Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს საქართველოსთვის ზამთრის დროზე არგადასვლა?


ხვალ, 30 ოქტომბერს, გვიან ღამით, ევროპის ქვეყნები ზამთრის დროზე გადადიან. ამგვარადვე მოიქცევიან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოებიც,

თუმცა არა ყველა. სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სამსახურში არსებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის დრო შენარჩუნებული იქნება ყირგიზეთსა და საქართველოში. საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის საგანგებო ბრძანების პროექტი 13 ოქტომბრის სხდომაზე მოიწონა. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ზაფხულის დრო უკეთ შეესაბამება საქართველოს მოსახლეობის ბიორიტმს. ეს იმ იშვიათ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, როცა მთავრობისა და მოსახლეობის მოსაზრებები, ძირითადად, ემთხვევა ერთმანეთს.

[მოქალაქის ხმა] “მე მგონია, რომ კარგია, რომ არ გადადის, იმიტომ რომ ძალიან მალე ღამდებოდა. ჯობია, რომ დარჩეს ის დრო, რომელიც ახლა არის. როცა შარშან გადავიდა სხვა დროზე, მაშინ ძალიან ბევრი პრობლემა წარმოიშვა. და, ამის გარდა, მე მგონი, ელექტროენერგიის უფრო მეტი ხარჯიც გამოიწვია. ამიტომ ჯობია დარჩეს ისე, როგორც არის.“

ისე, როგორც არის, ეტყობა, ბევრი ფაქტორის გამოა მისაღები საქართველოს მოსახლეობისათვის – ისე, როგორც არის, გარკვეულწილად იმასაც ააშკარავებს, რომ, სურვილის მიუხედავად, ქართველები ევროპელები არ არიან. საქართველოში გვიან იღვიძებენ, გვიან იწყებენ სწავლასა და საქმიანობას, ღამით გვიანობამდე რჩებიან წვეულებებზე, ტელევიზორებისა და კონოთეატრების ეკრანებთან და ასე შემდეგ. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტმა და მთავრობამ ქვეყნის ცხოვრების წესით უფრო იხელმძღვანელეს, ვიდრე ელექტროენერგიის ეკონომიურად ხარჯვის ინტერესით, რაც, თავისთავად, რასაკვირველია, დასაძრახი არ არის, რომ არა ერთი გარემოება:

[მოქალაქის ხმა] “საერთოდ, არის ელექტროენერგია? რა მნიშვნელობა აქვს?“

ზაფხულის დროის შენარჩუნების მნიშვნელობის განმარტება სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სახელმწიფო სამსახურის უფროსს ნოდარ ხატიაშვილს ვთხოვეთ.

[ნოდარ ხატიაშვილის ხმა]“ჩვენ, აი, მენტალიტეტით რომ მოვდივართ, რომ 9–10 საათია ჩამოყალიბებული ჩვენთან, რომ ამ დროს ვიწყებთ მუშაობას. თუ ეს მენტალიტეტი შევინარჩუნეთ და არ გადავედით, დავუშვათ, 7–8 საათზე სამუშაოს დაწყებაზე, მაშინ, ალბათ, უპრიანია ამ დროის შენარჩუნება, მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ, მოდით, მუშაობა დავიწყოთ 7–8 საათზე, მაშინ, რა თქმა უნდა, უპრიანი იქნებოდა დროის გადაწევა უკან ერთი საათით, რომ გამოგვეყენებინა დილით, ასე ვთქვათ, ნათელი დრო და დაგვემთავრებინა ადრე სამუშაო, რომ სიბნელეში არ წავსულიყავით სახლში. მე მგონი, რომ ცხოვრება და ჩვენი რიტმი ცხოვრების გვაჩვენებს, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება.“ (სტილი დაცულია)

საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სახელმწიფო სამსახურმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებსა და ლონდონის ავიამიმოსვლების ოფისს. საქართველო ზაფხულის დროზე დარჩა. ეს დრო ქვეყნის გეოგრაფიულ დროს ისედაც ერთი საათით უსწრებს, თუმცა სამი საათით ჩამორჩება ევროპას.

[ელენე თევდორაძის ხმა] “მე მახსოვს, როცა დავიწყე სიარული ევროპაში, 4 საათი იყო განსხვავება, მერე გახდა 2. ორი იყო კომფორტული დრო, შედარებით, ის ორსაათიანი განსხვავება, და მე ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთი საათი დაგვემატება.“

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ელენე თევდორაძე მიიჩნევს, რომ დროითი სხვაობის სეზონური ცვლილება, თუ შეიძლება ასე ითქვას, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარებას ხელს არ შეუშლის. ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამიერიდან საქართველოში სულ ზაფხულის დრო იქნება.
XS
SM
MD
LG