოებით უნდა ვეფერებოდეთ. შვილები უნდა მოგვყავდეს აქ, შვილიშვილებს უნდა მოვუყვეთ, თუ რა დიდი მეფე იყო დავით აღმაშენებელი. ამ დროს კი ჩვენ რას ვაკეთებთ - ვმალავთ? არ გვაქვს ამის უფლება!“

[ქალის ხმა] „უნდა სპეციალისტმა გადაწყვიტოს, როგორი იქნება „ივერიის“ შენობა რეკონსტრუქციის შემდეგ და მოუხდება თუ არა ეს ძეგლი მას. თუმცა ადგილი უნდა იყოს სწორად შერჩეული, რომ არ შეილახოს არც ძეგლის, არც ავტორის და არც არავის ინტერესები.“

ხომ არ ირღვევა ძეგლის გადატანით მოქანდაკის, როგორც ავტორის, უფლებები? ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მთავარი იურისტი გიორგი კვინცაძე განმარტავს, რომ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის თანახმად, ავტორი, სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ ქონებრივ უფლებას თმობს.

[გიორგი კვინცაძის ხმა] "უფლებები არის ორი სახის. არის არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები. გადადის მხოლოდ ქონებრივი უფლებები. არაქონებრივ უფლებებში, რომელიც არავისზე არ გადადის და მუდმივად რჩება ავტორს, შედის ერთი ასეთი პუნქტი: უფლება აქვს დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია.“

კულტურის სამინისტრო ძეგლის გადატანას არ ეწინააღმდეგება. მინისტრი გიორგი გაბაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს სრული უფლება აქვს მიზანშეწონილების მიხედვით გადააადგილოს ან ადგილზე დატოვოს ძეგლი:
[გიორგი გაბაშვილის ხმა] „მუნიციპალიტეტს აქვს უფლება გადაწყვეტილების მიღებისა. მუნიციპალიტეტს არასახუმარო თანხა აქვს გადახდილი ამ ძეგლის დადგმაში და მისი უფლება არის ძეგლის სხვა ადგილას გადატანა. ბუნებრივია, ძეგლის იერსახის შეცვლა შეთანხმებული უნდა იყოს ავტორთან, მაგრამ იერსახის შეცვლაზე საუბარი არ არის. აქ საუბარია ადგილის გამოცვლაზე, რისი სრული უფლებაც ქალაქის მერიას აქვს.“

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ძეგლის გადატანას, სულ ცოტა, ორი კვირა მაინც დასჭირდება, თუმცა, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ჩარევის შემთხვევაში, შესაძლოა, ძეგლის ადგილიდან დაძვრაც კი გაჭირდეს. საქმე ის არის, რომ კვარცხლბეკის ხარაჩოებში ჩასმის შემდეგ მოძრაობა "წინ, საქართველოს" წარმომადგენლებმა ძეგლთან სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG