Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკის მინისტრი ენერგეტიკულად ”უზრუნველ” ზამთარს გვპირდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველო დსთ-ს ქვეყნების ენერგეტიკული საბჭოს ყრილობას პირველად მასპინძლობს. ენერგეტიკის მინისტრს, ასევე პირველად, საშუალება აქვს კოლეგებთან მიღწევებით

თავი მოიწონოს. ნიკა გილაურის განცხადებით, ენერგოსისტემა წლევანდელ ზამთარს ყველანაირად მომზადებული ხვდება. გამომუშავებული და იმპორტირებული ელექტროენერგია საქართველოს მოთხოვნას მთლიანად დააკმაყოფილებს, რაც, მინისტრის მტკიცებით, იმას ნიშნავს, რომ ენერგოკრიზისი აღარ გვემუქრება, თუ, რა თქმა უნდა, სისტემაში ავარიები არ მოხდა. როგორ მოემზადნენ ენერგეტიკოსები ზამთრისათვის?

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური თბილისში პირველად გამართულ დსთ-ს ქვეყნების ენერგეტიკული საბჭოს 28-ე ყრილობაზე თავის კოლეგებთან თავს იწონებს და წელს ენერგოსისტემაში განხორციელებულ სამუშაოებს ”გარღვევად” აფასებს. გილაურის განცხადებით, წლის ბოლოდან საქართველოს ენერგოსისტემას, პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ექნება ის სიმძლავრეები, რომელიც საქართველოს მოთხოვნას აღემატება:

[ნიკა გილაურის ხმა] “სიმძლავრეები გვაქვს ახლა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე გვჭირდება, მაგრამ ავარიებისგან არავინ არ არის დაზღვეული. ის სამუშაოები, რაც შეიძლებოდა, თეორიულადაც კი, განხორციელებულიყო ენერგოსისტემაში, განხორციელდა ამ თვეების განმავლობაში და ეს სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, თუმცა მდგრადობა სისტემისა არ არის, რა თქმა უნდა, სასურველი.”

ენერგეტიკულად ”უზრუნველი” ზამთრის დაპირების მიუხედავად, გილაური დასაშვებად მიიჩნევს, რომ პრობლემა შექმნას ენერგოსისტემის არასტაბილურობამ. ამის დასტურად, მინისტრს ორი დღის წინ ნავთლუღის ქვესადგურში მომხდარი ავარიის მაგალითი მოჰყავს, რომლის შედეგადაც ენერგომიწოდება გარკვეული დროით შეუწყდა თბილისის გარეუბნებს.

როგორ შეძლო ენერგეტიკის სამინისტრომ სისტემაში წლობით არსებული პრობლემის მოგვარება?

გილაურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ენერგოსექტორს 194 მილიონი ლარი გამოეყო, საიდანაც 60 მილიონი ენერგოობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდა. შედეგად, ადგილობრივი გენერაციის სიმძლავრე 300 მვტ-ით გაიზარდა. ამ სიმძლავრეებს დაემატა 110 მვტ სიმძლავრის ორი აირტურბინა, რომლებიც ქვეყნის ენერგოსისტემას მომავალი წლის იანვარში მიუერთდება.

ამ დღეებში კი, რამდენიმე თვის შეჩერების შემდეგ, მუშაობა განაახლა 500 კილოვოლტიანი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზმა „კავკასიონმა“, რომლის მეშვეობითაც რუსეთიდან იმპორტი ხორციელდება. „კავკასიონის” აღდგენის შესახებ დსთ-ს ენერგეტიკული საბჭოს სხდომაზე ”რაო ეესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ჩუბაისიც საუბრობდა, რომელიც ვარაუდობს, რომ მისი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ”თელასს” ზამთარში თბილისის ელექტროენერგიის მომარაგებაში პრობლემა აღარ შეექმნება:
[ანატოლი ჩუბაისის ხმა] “ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ამ დღეებში გადაწყდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის, “კავკასიონის”, აღდგენის ურთულესი საკითხი. ეს 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი რუსეთისა და საქართველოს ენერგოსისტემებს აკავშირებს. ეს კავშირი აღდგა, რაც იმის გარანტიაა, რომ ამ ზამთარს სინათლესთან დაკაშირებით თბილისს პრობლემა არ ექნება.”
„კავკასიონის“ აღდგენამ საქართველოს ენერგოსისტემას „ენგურჰესზე“ წყლის დონის შენარჩუნების საშუალება მისცა. ამასთან, რუსეთიდან იმპორტის დაწყების შემდეგ „თელასმა“ აზერბაიჯანიდან 2 კვირის წინ დაწყებული ელექტროენერგიის მოწოდება შეწყვიტა. ცოტა ხანში ასევე დაგეგმილია ადგილობრივი დამატებითი სიმძლავრეების ამოქმედება, რაც საშუალებას მისცემს ენერგეტიკოსებს იმპორტზე საერთოდ თქვან უარი. იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკოსების მონდომებას სისტემის არასტაბილურობამ არ შეუშალა ხელი, ნიკა გილაურის დაპირებით, წელს უპრეცედენტოდ ”უპრობლემო ზამთარი” გვექნება.
XS
SM
MD
LG